რა იცოდნენ შუა საუკუნეების ქართველებმა პლანეტებზე, ვარსკვლავებსა და კოსმოსზე

  • რეზონანსი
  • 30 აპრილი 14:35, 2018 წელი

სხვადასხვა ეპოქაში საქართველოში ასტრონომიის შესახებ დიდი ცოდნა ყოფილა დაგროვილი, რასაც ადასტურებს სიძველეთსაცავებში დაცული ასტრონომიულ-ასტროლოგიური შინაარსის ხელნაწერები, რომლებიც სახელმძღვანელოდაც იყო გამოყენებული.

დღევანდელ სტატიაში სწორედ ქართულ საცავებში დაცული, ასტრონომიაზე შედგენილი ხელნაწერებისა და მათი ავტორების შესახებ, გვინდა, მკითხველს რამდენიმე საინტერესო მასალა შევთავაზოთ.


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასტრონომიულ-ასტროლოგიური კრებული შედგენილი ყოფილა 1188-1210 წლებში, სადაც შედის სიდიდე და სიმცირე ვარსკვლავთა და ზოდიაქოები, საეტლო - ეტლთა და შვიდთა მნათობთათვის, რომელიც არაბულიდანაა ნათარგმნი და ეხება ციურ ეტლთა დახასიათებას, მთვარის მოძრაობას, მოძღვრებას შვიდი მნათობის შესახებ. ხელნაწერი მოხატულია.


ამ დარგში დიდად განსწავლული ყოფილა მე-13 საუკუნის ცნობილი ქართველი მწერალი, ჰიმნოგრაფი, მათემატიკოსი და ასტროლოგ-ასტრონომი აბუსერისძე ტბელი, რომელმაც შექმნა ტრაქტატი დროის აღრიცხვის შესახებ. როგორც მეცნიერები ამბობენ, იგი ღრმა მეცნიერული აზროვნებით გამოირჩეოდა და დიდი კვალი დატოვა ქართული ასტრონომიის ისტორიაში.


აბუსერისძე ტბელს განათლება მიუღია გელათის აკადემიაში. ამბობენ, რომ გელათის აკადემიაში ობსერვატორიაც არსებობდა. მას შეუდგენია "ქორონიკონი სრული მისითა საუწყებელთა და განგებით", რომელიც არის არითმეტიკული და ასტრონომიული ცნებებით შედგენილი ტრაქტატი. მასში ასახულია ბიზანტიასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ცოდნა კალენდრული სისტემის შესახებ.


მე-19 საუკუნეში ფრანგმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ ამ ნაშრომის გაცნობის შემდეგ დაწერა, რომ ქართველებს 1233 წელს უკვე სცოდნიათ ნახევარი იმ ცდომილებისა, რომელმაც 1582 წელს პაპი გრიგოლ ყ|| აიძულა, შესდგომოდა კალენდრის შესწორებას. ქართველი მეცნიერი კორნელი კეკელიძე კი თავის ერთ-ერთ კვლევაში წერს, რომ ტბელი შეეცადა, შეედარებინა ერთმანეთისთვის ქართული და ბერძნული წელთაღრიცხვა. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ამ კრებულში, ასტრონომიასა და ისტორიასთან ერთად, გადმოცემულია კალენდრის კოსმიური გააზრება.


1233 წელს შედგენილი აბუსერისძე ტბელის კრებული იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მასში შესულია ჰიმნოგრაფიული კანონი, გალობანი სამთა - იოანე ნათლისმცემლის, მახარობლისა და ოქროპირისადმი მიძღვნილი, ყველა დიდი დღესასწაული და "საჩინოთა" - წმინდანთადმი მიძღვნილი საგალობელი. აგრეთვე დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანი", გრიგოლ ღვთისმეტყველის "ასეულნი იამბიკონი", ეფრემ მცირის რედაქტორობით იოანე პეტრიწის გალექსილი სათვეო სვინაქსარი სექტემბერ-იანვარი. ხელნაწერზე მინაწერი კი ცხადყოფს, რომ კრებულის რედაქტორი თავად ტბელი ყოფილა და თავადაც "მოუკაზმავს".


ივანე ჯავახიშვილი ტბელის ამ კრებულზე წერდა, რომ დიდი ნიჭიერებით შედგენილი კრებული ისტორიულ წყაროდაც არის მიჩნეულიო.


შემდგომ საუკუნეებში მოღვაწეობდნენ სხვა დიდი მეცნიერებიც, რომლებიც თარგმნიდნენ მნიშვნელოვან ასტრონომიულ ნაშრომებს, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც ეს დარგი მთლიანად დაიკარგა საქართველოს ისტორიაში, შემდგომ კი ვახტანგ ქ|-მ აღადგინა და არაერთი ასტრონომიული ნაშრომიც თარგმნა. მათ შორის აღსანიშნავია ასტრონომიულ-ასტროლოგიური თხზულება, ცნობილ ასტრონომ ულუღბეგის - "ზიჯის" "ვარსკვლავთა კატალოგი".


როგორც მეცნიერები ამბობენ, ულუღბეგის ნაშრომი ასტრონომიული აზროვნების განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი შესანიშნავი თხზულებაა. ეს არის მეორე სერიოზული კატალოგი 16 საუკუნის განმავლობაში. ვახტანგ ქ|-მ ულუღბეგის "ვარსკვლავთა კატალოგი" ირანში ყოფნის დროს თარგმნა, ხელნაწერი კი რუსეთშია გადაწერილი 1735-1737 წლებში. ვახტანგ ქ|-ს ასტროლაბიც შეუძენია, რომლითაც განედების გაზომვა შეიძლებოდა და პირველი გაზომვაც ჩაუტარებია.


სულხან-საბა ორბელიანის "სიტყვის კონაში" კი თავმოყრილია მთელი იმდროინდელი ცოდნა ასტრონომიაზე.

წყარო: რეზონანსი