რა უნდა გაითვალისწინოთ თუ შესაძენი მშენებარე ბინა ბანკის კრედიტით შენდება

  • M2B
  • 2 ივნისი 16:13, 2018 წელი

„მენაშენეთა ასოციაცია“ მომხმარებლებს ბინის შეძენისთვის საჭირო რეკომენდაციებს აძლევს, რომლებიც მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

მენაშენეების თქმით, ბინის შეძენისას უამრავი წვრილმანისა და ფუნდამენტური საკითხის გათვალისწინებაა საჭირო, რათა მომხმარებელმა ზუსტად ის მიიღოს, რაშიც ფულის გადახდას აპირებს.


რეკომენდაცია #6 – სწორად გააფორმეთ დოკუმენტები:


• მოითხოვეთ და ნახეთ კომპანიის საჯარო რეესტრის ამონაწერი მიწაზე – ამონაწერის არარსებობა დეველოპერის სახელზე გამორიცხავს ამ მიწაზე მშენებლობის წარმოების უფლებას;


• იკითხეთ, შენდება თუ არა სახლი ბანკის კრედიტით – გადაამოწმეთ ბინა/მიწა ხომ არ არის დატვირთული იპოთეკით ბანკის სასარგებლოდ. თუ მიწა დატვირთულია იპოთეკით, მოითხოვეთ ბანკის მიერ ბლანკზე დაწერილი ოფიციალური წერილი, სადაც ნათლად ეწერება, რომ თქვენ მიერ ბინის საფასურის გადახდის შემდეგ, ბანკის იპოთეკა მოიხსნება უშუალოდ თქვენს ბინაზე;


• მოითხოვეთ და ნახეთ სახლის საჯარო რეესტრის ამონაწერი, თუ სახლი დასრულებულია;


• შემოთავაზებული ჩაბარების კონდიცია დააფიქსირეთ ხელშეკრულებით – ჩაბარების ყველა პირობა, რომელიც გაყიდვების მენეჯერმა საუბრისას შემოგთავაზათ, უნდა დაფიქსირდეს ხელშეკრულებაში. ასევე, უმჯობესია, ხელშეკრულებაში აისახოს ყველა ზეპირსიტყვიერი დაპირება;


• მოიკითხეთ, აქვს თუ არა კომპანიას სახლის ფასადის დაცვის ხელშეკრულება. თუ არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში სახლი დამახიჯდება (ვინაიდან აუცილებლად დაიწყება სახლის იერსახის კორექტირება – მიშენება/მოშენებები) და მისი ღირებულება დაეცემა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიაში არსებობდეს ასეთი ხელშეკრულება და თითოეულ მომხმარებელთან ფორმდებოდეს ის. ფასადის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით თავს იზღვევთ მომავალში სახლის გარეგანი დამახინჯებისგან. სახლის ფასადის დამახინჯება ამცირებს თქვენი ბინის ღირებულებას;


• არ გადაიხადოთ ბინის ღირებულების თანხა ხელზე. აუცილებელია, რომ ანგარიშსწორება მოხდეს ბანკში.


მენაშენეთა პირველი ხუთი რეკომენდაცია სამშენებლო კომპანიისა და ბინის სწორად შერჩევის, მშენებლობის ხარისხში გარკვევის, საცხოვრებელი გარემოს სწორად შერჩევისა და ფინანსების სწორად დათვლის საკითხებს ეხებოდა.


„მენაშენეთა ასოციაცია“ მომხმარებლებს, სულ, 8 რეკომენდაციას აძლევს, რომლებიც სასურველია, ბინის შეძენისა და შემდგომი სარგებლობისას გაითვალისწინონ. მენაშენეთა რეკომენდაციებს M2B ეტაპობრივად გაგაცნობთ.

სრული ვერსიის ნახვა M2B