"ჩემი შვილი ქრისტეს და საქართველოს შეურაცხყოფას არავის აპატიებს"

  • რეზონანსი
  • 20 მაისი 21:27, 2018 წელი

"ჩემი შვილი ქართულ ოჯახში იზრდება, სადაც სამშობლოს და საქართველოს სიყვარულს ვასწავლით.… ჩემი შვილი ქრისტეს და საქართველოს შეურაცხყოფას არავის აპატიებს" - ასეთია ლგბტ აქტივისტზე მოძალადე 15 წლის ბიჭის დედის პოზიცია.

17 მაისს, თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, 2003 წელს დაბადებულმა სერგი კ.-მ ნიკა გორგილაძეს, რომელიც ანტიჰომოფობიურ შეკრებაზე სიტყვით გამოდიოდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


თავდაპრველად თავდამსხმელმა გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციამ ის რამდენიმე მეტრში დააკავა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი, რომელიც ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდა, ამჟამად დაკავებული არ არის, თუმცა როგორც გახარიას უწყებაში ამბობენ, ასაკი მას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.


ამჟამა 15 წლის სერგი კ.-ის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რაც შეეხება მისი გათავისუფლების მიზეზს, უწყებაში ამბობენ, რომ ამას არასრულწლოვანთა კოდექსი კრძალავს.


"ს.კ. პასუხს აგებს 126-ე მუხლით (ძალადობა) გათვალისწინებული სანქციების შესაბამისად. არ განიხილება არც მუხლის გადაკვალიფიცირება, არც რაიმე შემამსუბუქებელი ღონისძიება. ის დაისჯება კანონით გათვალისწინებული პროცედურებით" - ამბობენ სამინისტროში.


როგორც ადვოკატები აცხადებენ, სავარაუდოდ ეს იქნება ფულად ჯარიმა, რომლის ოდენობასაც სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.


15 წლის ბიჭის ოჯახის წევრების თქმით, სერგი მომხდარს არ ნანობს. მისი თანატოლები და კასელები სერგის ნამოქმედარს უქებენ და კომენტარებში უწერენ, რომ მან "მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი აასრულა", ამიტომ "გმირია".


სერგის დედა კი აცხადებს, რომ მისი შვილი ქრისტიანულ ოჯახში იზდება და ვერასროდ შეეგუება "ქრისტეს და საქართველოს შეურაცხყოფას".


“ჩემი შვილი ქართულ ოჯახში იზრდება, სადაც სამშობლოსთვის თავდადებას ვასწავლით, სადაც სამაშობლოს და საქართველოს სიყვარულს ვასწავლით… ჩემი შვილი ქრისტიანია და ქრისტეს და საქართველოს შეურაცხყოფას არავის აპატიებს. ეგ არის უბედურება, რომ ვერ ხვდებიან, რის წინაშე დგას ერი. ჩვენ ბნელებს გვიწოდებენ. ვიქნები ბნელი და ჩამორჩენილი”, - დაწერა სერგის დედამ ფეისბუქზე.


როგორც არასრულწლოვანის ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, სერგის მუქარის შემცველ ტექსტებსაც უწერენ, რაც, მისი აზრით, რეალურია, რადგან ხელკეტებით შეიარაღებული 4 პირი სერგის სახლთან იყო მისული და მოზარდს ეძებდა. ადვოკატის თქმით, აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ მოკვლევა უკვე დაიწყო.


აღსანიშნავია, რომ სერგის უფლებებს ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად ინგა ბერიკაშვილი იცავს. იგი იმ ცნობილი ვიდეოს მთავარი პერსონაჟია, სადაც “ქართული ოცნების” ყრილობის დაწყებამდე, ბიძინა ივანიშვილს ჩახტუხებას სთხოვს. ივანიშვილი კი პასუხობს – “რა დროს მაგია, გოგო”.

წყარო: რეზონანსი