9 მაისის მოახლოებასთან ერთად, საქართველოში პირველი „გეორგიევსკის ბაფთები“ გამოჩნდა

  • რეზონანსი
  • 4 მაისი 23:38, 2018 წელი

9 მაისის მოახლოებასთან ერთად, საქართველოში ოკუპაციის სიმბოლოდ მიჩნეული ე.წ. გეორგიევსკის ლენტიანი რუსი ტურისტების შემოსვლა ისევ დაიწყო. სოციალურ ქსელებში უკვე გამოჩნდა ამის დამადასტურებელი რამდენიმე ფოტო. 

ერთ-ერთი რუსი ბაიკერი „ფეისბუქში" ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ უკვე თბილისში არიან, მისი ერთი მეგობარი კი საზღვარზე არ შემოუშვეს მოტოციკლზე პუტინის გამოსახულებიანი ფოტოს გამო.


„ვაშა! ჩვენ უკვე თბილისში ვართ. ჩვენი მეგობარი არ შემოუშვეს მოტოციკლის გამო. უფრო კონკრეტულად, ნახატის გამო. ხვალ დაფარავს და ხელმეორედ შეეცდება შემოსვლას", - წერს რუსი ბაიკერი.


ასევე „ფეისბუქში" გავრცელდა ფოტო, სადაც აღბეჭდილია ვარძიაში რუსულნომრიანი ავტომანქანა, რომესაც გეორგიევსკის ლენტა აქვს, თუმცა ასევე წერია, რომ თხოვნის შემდეგ მძღოლმა ლენტი მოხსნა.


მეოთხე წელია საქართველოში „გეორგიევსკის ლენტიანი" რუსული ავტომანქანები თუ მოტოციკლები მაისში ჩნდებიან ხოლმე, რაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან დიდი აღშფოთებას იწვევს, რადგან წმინდა გიორგის ზოლიანი ბაფთები რუსული ოკუპაციის სიმბოლოდ მიიჩნევა. რუსებიც სწორედ 9 მაისისთვის სხვადასხვა ქვეყნებში დემონსტრაციულად სწორედ ამ ლენტებით ჩადიან.


რამდენიმე ქვეყანამ ამ ლენტებით საზღვარზე შესვლა აკრძალა. ბალტიისპირეთის ქვეყნები, უკრაინა და პოლონეთი გიორგის ბაფთებს მკაცრად ებრძვის. გასულ წელს უკრაინაში მიიღეს კანონი და გეორგიევსკის ლენტის პროპაგანდა-ტარება ჯარიმით ისჯება.


გუშინ უკრაინის ბორისპოლის აეროპორტში მესაზრეებმა უკან რუსეთში მიაბრუნეს ორი რუსი. მათ ბარგზე გიორგის ბაფთები ჰქონდათ მიკრული და მის მოხსნაზე უარი განაცხადეს.


როგორც კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე ამბობს, გიორგის ბაფთა დიდი ხანია არსებობს, თუმცა იდეოლოგიზირებული და პროპაგანდისტული დატვირთვა მან ყირიმის ოკუპაციის დროს შეიძინა. ამიტომაც პუტინის რეჟიმისთვის გიორგის ბაფთა რუსული იდეოლოგიის გამარჯვების, რუსული საგარეო პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნებისთვის კი ეს მიუღებელია.


კვახაძის თქმით, საქართველოსაც აქვს კანონი - „თავისუფლების ქარტია", რომელიც კრძალავს საბჭოთა და საოკუპაციო სიმბოლიკების გამოყენებას და ამ ბაფთების პროპაგანდის აკრძალვა წესით ამ კანონის ჩარჩოში უნდა იყოს მოქცეული. თუმცა, ეს ხშირად არ ხდება და საზღვარზე ე.წ. გეორგიევსკის ლენტებით შემოსვლა ასე ერთმნიშვნელოვნად აკრძალული არ არის. მხოლოდ კონკრეტული მესაზღვრის ნებაზეა დამოკიდებული, შემოატარებს თუ არა ის ამ ოკუპაციის სიმბოლიან მანქანებს და მოტოციკლებს.


 

წყარო: რეზონანსი