საქართველოს "ოქროს ხანის" მონეტები

  • რეზონანსი
  • 8 მაისი 23:58, 2018 წელი

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ფული ყველაზე უტყუარი დოკუმენტი და ისტორიული ძეგლია, რომელიც მოგვითხრობს მისი მოჭრის მომენტისთვის ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ.

ამ თვალსაზრისით ქართული ნუმიზმატიკის მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ არაერთი საინტერესო მასალა შემოგვინახა.


მიხეილ ბარათაშვილმა 1844 წელს პეტერბურგში რუსულ და ფრანგულ ენებზე გამოსცა შრომა "საქართველოს სამეფო ნუმიზმატიკური ფაქტები". ცნობილმა მკვლევარმა ადლერმა რომში გამოაქვეყნა პირველი ქართული მონეტა აღმოსავლურ მონეტებთან ერთად. ცნობილმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ საქართველოში მოგზაურობის დროს შეკრიბა დოკუმენტური მასალა ქართული მონეტების შესახებ და 1849 წელს პეტერბურგში გამოაქვეყნა. 1925 წელს ივანე ჯავახიშვილმა გამოსცა ნაშრომი "ქართული საფას-საზომთმცოდნეობა, ანუ ნუმიზმატიკა - მეტროლოგია". 1955 წელს ინგლისელმა მეცნიერმა დევიდ ლენგმა ნიუ იორკში გამოაქვეყნა მონოგრაფია ქართული ნუმიზმატიკის შესახებ.


აყველა ამ ნაშრომში ნათლად ჩანს როგორ იცვლებოდა საუკუნეების განმავლობაში ქართული მონეტის ფორმა, სტილი, წარწერები, რომელიც ხშირად ორენოვანი იყო: ქართულ-ბერძნული, ქართულ-არაბული, ქართულ-სპარსული; ასევე, გამოსახულებები, რომლებიც ამა თუ იმ ეპოქის მნიშვნელოვან მოვლენას ასახავდა.


მაგალითად, ქართული ნუმიზმატიკის ისტორიას შემორჩა მონეტა, რომელიც თამარ მეფის დავით სოსლანთან დაქორწინებას მიეძღვნა, ულამაზესი ჭრის ბაგრატოვანთა ღერბით დამშვენებული.


სწორედ თამარის მეფობის დროს მოჭრილი რამდენიმე მონეტის შესახებ გვინდა საინტერესო მასალა შევთავაზოთ მკითხველს დღევანდელ სტატიაში.


"საქართველოს ხანგრძლივ ისტორიასა და სხვათა ცხოვრებაშიც იშვიათი მოვლენა იყო იმ დროს, სხვაგანაც მაგალითი არ ყოფილა, რომ მეფედ და სახელმწიფოს მმართველად ქალი გამხდარიყოს", - წერდა ივანე ჯავახიშვილი.


მისი მეფობის დროს საქართველომ არა მარტო პოლიტიკურ ძლიერებას მიაღწია, არამედ ეკონომიკურადაც დიდი ცვლილებები მოხდა. რა თქმა უნდა, ქართული ფულიც იჭრებოდა, სპილენძისა, რადგან, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, იმ დროს მთელ ახლო აღმოსავლეთში ე.წ. "ვერცხლის კრიზისი" იყო.


როგორც ისტორიკოსი ირინა ჯალაღონია თავის ნაშრომში წერს, თამარის სახელი პირველად მეფე გიორგის ფულზე ჩანს თანამმართველად მისი გამოცხადების შემდეგ - 1178 წელს. მონეტა სპილენძისაა, სხვადასხვა ფორმისა და წონის. ხვეულების ვარდულში სხვადასხვაგვარად დაქარაგმებული ასომთავრული სახელი "თამარი" ვარდულის ბუდეებში. აგრეთვე ასომთავრულით "ადიდენ ღმერთმან მეფე და დედოფალი".


მონეტის მეორე მხარს, ანუ ზურგზე, ხვეულების ცენტრში ასომთავრულად - "გიორგი". მის გარშემო ასომთავრულითვე არის წარწერა "ადიდენ ღმერთმან მეფეთ მეფე".


მონეტაზე თამარის სახელის მოხსენიება პოლიტიკური მნიშვნელობის იყო. გიორგი მეფე ამით ხაზს უსვამდა ქალიშვილის კანონიერ უფლებებს ქვეყნის მმართველობის საქმეში.


http://www.resonancedaily.com/rubrics/rubs5/artc47069/a1525635102.jpg


"მამის გარდაცვალების შემდეგ თამარი საქართველოს სრულუფლებიანი მმართველი გახდა. ამ დროიდან ფულიც მისი სახელით იჭრებოდა. მონეტების ზედწერილები შესანიშნავად ასახავს თამარისა და ქვეყნის სიძლიერეს.


"თამარის მონეტის ერთ მხარეს, ანუ შუბლზე, ცენტრში, მხედრული ანბანით წერია თამარის სახელი, ირგვლივ ნასკვებიანი წნულია, გარშემოვლებული ხაზოვანი რკალით, გარშემოწერილი ასომთავრულად "სახელითა ღვთისათა იქნა ჭედაი ვერცხლისა ამის ქორონიკონსა ოცდაშვიდს".


"წარწერას მოსდევს წერტილოვანი რკალი. როგორც ჩანს, სპილენძისგან მოჭრილ ამ ფულს მაშინ ვერცხლის ფულის ფასი ჰქონდა.


"მეორე მხარეს, ცენტრში, ხუთსტრიქონიანი არაბული ზედწერილია: "დედოფალი დიდებული მშვენება ქვეყნის და სარწმუნოების თამარი ასული გიორგისა მესიის თაყვანისმცემელი. განადიდოს ღმერთმან ძლევანი მისნი", გარშემო არაბულადვე - "განადიდოს ღმერთმან დიდება მისი, განაგრძოს ჩრდილი მისი და განამტკიცოს კეთილდღეობა მისი".


"მეფის მედიდური ეპითეტები გადმოცემული არაბულად იმით აიხსნება, რომ არაბული ენა საერთაშორისო ენა იყო ქართველთა მეზობლებისთვის", - წერს ისტორიკოსი.


http://www.resonancedaily.com/rubrics/rubs5/artc47069/a1525635131.jpg


1200 წელს თამარისა და დავით სოსლანის სახელით მოჭრილი მონეტის ორივე მხარეს თამარისა და დავითის სახელები დაქარაგმებულია მთავრულად - "თამარი", "დავითი", კუთხეებში "ქორონიკონი 420", ანუ 1200 წელი. ზურგზე არაბული ოთხსტრიქონიანი ზედწერილით "დედოფალი დედოფალთა, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოების თამარი ასული გიორგისა". ეს მონეტა 6 გრამზე მეტს იწონის.


1210 წლიდან ლაშა გიორგის გამეფებასთან ერთად იწყება ახალი სახის მონეტების მოჭრა, სადაც მეფე თავს უწოდებს "გიორგი ძე თამარისა". შეცვლილი სახით იჭრებოდა რუსუდან დედოფლის ვერცხლის ფული, შემდეგ დემეტრე მეორის სპილენძის მონეტა და ბოლოს, 1310 წელს დემეტრე მეორის დროს გამოშვებული მონეტა.

წყარო: რეზონანსი