რუსები დასავლეთში უკვე მასობრივად გარბიან

  • რეზონანსი
  • 7 მაისი 18:09, 2018 წელი

რუსეთის მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ სამშობლოს და თავშესაფარს დასავლეთში ეძებენ.

მდგომარეობის კრიტიკულობაზე მიუთითებს თუნდაც გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომლის მიხედვითაც, აშშ-ში თავშესაფრის მაძიებელ რუსთა რაოდენობამ გასულ წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია


დემოგრაფიული კრიზისის წინაშე, შესაძლოა, მალე რუსეთიც აღმოჩნდეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, რუსეთიდან აშშ-სა და ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 2017 წელს, ბოლო 24 წლის განმავლობაში, რეკორდული რაოდენობით გაიზარდა. "რადიო თავისუფლების", ინფორმაციით, რუსი ემიგრანტების მზარდი სტატისტიკა 2012 წლიდან შეინიშნება.


2017 წელს რუსეთიდან ამერიკაში 2 664 ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი, რაც 2016 წლის მონაცემებს 39%-ით აღემატება. ამასთან, 2017 წლის მაჩვენებელი აღემატება გასული საუკუნის 90-იანი წლების მაჩვენებელსაც, როდესაც სსრკ-ის დაშლისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე რუსეთის მოქალაქეები მასობრივად ცდილობდნენ აშშ-ში მოხვედრას.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, რუსი ემიგრანტების რაოდენობა აშშ-ში 2012 წლიდან იზრდება, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მესამე ვადით აირჩიეს. ამ ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი ზრდა დაიწყო 2014 წელს, როდესაც ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყების გამო რუსეთსა და ევროპას შორის ვითარება დაიძაბა და ევროპამ მოსკოვს სანქციები დაუწესა.


აყველაზე ხშირად რა მიზეზით სთხოვენ რუსები ამერიკას თავშესაფარს, ოფიციალური ვაშინგტონი არ აკონკრეტებს, თუმცა ცნობილია, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს დევნა რასის, რელიგიის, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულებების ან კონკრეტული სოციალური ჯგუფის კუთვნილების გამო.


რუსეთში დევნის მსხვერპლნი ხშირად ხდებიან მეწარმეები, უშიშროების თანამშრომლები, ჟურნალისტები და სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აქტივისტები.


აღსანიშნავია, რომ თავშესაფრის მაძიებელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი გაზრდილია ევროპაშიც. მაგალითად, ამ მოთხოვნით გერმანიას გასულ წელს 4885-მა ადამიანმა მიმართა, თუმცა მათგან 90% ეთნიკურად ჩეჩენია, რომლებიც კადიროვის რეჟიმს გაექცნენ.


რუსი ექსპერტების აზრით, ხალხის ასეთი გადინება თუ გაგრძელდა, პუტინი პრეზიდენტობის მეოთხე ვადას დაცარიელებულ რუსეთში დაასრულებს.


აშშ-სა და ევროპაში რუსი ემიგრანტების რაოდენობის ზრდა არ უკვირთ ქართველ ექსპერტებს და ამას რამდენიმე მიზეზით ხსნიან.


სოსო ცინცაძის აზრით, აშშ-ში თავშესაფრის მაძიებლად ძირითადად მდიდრები ჩადიან თავისუფლების მოსაპოვებლად, თუმცა რუსეთში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, შესაძლოა, მომავალში მათ სხვა კატეგორიის ადამიანებიც შეუერთდნენ.


"რუსეთი დიდია და ბევრი გარბის, საქართველო კი პატარაა. მე მგონი, პროცენტულად ჩვენგან უფრო მეტი გარბის, ვიდრე რუსეთიდან. მაგრამ აღსანიშნავია, რომ საქართველოდან მხოლოდ მშივრები გარბიან, რუსეთიდან კი - მაძღრები.


"ინგლისმა რუსეთის მიმართ სულ სხვა პოლიტიკა დაიწყო, მდიდარ რუსებს შეუტია, დაიწყეს იმათი ანგარიშების შესწავლა - საიდან აქვთ ეს ქონება. ამიტომ დარჩა აშშ და ახლა იქ გარბიან.


"პუტინის შემდეგ რუსეთში კატასტროფული მდგომარეობა იქნება, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, რასაკვირველია, გაიზრდება. რუსეთიდან გარბიან არა მხოლოდ მილიარდერები, არამედ ღარიბებიც, თუმცა ძირითადადი მასა რუსი ემიგრანტებისა ამერიკაში მდიდარი ხალხია. თავისუფალი ცხოვრება უნდათ და იმიტომ გარბიან", - გვითხრა ცინცაძემ.


პოლიტოლოგი ნიკა ჩიტიძე კი ევროპასა და აშშ-ში რუსი ემიგრანტების რაოდენობის ზრდას მოსკოვში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს უკავშირებს.


"რუსი ემიგრანტების რაოდენობა ევროპასა და აშშ-ში ისედაც დიდი იყო. 70-იანი წლებიდან მოყოლებული, შეერთებულ შტატებში მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა. ამერიკაში რუსული დასახლებები დღესაც არსებობს. აშშ-ს მშპ რუსეთისას ერთ სულ მოსახლეზე სამჯერ აღემატება, ამიტომ ბევრი რუსი ესწრაფვის, რომ დატოვოს თავისი ქვეყანა და ჩავიდეს შეერთებულ შტატებში.


"რუსეთში ეკონომიკური მდგომარეობა თანდათან უარესდება, ამიტომ მათი ბევრი მოქალაქე იძულებული ხდება, დატოვოს ქვეყანა და მიაშუროს ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოს.


"აშშ ალბათ რუსი ემიგრანტების რაოდენობის გაზრდით დაინტერესებული იქნება, ამას "რბილი ძალისთვის" გამოიყენებს, რათა შემდეგ რუსეთშიც მოიმატოს პროამერიკულად განწყობილი ოჯახების რიცხვმა", - უთხრა "მთელ კვირას" ჩიტიძემ

წყარო: რეზონანსი