ვინ იყვნენ სეიდაბადის ბაღების მფლობელები და რატომ შეუერთეს ეს უბანი თბილისს

  • რეზონანსი
  • 30 აპრილი 14:30, 2018 წელი

ძველი თბილისის ერთ-ერთი ლამაზი უბნის - სეიდაბადის და მისი ბაღების ისტორიას გაზეთი "რეზონანსი" დღევანდელ ნომერში აქვეყნებს:

ვახუშტი ბატონიშვილის თბილისის აღწერაში სეიდაბადს თბილისის გარეუბნად მოიხსენება: „აქ დახსნა შესაფიმ სეიდნი, მის გამო სპარსელნი უწოდებენ სეიდაბადს".


როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ეს მომხდარა შაჰ აბას პირველის მემკვიდრის შაჰ-სეიფის დროს. იმ დროს თბილისის სამხრეთით მდებარე უბნის ტფილისის მოსახლეობა ან აყრილი, ანდა იმდენად შეთხელებული იყო, რომ მის ტერიტორიაზე მაჰმადიანთა ტომის - სეიდების დასახლება შესაძლებელი ყოფილა, რის გამოც ამ უბან დაერქვა სეიდების უბანი, ანუ "სეიდაბადი".


არქეოლოგიური გათხრების შედეგად კი აქ აღმოჩენილი იქნა თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი 6 "ქართული ქურა", რაც ცხადყოფს, რომ მე-12-13 საუკუნის თბილისის ამ უბანში თავმოყრილი იყვნენ თიხის ჭურჭლის მკეთებელი ოსტატები და ამ უბანს ძველად "სალან ხანასაც" უწოდებდნენ.


რაც შეეხება სეიდაბადის ულამაზეს ბაღებს და თუ ვის ეკუთვნოდა ეს ბაღ-ბოსტნები, ნასყიდობისა და სიგელ-გურჯების მიხედვით, მფლობელები იყვნენ ქალაქის მელიქი დარჩია, თავადი სუმბათაშვილები, მირიმან მირიმანოვი, მეფის კარის „თათრულის წიგნის მწერალს მირზა აღალარასი". ასევე თბილისის მცხოვრებლებს და კრწანისელებს.


სეიდაბადის ბაღები ირწყვებოდა მტკვრისა და წავკისის წყლით, საიდანაც საგანგებოდ გაყვანილი იყო სარწყავი არხები. 1800 წელს შედგენილი თბილისის გეგმაზე დატანებულია წავკისიდან საგანგებოდ გაყვანილი სარწყავი არხი. არხებიდან წყლის მოხმარებას კი თავის წესი და რიგი ჰქონია. ამიტომ ძველი მეპატრონე თუ ბაღს გაყიდდა, ახალ მყიდველს წინასწარ აცნობდა ბაღის მორწყვის განრიგს - „ეს ჩემი ნიშნებითა და თავისი წალკოტითა, წყალი ყველამ თავისი რიგით წაიღოს, ორი დღე ბარაბასია, ოთხი დღე ბაჟანისა, სამი დღე ორთავე ძმის არის".


„ქალაქის მოურავის სარგოს" მიხედვით კი, ქალაქის მოურავის ქალაქისპირა მდებარე ბაღებიდან ყოველწლიურად აღებული ჭირნახულიდან თავის წილი ერგებოდა: „ქალაქის მოურავს ქალაქის ბაღებმა უნდა მიართვან მოკრეფილი ხილი... ყოვლის ბაღებიდან - სეიდაბადიდამ".


ამ ადგილს თბილისისთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. აქ მზადდებოდა და აქედან იწყებოდა ქალაქის ერთი ფორპოსტის - თაბორის ციხეზე შეტევითი ოპერაციები და სეიდაბადის დაკავებით დაცული იყო თბილისზე და თაგორზე მისასვლელი გზა. ეს ჩანს თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობიდან, რომელიც 1795 წელს სექტემბერში აღა-მაჰმად ხანის შემოსევის ამბავს იხსენებს:


„ხოლო დღესა სამშაფათსა, ია-სა, რიცხვსა ენკენისთვისა (რომელს არის სეკდემბერი) განვიდა თვით მეფე ყოველთა მხედრობითა თვისითა ბრძოლად სპარსთა და დაადგინნა მხედრობანი თვისნი დასასრულსა.


„სვეიდბადის ბაღთასა (რომელსა სეიდბადს უხმობენ) დაადგინა და განჰვნა იგინი ხუთ ნაწილად. მარჯვენას მხარესა დაადგინნა შვილიშვილი თვისი - მეფის ძე დავითი, რომელიც ზემოთ გზით ტფილისად შევალს და გზას მას შეეყრებიან გზანი სოლოლაკისა და ტაბახმელისანი და აგრეთვე სეიდაბადსა საშვალცა გადმოვდის ბორჩაყალისა, გზა იწრო და შეეყრების იგიცა ქვემოსა გზასა ტფილისისასა".


ისტორიკოსების თქმით, ამ მონაკვეიდან ირკვევა, რომ მეფე ერეკლეს ჯარი სეიდაბადის ბაღის ბოლოს დაუბანაკებია, ბრძოლა კი კრწანისის ველზე გამართა. იმ შემთხვევაში თუ მტერი ამ გზას ხელში ჩაიგდებდა, მას გზა ეხსენებოდა ქალაქისაკენ.


სეიდაბადი მე-19 საუკუნეში მთავარმართებელ გენერალ ერმოლოვის თბილისს შემოუერთდა და მას მაშინ უკვე ხარფუხი ერქვა. შემოერთების მიზეზი ახსნილია სამოქალაქო გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის გენერალ-მაიორ ხოვენის ერმოლოვისადმი მიწერილ წერილში: „1819 წელს სოფელ ხარფუხში 34 კომლი სახლობს 143 სულით. აქ თავშესაფარია უდოკუმენტო პირთათვის. აქ უცხოეთიდან ჩამოსულთ მოაქვთ საქონელი, რომლის შესახებაც პოლიციამ არაფერი იცის. შემდგომი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა სოფელ ხარფუხის თბილისთან შეერთება".


პირობა კი ასეთი ყოფილა - ზაფხულობით ხარფუხელებს უნდა გამოეყვანათ ლეკთა წინააღმდეგ ერთი ყარაული და ყოველთვიურად 5 მანეთი ვერცხლით გადაეხადათ კაზაკთა პოსტისთვის განკუთვნილი ცხენის შესანახად.


1819 წლის 15 მარტს მთავარმართებელმა თანხმობა განაცხადა.

წყარო: რეზონანსი