ივანიშვილი: ჩვენ არჩევანი დემოკრატიის სასარგებლოდ გავაკეთეთ და გადაჭრით ვთქვით, რომ ეკონომიკა უნდა დავაწიოთ დემოკრატიას და არა პირიქით

  • 11 მაისი 19:43, 2018 წელი

„ჩვენ არჩევანი დემოკრატიის სასარგებლოდ გავაკეთეთ და გადაჭრით ვთქვით, რომ ეკონომიკა უნდა დავაწიოთ დემოკრატიას და არა პირიქით.“

ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, თანამედროვე სახელმწიფო მართვის ტრადიციის არქონის კვალდაკვალ დაწყებულმა ქაოსმა უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია ქვეყანაში და სიღარიბე მასობრივ მოვლენად აქცია. დღემდე მწვავეა უმუშევრობის, ხოლო დასაქმებულთათვის არასაკმარისი ხელფასის, აგრეთვე პენსიების პრობლემა, - სამწუხაროდ ძვირდება ცხოვრება.


"ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ დღევანდელ საქართველოში პოლიტიკურ პრობლემებს მნიშვნელოვანწილად ქმნის ის, რომ ერთის მხრივ გვაქვს თითქმის ევროპული ხარისხის დემოკრატია, რასაც მეორეს მხრივ ბევრად ჩამორჩება ეკონომიკური განვითარების დონე. დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის ასეთი დისპროპორცია იმდენად უნიკალური მოვლენაა, რომ ძნელად თუ მოიძებნება რომელიმე სხვა ქვეყანა, სადაც ანალოგიური მდგომარეობაა. ტრადიციულ დემოკრატიებში ეკონომიკა და თავისუფლებები, როგორც წესი, ერთმანეთს ზრდიდნენ და ავსებდნენ.


ამ დისჰარმონიის აღმოფხვრა თანამედროვე საქართველოს უმთავრესი გამოწვევაა და ამ გზაზე, როგორ რთულ ამოცანადაც არ უნდა ჩანდეს ეს, ჩვენ არჩევანი დემოკრატიის სასარგებლოდ გავაკეთეთ და გადაჭრით ვთქვით, რომ ეკონომიკა უნდა დავაწიოთ დემოკრატიას და არა პირიქით. აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატიის მაღალი დონე და მუდმივად ვიზრუნოთ მის განვითარებაზე. დემოკრატია არის ჩვენი უპირობო არჩევანი, თუმცა, სწორედ ამ არჩევანისადმი ერთგულება გარკვეულწილად ზრდის ქვეყანაში პოლიტიკურ რისკებს, რადგან ავანტიურისტული ჯგუფები დესტრუქციული ქმედებებით იბრძვიან ძალაუფლებისთვის"- განაცხადა ივანიშვილმა.


მისივე თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ გლობალური ინფორმირებულობის ეპოქაში, სადაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ სრული საინფორმაციო თავისუფლებით და ხელმისაწვდომობით.


"ისინი, ამავე დროს, უვიზოდ მოგზაურობენ ევროპის და მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში და თვალნათლივ ხედავენ იქაური და აქაური ცხოვრების დონის შორის არსებულ უზარმაზარ ეკონომიკურ და სოციალურ კონტრასტს. განვითარებული ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი ხშირად 5-ჯერ და 10-ჯერ აღემატება ჩვენსას. ასეთ დროს, ცხადია, ბუნებრივად ჩნდება სურვილი, რომ საქართველოში ცხოვრების დონე ევროპულს გაუტოლდეს და ეს დაუყოვნებლივ, ან მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს.


არაფერია უცნაური და გაუგებარი იმაში, რომ ხალხს უკეთესად ცხოვრება სურს, მაგრამ უცნაური და გაუგებარი ისაა, რომ საქართველოში თითქმის ვერ ვნახავთ პოლიტიკოსს და ექსპერტს, ვინც სიმართლეს ეტყოდა და გასაგებად აუხსნიდა ადამიანებს, რომ ევროპას ასწლეულების განმავლობაში მრავალი ეკონომიკური და პოლიტიკური კატაკლიზმის გადატანა დასჭირდა, ვიდრე ცხოვრების დღევანდელ დონეს მიაღწევდა და რომ ბუნებაში ვერ იარსებებს ხელისუფლება, რომელიც შეძლებს ეკონომიკა წელიწადში ხუთი და ექვსი კი არა, არამედ ექვსასი პროცენტით გაზარდოს", - განაცხადა ივანიშვილმა.


პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი დღეს პარტიის მეხუთე ყრილობაზე აირჩიეს, რომელიც მთაწმინდაზე, „ანდერვილში“ გაიმართა.