"ხანდახან არ მემღერება, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა"

  • სარკე
  • 16 მაისი 13:32, 2018 წელი

მომღერალი ლელა წურწუმია ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში  20 მაისს დაგეგმილ სოლო-კონცერტზე, პროექტ "მხოლოდ ქართულსა" და მის  შემოქმედებაზე საუბრობს. 

"ფილარმონიის დარბაზში ჩემი მესამე კონცერტი საიმიჯო იქნება. ამ ბოლო წლებში ასეთ კონცერტებს საიმიჯო დატვირთვა უფრო აქვს, ვიდრე კომერციული.  ეს იქნება სანახაობრივადაც ძალიან საინტერესო, იქნებიან მოცეკვავეები, ბენდი. შევასრულებ იმ სიმღერებს, რომლებიც მაყურებელს უყვარს, ოღონდ ოდნავ შეცვლილი სახით. ყოველი ახლებურად ნამღერი სიმღერა ყოველთვის ახლებურად აღიქმება.  ვიცეკვებ კიდეც, ვიმღერებ კიდეც. ძალიან კარგი და საინტერესო რამეების ნაზავი გამოვა. ყოველ შემთხვევაში, თავს არ ვზოგავ იმისთვის, რომ კიდევ ერთი, დასამახსოვრებელი კონცერტი იყოს, ისევე, როგორც წინა ორი. 


ფილარმონიის შევსება ბევრ მომღერალს არ გამოსდის, თქვენ კი უკვე მესამედ იწვევთ თქვენს მსმენელს დიდ საკონცერტო დარბაზში. რისი ნიშანია ეს? 


-ამას რამდენიმე სიტყვაში ვერ გეტყვით. კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე ძალიან ცოტა ბილეთი რომაა დარჩენილი, ეს უკვე ძალიან ბევრი რამის მომასწავებელია. მომღერალი, რომელიც დარბაზს ავსებს, აქტუალურია, საინტერესოა. შემთხვევით არაფერი ხდება, ეს ჩემი ძალიან დიდი  შრომის ნაწილი და ნაყოფია. შენი საქმე უნდა გიყვარდეს. ხანდახან ძალიან ვიღლები, ხანდახან შეიძლება არც მემღერება, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა და ხალხს თუ ჩემი ცხოვრების ეს ნაწილი მოსწონს და უყვარს, რატომაც არა? ვალდებული ვარ, ამ ადამიანებს პატივი ვცე. 

წყარო: სარკე