"მსოფლიო მოქალაქეობის ინდექსში" საქართველომ 20-პუნქტიანი ნახტომი გააკეთა

  • რეზონანსი
  • 20 აპრილი 16:05, 2018 წელი

„მსოფლიოს მოქალაქეობის ინდექსის" მიხედვით, საქართველო 209 სახელმწიფოს შორის 84-ე ადგილს იკავებს და წინა რეიტინგთან შედარებით მდგომარეობა 20 საფეხურით გაიუმჯობესა.

ასეთია შვიცარიული კომპანია Henley & PartnersH-ის ყოველწლიური კვლევის, „მსოფლიოს მოქალაქეობის ინდექსის" შედეგები.


აღნიშნული კვლევა ეყრდნობა როგორც ქვეყნების შიდა ფაქტორებს, მათ შორის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ადამიანური პოტენციალის განვითარებას, საზოგადოებრივ წესრიგსა და სტაბილურობას, ისე გარე ფაქტორებს, როგორიცაა უვიზო რეჟიმი, ქვეყნის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის პირობები და სხვა, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეობის ხარისხზე ახდენენ გავლენას. კვლევაში საქართველოს მოქალაქეობა შეფასებულია, როგორც საშუალო ხარისხის მქონე მოქალაქეობა.


საერთო ჯამში 2017 წელს სულ 209 ქვეყნის რეიტინგი იქნა გამოკვლეული. კვლევის თანახმად, ყველაზე მიმზიდველი შემდეგი ქვეყნების მოქალაქეობაა:


1. საფრანგეთი


2. გერმანია


3. ისლანდია


4. დანია


5. ჰოლანდია


6. ნორვეგია


7. შვედეთი


8. ფინეთი


9. ირლანდია.


მოქალაქეობის მიმზიდველების მსოფლიო რეიტინგში აშშ 27-ე ადგილს იკავებს. რაც შეეხება ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, ამ მხრივ ყველაზე მიმზიდველად რუსეთის მოქალაქეობა გამოიყურება (63-ე დგილი, მას ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა მას გასულ წელსაც).


2016 წელთა შედარებით საქართველომ მდგომარეობა გაიუმჯობესა და 104 ადგილიდან 2017 წელს 84-ე ადგილამდე ავიდა. სპეციალისტები ამის ერთ-ერთ მიზეზად ევროკავშIრთან უვიზო მიმოსვლას ასახელებენ. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ, რომელსაც ასევე უვიზო მიმოსვლა აქვს ევროკავშირთან, ერთბაშად 19 ადგილით წაიწია წინ და ახლა მე-80 ადგილზეა.


რაც შეეხება მოლდოვას, რომელმაც ვიზალიბერალიზაცია საქართველოსა და უკრაინაზე ადრე მიიღო, მან მდგომარეობა 7 ადგილით გაიუმჯობესა და ახლა რეიტინგში 73-ეა.


რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს აზერბაიჯანი 111-ე ადგილზეა, სომხეთი კი 103 ადგილზე. ყველაზე არაპოპულარული კი სომალის მოქალაქეობა აღმოჩნდა.


მსოფლიო მოქალაქეობის რეიტინგში საქართველოს მდგომარეობის გაუმჯობესებას `ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი~ კახა გოგოლაშვილი რამდენიმე ფაქტორით ხსნის. მისი თქმით, საქართველოს ცნობადობა იზრდება.


`საქართველოს ცნობადობა იზრდება, იმიტომ, რომ ტურიზმი ვითარდება ძალიან ინტესიურად. ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრი ადამიანისთვის გახდა მიმზიდველი. ბევრი ჩამოდის აქ და მოსწონთ ქვეყანა და ჩვენი სტუმართმოყვარეობა. მართალია, ეკონომიკა გაიზარდა, მაგრამ სოციალური ფონი არ გაუმჯობესებულა და ასე მარტივად ჩვენი მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება, ამიტომ ეს რეიტინგი, ჩემი აზრით, დაკავშირებულია უფრო ცნობადობასთან. აქ დიდ როლს თამაშობს გეოგრაფიული ფაქტორი, კლიმატი და ქვეყნის მრვალფეროვნება.


`საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, მიუხედავად არსებული კრიმინალისა. ამ ყველაფერს ხედავენ ვიზიტორები, რომლებიც ჩამოდიან და ბუნებრივია, მოსწონთ საქართველო.


"გარკვეულწილად ეს უვიზო მიმოსვლამაც განაპირობა. საქართველოს მოქალაქე თუ ხარ, თავისუფლად შეგიძლია გახვიდე ევროპაში და ალბათ ესეც ერთ-ერთი ფაქტორი იქნება~, - უთხრა "რეზონანსს" გოგოლაშვილმა.

წყარო: რეზონანსი