“შვილებთან კონტაქტი 7 წელია არ მქონია, მაბრალებენ, რომ ვიღაცას საყვარელი წავართვი”

  • სარკე
  • 31 მაისი 11:00, 2018 წელი

მომღერალი მარკუს მეტრეველი საბერძნეთიდან საქართველოში 10 წლის წინ დაბრუნდა.

დღეს ამ ნაბიჯს შეცდომად მიიჩნევს. გულახდილად გვითხრა, ორ რაღაცას ვნანობო – ერთი ის, რომ ნაადრევად დაბრუნდა საქართველოში. მეორე და ყველაზე დიდი სინანული კი შვილებს უკავშირდება, რადგან ისინი მამის გარეშე იზრდებიან. მომღერალმა ყოფილ ცოლთან ვერა და ვერ დაალაგა ურთიერთობა, შვილების ნახვის საშუალება ისევ არ აქვს.


გთვაზობთ  მარკუს მეტრეველის ინტერვიუს ამონარიდს ჟურნალ "სარკესთან". 


თქვენ სიყვარულით შექმენით ოჯახი?


– ის ქალბატონი იყო ჩემი მეგობარი. ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა, თუმცა ეს იმ ასაკში არ მოხდა, რომ სრულფასოვან ოჯახად ვქცეულიყავით. ეს ჩემი არჩევანი არ იყო. მინდოდა, ჩემს შვილებს ჰყოლოდათ მამა, ავიღე ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ბოლომდე მივყევი, სანამ არ დაინგრა.


– დღეს გიყვართ ვინმე?


– არ მინდა, ამ ურთიერთობას სერიოზული დატვირთვა მივცე, მაგრამ არის გრძნობა.


– როცა გიყვართ, როგორი ხართ?


– არანორმალური, ფანტასტიკური. მეტყობა, როცა მიყვარს, სიყვარულს ვაფრქვევ.


– ახლა სათვალე გიკეთიათ და ვერაფერს გამჩნევთ.


– ამიტომაც მიკეთია სათვალე, რომ ვერაფერი შემამჩნიონ, ამით ბევრ რამეს ვმალავ.


– ბევრი უსამართლო ჭორი გაგიგიათ საკუთარ თავზე?


– ძალიან…


– მაგალითად?


– თუნდაც პირად ცხოვრებაზე, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს. ბევრ რამეს მაბრალებენ. მე ვარ ადამიანი, რომელიც არასდროს არავის გამოვეკიდები. ჩემი სიმართლით ვცხოვრობ და არასდროს დავიწყებ ახსნა-განმარტებებს.


– რას გაბრალებენ?


– რომ ვიღაცას საყვარელი წავართვი და ასეთი სისულელეები.


– ჭორები პოპულარობის თანმდევია. ამისთვის მზად არ იყავით?


– როცა ამ გზას ვირჩევდი, ჩემმა მასწავლებელმა, ჯული მაზინომ, მკითხა, მზად ხარ იმ ტვირთის ასატანად, რაც შოუბიზნესს ახლავს თანო. თამამად ვუპასუხე, რა თქმა უნდა-მეთქი. ეს ყველაფერი კარაქიანი პური მეგონა, მერე ბევრჯერ წავიქეცი, მაგრამ ღირსეულად წამოვდექი.


– რას ნანობთ?


– ორ რამეს ვნანობ: არ უნდა მეჩქარა საქართველოში დაბრუნება – 20 წელი ვიცხოვრე საქართველოში და მეორე, ვნანობ იმ წლებს, რომლებიც ჩემმა შვილებმა გაატარეს ჩემ გარეშე. კარგი იქნებოდა, ჩემ გვერდით ყოფილიყვნენ, უფრო მეტს ისწავლიდნენ.


– რამეს დაამატებდით?


– ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. ვიყავი თქვენს იუბილეზე, ძალიან შთამბეჭდავი იყო. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მადლობას გიხდით, რომ ჩემით ინტერესდებით.

წყარო: სარკე