სად ქრება გარემოვაჭრეებისთვის ჩამორთმეული საქონელი?

  • რეზონანსი
  • 11 მაისი 12:25, 2018 წელი

გარევაჭრობის აკრძალვის შემდეგ ჯარიმების ოდენობა გაიზარდა, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომლისთვისაც ქუჩაში ვაჭრობა ერთადერთი შემოსავალია, კვლავ ძველ ადგილზე რჩება.

დაჯარიმების გარდა, გარემოვაჭრეები მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს მათი საქონლის მითვისებაში ადანაშაულებენ. 


ზედამხედველობის სამსახურში კი კონკრეტულ ფაქტზე არ საუბრობენ და მოვაჭრეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებენ. 


მეტროსადგურ "დელისთან" მყოფი გარემოვაჭრეები თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მუშაკებს დაცვის გარეშე მათი საქონლის მითვისებაში ადანაშაულებენ. მათ უფლებადამცველ ლაშა ჩხარტიშვილთან ერთად აქციაც გამართეს. 


მოვაჭრეები ამტკიცებენ, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა გუშინ დილით მათი კუთვნილი საქონელი წაიღეს. 


დახლებზე დაახლოებით 5 მოვაჭრის სხვადასხვა ტიპის პროდუქტი იყო დაწყობილი, თავად კი ადგილზე არ იმყოფებოდნენ, როდესაც ისინი მივიდნენ და ყოველგვარი პროცედურების დაცვის გარეშე მათი საქონლის კონფისკაცია მოახდინეს. 


ფაქტზე, რომელიც გუშინ "დელისთან" მოხდა არ საუბრობენ ზედამხედველობის სამსახურში.  მათ "რეზონანსთან" ყურადღება გაამახვილეს, რომ ჩამორთმეული საქონელი ხმარდება ქველმოქმედებას, ხოლო თავად გარემოვაჭრეებს კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდეს. 


 

წყარო: რეზონანსი