"დედობა რთული აღმოჩნდა"

  • სარკე
  • 4 მაისი 11:16, 2018 წელი

"მის საქართველო 2003″, ყოფილი მოდელი ირინა ონაშვილი, ერთი წლის წინ მეორედ გახდა დედა და ისევ ბიჭის. 

სწორედ მაშინ მიხვდა, როგორც თავად გვითხრა, რომ მას, მის ქმარს ლადო ვარძელაშვილს (ახალგაზრდული საქმეების ყოფილი მინისტრს) და მათ უფროს შვილს, საბას, ძალიან სჭირდებოდათ კიდევ ერთი ბავშვი ოჯახში.

პატარა დათუნამ მათი ურთიერთობები დააბალანსა, მაგრამ ამავე დროს ირინას გაზრდილი პასუხისმგებლობა დააწვა მხრებზე. თავისი ოჯახის რიტმზე, ქმართან და შვილებთან ურთიერთობაზე ის “სარკესთან” საუბრობს.

"ძალიან მაგარი შეგრძნებაა, გავბევრდით. ჩვენს ოჯახს რომ ვაკვირდები, დათუნა ძალიან გვაკლდა. აუცილებელი და საჭირო იყო, საბას თავისი ოთახის მეგობარი ჰყოლოდა. მართალია, ძალიან მინდოდა, გოგო ყოფილიყო, მაგრამ ასე ინება ღმერთმა და ისევ ბიჭი დაიბადა. მანამდე ოჯახში ცოტანი ვიყავით, ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ ბევრნი ვართ.

რა თქმა უნდა, კარგია, როცა ადამიანს აქვს იმის ყველანაირი რესურსი, დრო, რომ რაც შეიძლება მეტი შვილი გააჩინოს. ოღონდ, ჩემი აზრით, ეს საკმაოდ რთული ამბავია. სამომავლოდ როგორ იქნება, არ ვიცი, მაგრამ რთული რომ არის, უკვე ვატყობ. თუნდაც ორი შვილის გაზრდა ადვილი საქმე არ არის",-ამბობს ირინა ონაშვილი. 

წყარო: სარკე