ნარკოგანგაში - შესაძლოა, ისეთი ნივთიერება შემოიტანეს, რომელიც აქამდე არ იყო ბრუნვაში"

  • რეზონანსი
  • 8 მაისი 10:25, 2018 წელი

2 კვირაში 10-მდე გარდაცვლილი - ქვეყანაში ნარკოვითარება რომ საგანგაშოა, ამას უმრავლესობის დეპუტატებიც აღიარებენ.

მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ გამოსავალი მხოლოდ დეკრიმინალიზაციაა, მეორე ნაწილი კი, პირიქით, ფიქრობს, რომ "განგაშის ზარებია შემოსაკრავი" და ზომები გასამკაცრებელი. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ანალიტიკოსების აზრით კი, ხელისუფლება მხოლოდ საუბრობს და ქმედით ნაბიჯებს არ დგმას, ამიტომ მომხდარზე პასუხისმგებლობას მთლიანად მას აკისრებენ.


პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის ინფორმაციით, ახალი ნარკოტიკული საშუალებები, რომელთაც ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა, მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ ვრცელდება.


ამავეს ამბობენ ნარკოლოგებიც, რომ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ახალგაზრდების სიკვდილს ძილში იწვევს, სავარაუდოდ, ოპიატებისა და ე.წ ენერგეტიკების ნაზავია. მათი თქმით, ადამიანები მას იღებენ როგორც ენერგეტიკულ საშუალებას, თუმცა მისგან მომდინარე შეგრძნებები, თავიდან ენერგიის მოზღვავება, შემდეგ ძილქუში და მოძრაობის უნარის შეზღუდვა, მათთვის უცნობია და ვერც კი აცნობიერებენ, რომ ამ ვითარებაში ძილი დამღუპველია.


პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ "ნარკოტიკი კლავს და დღეს, იმ სიტუაციაში, როდესაც ჯერ კიდევ უცნობი ნივთიერება შემოსულია ბაზარზე, კლავს არა წლების მერე, არამედ დაუყოვნებლივ, საათების განმავლობაში".


"ეს არის დიდი ტრაგედია და უზარმაზარი პრობლემა, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოს უდგას. ჩრდილოეთ ამერიკაში ათიათასობით სიკვდილი უკავშირდება ამ ახალ საშუალებებს, რომლებიც იმდენად ძლიერია, რომ ქვიშის მარცვლის ოდენობის პრეპარატმა შეიძლება ადამიანი მოკლას.


"ჩვენი ინფორმაციით, ეს პრეპარატები ვრცელდება სხვადასხვა დასახელების კლუბური თუ არაკლუბური მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ. შედეგად ბევრი ადამიანი, ვინც ინფორმაციას არ ფლობს, იღუპება და მომავალში კიდევ შეიძლება დაიღუპოს, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, არ გამოიყენოს ნარკოტიკული საშუალებები", - მოუწოდებს ზოიძე.


მისი თქმით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დისკუსია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მუშაობა რამდენიმე კვირაში დასრულდება.


"ცხოველი დისკუსია მიდის ამასთან დაკავშირებით. გაყოფილია აზრი. ასეთ პირობებში, როდესაც ადამიანები იღუპებიან ნარკოტიკული საშუალებებისგან, ეს იწვევს საზოგადოების იმ ნაწილის გააქტიურებას, რომელიც მოითხოვს, რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს დამოკიდებულება, მათ შორის მომხმარებელთა მიმართ.


"ამ ვითარებაში აუცილებელია, საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ. ალბათ რამდენიმე კვირაში შევძლებთ და დავასრულებთ მუშაობას იმ რეფორმაზე, რომელიც კონსენსუსის საფუძველზე შეიძლება დაინერგოს.


"ჩემი პირადი აზრით და, ასევე, იმ ბევრი ადამიანის აზრით, ვინც ამ მიმართულებას ემხრობა, მიგვაჩნია, რომ დეკრიმინალიზაცია არის გამოსავალი. უნდა შემცირდეს ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა, რაც შესაძლებელია პრევენციაში შესაბამისი თანხის ჩადებით", - განაცხადა ზოიძემ.


