გავერთიანდეთ საბა მაღლაფერიძის სიცოცხლის გადასარჩენად!

  • funtime.ge
  • 2 აპრილი 18:38, 2018 წელი

19 წლის მორაგბეს, ქუთაისის სარაგბო კლუბ ,,არესის" წევრ საბა მაღლაფერიძეს მწვავე ლიმფოპლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუდგინეს. 

სამი დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საჭიროა თურქეთში სასწრაფო ოპერაცია, რომელიც 96 ათასი დოლარი ღირის. რა ვითარება დღეს? ამის შესახებ მორაგბის დედა მაკა გოლეთიანი და „არესის" პრეზიდენტი გიორგი ჩიხლაძე გვესაუბრებიან...


 


მაკა გოლეთიანი, საბას დედა:
- 10 დეკემბერს თამაში ჰქონდა. 12-ში სისუსტე იგრძნო. მაშინვე ექიმთან წავედით. 14 დეკემბერს ანალიზის პასუხები თბილისშიც გადავამოწმეთ, სადაც საბას მწვავე ლიმფოპლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დამტკიცდა. თრომბოციტები დავარდნილი, ლეიკოციტები კი 160 000-ზე ჰქონდა ავარდნილი. საბას ქიმიოთერაპიის ორი კურსი ჩაუტარდა. ახლა უკვე თურქეთის კლინიკაში სასწრაფოდ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია უნდა ჩაუტარდეს, რაც 95 000 დოლარი ჯდება. ამისთვის სულ 10 დღეა დარჩენილი. 


- თუ დროულად არ ჩატარდა ოპერაცია, რა საფრთხეა მოსალოდნელი?
- ამ შემთხვევაში პროცესი საწყის ეტაპს დაუბრუნდება და საბას ძლიერი ქიმიოთრაპია დასჭირდება, რაც ორგანიზმს ანგრევს. საბა თავიდან ძალიან შემართებით იყო, შემდეგ კი, როცა გაიგო, რომ მისი ოპერაცია ამხელა თანხასთანაა დაკავშირებული, თითქოს იმედიც დაკარგა, მაგრამ იმხელა ყურადღება იგრძნო ხალხისგან, ისევ იმ შემართებითაა და აქეთ მამშვიდებს. 


- დახმარებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს თუ მიმართეთ?
- განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროშიც გვაქვს შეტანილიდ და სოლიდარობის ფონდსაც მივმართეთ. მოლოდინის რეჟიმში ვართ, თუმცა რა იქნება, არ ვიცით. საბას ანგარიშზე ჯერ მხოლოდ 9 000 ლარია. მას უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს და ყველას გვერდში დგომას ვგრძნობთ. 


- საბას დიაგნოზი მოულოდნელად დაუსვეს, ამ ფაქტს რაიმეს ხომ არ უკავშირებთ?
- მოლეკულური კვლევა გაკეთებული გვაქვს, თუმცა დაავადება გენეტიკურია თუ არა, ამას ვერ ამბობენ. მინდოდა საბას დონორი ოჯახის რომელიმე წევრი ყოფილიყო, მაგრამ საბას და-ძმა არ ჰყავს და კვლევის შედეგადაც დადგინდა, რომ სასურველია, დონორი უცხო ადამიანი იყოს. 95 000 დოლარში დონორის ანაზღაურებაც შედის. საიდან გაჩნდა ეს დაავადება, ამაზე საუბარი რთულია. ექიმთან ჩემი პირველი შეკითხვაც ეს იყო. ამაზე მსოფლიო დავობს და ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზიო, მიპასუხა.


- საბაზეც გვიამბეთ. სპორტით როდის დაინტერესდა?
- საბა რაგბიზე რომ მივიდა, 7-ე კლასში იყო. დედისერთა ბიჭია, თუმცა ვერ გეტყვით, რომ განებივრებული მყავს. მამამისი პირველი ჯგუფის ინვალიდია და გადაადგილება უჭირს. მე ვმუშაობ, საბა კი მამას ბავშვობიდან უვლის. თან ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ელექტროინჟინერიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. სწავლის და რაგბის თამაშის პარალელურად, ოჯახსაც დიდ ყურადღებას უთმობდა ყოველთვის. ძალიან მორიდებულია, თუმცა ეს ერთი შეხედვით არ ჩანს. 

გიორგი ჩიხლაძე, კლუბ ,,არესის" პრეზიდენტი:
- პირველ რიგში მადლობას გიხდით, რომ საბას მდგომარეობით დაინტერესდით. ბავშვობიდან თამაშობს რაგბს. ძალიან მხიარული, მეგობრული და შრომისმოყვარე ბიჭია! სპორტი საოცრად უყვარს. ხან დარბაზში შესვლას ვუშლიდით კიდეც, რადგან ზედმეტად ვარჯიშობდა.


- საბას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და იმედია არც თვითონ აკლია საბრძოლო განწყობა...
- საბა ძალიან მხნედ დგას. დაავადება გასული წლის ბოლოს დაუდგინდა და მაშინვე დაიწყო მკურნალობა. მან თბილისში ქიმიის მეორე კურსი დაამთავრა და ახლა მდგომარეობა იძლევა იმის საშუალებას, რომ თურქეთში ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდეს, რომლის ღირებულებაც 95 000 დოლარია. ამ თანხის შეგროვების შემთხვევაში საბა კარგად იქნება. ის ძლიერი ბიჭია! 



P.S.
ეს ბიჭი ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ“

ანგარიშის ნომერი: „თიბისი“ ბანკი, GE02TB7750136010100042
მიმღები: საბა მაღლაფერიძე

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge