გაგრძელდება თუ არა „ჩცდ“-ში სანისა და ქრისტინეს სიყვარული?

  • funtime.ge
  • 28 თებერვალი 20:00, 2018 წელი

„ჩცდ“-ს მე-12 სეზონი დასრულდა. სერიალი ერთი თვით დაგვემშვიდობა, მაყურებლებს კი დაგვიტოვა ინტერესი, ვინ იქნებიან ახალი სეზონის „გმირები“. დღეს Funtime-ის სტუმარია 21 წლის მსახიობი გიორგი ტაბიძე, რომელიც „ჩცდ“-ში თავის პერსონაჟსა და საკუთარ გეგმებზე გვიყვება.

- მომდევნო სეზონში რომელი ხაზი იქნება აქტუალური, ეს სცენარისტზეა დამოკიდებული და წინასწარ არავინ ვიცით. მგონია, რომ ჩემი ხაზი მაყურებელს ძალიან მოსწონს. სოციალურ ქსელში ბევრი წერს, სანი და ქრისტინე დააბრუნეთო.


- როგორ ფიქრობთ, რა მოსწონს მაყურებელს თქვენს პერსონაჟებში?
- ყველაზე დიდ ყურადღებას ჩვენს გარეგნობაზე ამახვილებენ. ქრისტინე და სანი ერთმანეთს ძალიან შეეფერებიან და ეს წყვილი ერთმანეთს არ დააშოროთო, წერენ სოციალურ ქსელში. ისიც მოსწონთ, რომ თავზეხელაღებულები არიან და სიყვარულისთვის ყველაფერს აკეთებენ.


- სანის დაბრკოლებები აძლევს სტიმულს. როგორ ფიქრობთ, ქრისტინე ნამდვილად უყვარს?
- სანის ქრისტინე ნამდვილად უყვარს, თუმცა პრობლემებთან ჭიდილი მოსწონს. საყვარელი გოგო გმირულად რომ დაიბრუნა, ეს ხიბლავს. სერიაში, სადაც ბოლოს გამოვჩნდით, აღმოჩნდა, რომ საფრთხეები ქრისტინესაც არ აშინებს - საყვარელი ბიჭის გამო სახლიდან გამოიპარა.


- ქრისტინეს ამ საქციელს თქვენ როგორ შეაფასებთ?
- გოგოს ურთიერთობაში ზედმეტი არ უნდა მოუვიდეს, თუმცა სიყვარულისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს. ქრისტინეს საქციელი დასაფასებელია! მსგავსი გოგო არსად შემხვედრია. თავიდან მისი პერსონაჟი უცნაური იყო. ასეთი გოგოები მხიბლავს კიდეც. ქრისტინე ლამაზიც არის და ჭკვიანიც.


- საყვარელი გოგოს გამო რეალურ ცხოვრებაში თუ მოიქცეოდით ასე?
- რა თქმა უნდა. საყვარელი გოგოს გამო მეც ყველაფერს გავაკეთებ! ამაში სანის ნამდვილად ვგავარ.


- თქვენს პერსონაჟთან სხვა მსგავსებასაც ხედავთ?
- სხვას არაფერს. სანისავით თავზეხელაღებული ცხოვრება არ მიზიდავს.


- გოგოს გამო თუ გიჩხუბიათ?
- ჩემი გოგოს გამო არა, რადგან ამის საბაბი არასდროს მქონია, თუმცა საქმის გასარჩევად მეგობრებს გავყოლივარ.


- ჩიკასნაირ ქალებზე რას ფიქრობთ?
- ჩიკა, როგორც დედა, ნამდვილად არაჩვეულებრივია. შვილი ისე უყვარს, მის გამო უკან არაფერზე იხევს, თუმცა ნაკლიც აქვს. თუნდაც ის, რომ ჩიკა ადამიანებს ზემოდან უყურებს, რაც არ მომწონს. სხვა მხრივ, ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულეა.


- ჩიკასნაირ ადამიანებს თუ შეხვედრიხართ?
- სხვათა შორის, მსგავსი ბევრი შემინიშნავს. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ჩიკას პერსონაჟი გამოჩნდა. ყველაზე საშინელება ისაა, რომ მისგან გოგონები ცუდ თვისებებს იღებენ. ქუჩაში ჩიკას რეპლიკებით დადიან.


- თქვენ როგორი გოგონები მოგწონთ?
- ძალიან მშვიდი ადამიანი ვარ და იშვიათად ვფეთქდები. ცანცარა, ქარაფშუტა და ზედმეტად აქტიური გოგოები არ მხიბლავენ.


- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?
- მირჩევნია, ჯერ კარიერას მივხედო.


- სერიალის გადაღებები სწავლაში ხელს ხომ არ გიშლით?
- „ჩცდ“-ს გადაღებები დიდ დროს მოითხოვს. სწავლას მინდა მივხედო და თან „ჩცდ“-ში თამაშიც მომწონს, თუმცა საკუთარი თავი შეიძლება, არჩევანის წინაშეც დავაყენო.


- ანუ შეიძლება მომდევნო სეზონში აღარ გამოჩნდეთ?
- „ჩცდ“-მ თანამშრომლობა მომდევნო სეზონშიც რომ შემომთავაზოს, არ ვიცი, როგორ მოვიქცევი. შეიძლება სერიალში თამაშზე უარიც ვთქვა და ამით, ალბათ, ჩემი ხაზიც გაქრება, თუმცა წინასწარ მაინც ვერაფერს გეტყვით. 


- „ჩცდ“-ზე უარის მიზეზი მხოლოდ სწავლა იქნება?
- დიახ, ნამდვილად ასეა, რადგან გარდა იმისა, რომ სპექტაკლებზე ვმუშაობ, ორი კურსი წინ მაქვს.


 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge