პრემიერი: მინდა, წარმატება ვუსურვო ბატონ ბიძინას და “ქართული ოცნების” თითოეულ წევრს იმ დიდ საქმეში, რასაც ქვეყნისა და ხალხის სამსახური ჰქვია

  • 11 მაისი 19:22, 2018 წელი

მინდა, წარმატება ვუსურვო ბატონ ბიძინას და “ქართული ოცნების” თითოეულ წევრს იმ დიდ საქმეში, რასაც ქვეყნისა და ხალხის სამსახური ჰქვია,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ,,ოცნების" ყრილობაზე განაცხადა.

 


,,2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენმა გუნდმა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის, შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის და 2016 წლიდან ჩემი მეთაურობით, უმთავრეს პრიორიტეტად დავისახეთ ადამიანის ყველა ძირითადი უფლების დაცვა. სიტყვისა და გამოხატვის, არჩევანის თავისუფლება, სასამართლოსა და მედიის  თავისუფლება,  სიცოცხლისა და საკუთრების უფლება - დემოკრატიული სახელმწიფოს ამ ფუნდამენტური ღირებულებების განუხრელი დაცვა იყო და არის ჩვენი მმართველობის უმთავრესი მონაპოვარი.


დღეს ყრილობა ირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტისა და მისდამი ხალხის ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ განახლებული ენერგიით შეეჭიდება და გაუმკლავდება დღევანდელ გამოწვევებს. 


მინდა, წარმატება ვუსურვო ბატონ ბიძინას და ,,ქართული ოცნების" თითოეულ წევრს იმ დიდ საქმეში, რასაც ქვეყნისა და ხალხის სამსახური ჰქვია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ ყრილობაზე.