„აშშ-ში ქართველი კაცები მომვლელებად უფრო მუშაობენ, ვიდრე მშენებლობაზე“

  • სარკე
  • 2 მაისი 17:18, 2018 წელი

28 წლის გიორგი ნიკოლაიშვილი 5 წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს და, სანამ იქაურ ყოფას და რიტმს ფეხს აუწყობდა, სხვა ქართველებივით უმძიმესი დღეები გამოიარა, მაგრამ ერთი წუთითაც არ უნანია ამ ქვეყანაში მოხვედრა. 

მკლავზე ამერიკის სიმბოლოც დაიხატა და ამბობს, რომ დაბერებასაც იქ აპირებს. გიორგი ფინანსური ანალიტიკოსია. თბილისში თავისი პროფესიით მუშაობდა, მეგობარმა ამერიკაში მასთან ჩასვლა რომ ურჩია. უყოყმანოდ მიატოვა ყველაფერი და წავიდა.


გთავაზობთ ჟურნალ "სარკედან" ინტერვიუს ამონარიდს ქართველ ემიგრანტთან. 


"სანამ ჩამოვიდოდი, მეც მეგონა, რომ მომვლელები მხოლოდ ქალები იყვნენ, მაგრამ აქ სხვა რეალობაა. ქართველი კაცები მომვლელებად უფრო მუშაობენ, ვიდრე მშენებლობაზე, მაგრამ ამას მალავენ. არადა ეს სამსახური უფრო კომფორტულიც არის და უფრო მაღალანაზღაურებადიც. კაცები უვლიან მხოლოდ მამაკაცებს.


არსებობს ორი ტიპის მომვლელი. ერთი, როდესაც ხარ ტიპური მომვლელი და ყველაფერს აკეთებ – სადილების მომზადებიდან დაწყებული მისი დაბანა-გამოცვლით დამთავრებული. მეორე ტიპის მომვლელს კი ფულს უხდიან მეგობრობაში. ესენი არიან მილიონერი ოჯახების მოხუცები. მათ ძირითადად არაფერი აწუხებთ. სრულიად მარტო ცხოვრობენ უზარმაზარ სახლში, ზოგს შვილები არ ჰყავს, მაგრამ ვისაც ჰყავს, მათაც თავიანთი საქმე აქვთ.


მე მხოლოდ ამ ტიპის მომვლელად მიმუშავია. თუ ჩემს ოჯახს და მეც დამჭირდა, პირველი ტიპის მომვლელადაც ვიმუშავებ, მაგრამ, როცა ენა კარგად იცი, გაცილებით ადვილია ასეთი სამსახურის შოვნა და ის ორჯერ უფრო მაღალანაზღაურებადია",-ამბობს ემიგრანტი. 


 

წყარო: სარკე