რაც შეეხება იმ ვერსიას, რომ ახალი ნარკოტიკის გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, რათა ლიბერალური ნარკოპოლიტიკის დანერგვას ხელი შეუშალოს, ზოიძე ამბობს, რომ კონსპირაციული თეორიების მომხრე არ არის, მაგრამ თუ ასეთი რამე ხდება, შს სამინისტროს გამოძიებისკენ მოუწოდებს.


"თუ ჩვენი ახალგაზრდების სიცოცხლე ღირს იმად, რომ ვიღაცამ რაღაც პრინციპები დაამტკიცოს, ასეთი ქმედების დახასიათებაც არ შემიძლია, რა შეიძლება ამას ეწოდოს", - დასძინა ზოიძემ.


"განგაშის ზარებია შემოსაკრავი", - მიიჩნევს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" დეპუტატი ეკა ბესელია და აცხადებს, რომ "ახალი ტიპის სიმპტომები სხვა ტიპის რეაგირების საფუძველს იძლევა".


"ბოლო დღეებია, თანმიმდევრობით ვისმენთ ტრაგიკულ ისტორიებს. ეს სიგნალი უნდა იყოს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასთან აქვს შეხება. მით უფრო, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ხდებოდეს ისეთი ნივთიერებების შემოტანა, რომელიც აქამდე არ იყო ბრუნვაში და არის სხვა ტიპის კომბინაცია.


"ნებისმიერ შემთხვევაში ეს ძალიან სახიფათოა სიცოცხლისათვის. ბუნებრივია, ამ მხრივ საჭიროა გამკაცრება რეაგირების თვალსაზრისით. ვმუშაობთ და ინტენსიურად ვართ ჩართული ნარკოპოლიტიკის შემუშავებაში, რათა შეიცვალოს მიდგომა. მეორე მხრივ, ვხედავთ ასეთ სახიფათო გამოვლინებებს, რასაც სჭირდება რეაგირება და მაქსიმალური პრევენცია", - განაცხადა ბესელიამ.


"თეთრი ხმაურის მოძრაობაში" ამბობენ, რომ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლება დუმს, რაც კიდევ უფრო კრიზისულ ვითარებას ქმნის. ამიტომ მოძრობის წევრები ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდებენ.


"სერგეენკოს რატომ არ იბარებთ და არ ითხოვთ მისგან ამ კრიტიკულ სიტუაციაზე პასუხს. რატომ სიტყვას არ ამბობს და პასუხს არ გვაძლევს, რამ მოკლა ეს ხალხი?! რატომ არის შსს მთავარი მოპასუხე აქ?!


"ჩვენ, ხალხი, ვისიც არის ეს ქვეყანა, ვინც ვკარგავთ ყოველდღიურად ჩვენს წევრებს ამ დივერსიის თუ ათობით წლის განმავლობაში პოლიტიკის ვერშეცვლის გამო, ნამდვილად არ გავჩერდებით", - აცხადებს "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრი დავით სუბელიანი და მთავრობას მოუწოდებს, დაუბრუნდეს ხალხს, ვინც მათ საკუთარი ბედი მიანდო.


"დაუბრუნდით ხალხს, ვინაც ბედი მოგანდოთ. გააკეთეთ აუცილებელი მინიმუმი მაინც - სერგეენკო აიძულეთ, ჯანდაცვამ უპასუხოს ამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმწვავეს კრიზისს", - ამბობს დავით სუბელიანი, რომელიც გამოსავალს მხოლოდ და მხოლოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაში ხედავს.


პოლიტოლოგი იგორ კვესელავა აცხადებს, რომ ქვეყანაში ნარკოვითარება საგანგაშოა და ამის ერთ-ერთ მიზეზად უკონტროლო საზღვრებს ასახელებს. მისი თქმით, ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა სწორედ იქიდან ხდება, სამართალდამცავი ორგანოები კი არაეფექტურად მუშაობენ.


"ჩვენი საზღვრები, ფაქტობრივად, უკონტროლოა, ამანაც განაპირობა ის, რომ ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა ასე მარტივად ხდება. მე ვფიქრობ, არასწორია ამ ვითარებაში ლიბერალიზაციის პოლიტიკაზე საუბარი, ეს კიდევ უფრო გაართულებს ვითარებას.


"უნდა მოხდეს დროული და ეფექტური გამოძიება, რათა დადგინდეს, რასთან გვაქვს საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობას მივიღებთ", - აცხადებს პოლიტოლოგი.

წყარო: რეზონანსი