თურქეთსა და სირიას შორის ომი იწყება

  • რეზონანსი
  • 17 თებერვალი 21:36, 2018 წელი

სირიაში, აფრინის რეგიონში თურქების წინააღმდეგ დაპირისპირებაში ქურთების მხარდამხარ სირიის სამთავრობო ჯარებიც ერთვებიან.

სირიის მედიის ცნობით, ეს უახლოეს დღეებში მოხდება და, ექსპერტების თქმით, ეს უკვე იქნება რეგიონული ომის, სირია-თურქეთის ომის დასაწყისი, რაშიც ასევე შესაძლებელია, რუსეთი და ირანი ჩაერთონ, რადგან ეს ქვეყნები სირიის მოკავშირეები არიან.


"ის, რომ ქურთებმა დასახმარებლად დაუძახეს სირიის სამთავრობო ჯარებს და ერთობლივად შეუტევენ თურქეთის შეიარაღებულ ძალებს, უკვე იმას ნიშნავს, რომ რეგიონული ომი უკვე ფაქტობრივად მალე დაიწყება. რეგიონულ ომში ჩაერთვებიან თურქეთი, ასევე სირიის სამთავრობო ძალები და თუ ეს კონფლიქტი გამწვავდა, შესაძლოა, ირანიც ჩაერთოს და რუსეთიც, რომლებიც ასადის მოკავშირეები არიან," - აცხადებს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია.


სირიის ტელეარხი "ალ-მაიადინი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბაშარ ასადის მთავრობა და ქურთული ფორმირება "სახალხო თავდაცვის ძალები" შეთანხმდნენ, სირიის ჯარები შევიდნენ აფრინის ტერიტორიაზე "თურქეთის თავდასხმის მოსაგერიებლად" და ეს უახლოეს დღეებში მოხდება.


ტელევიზიის ცნობით, ამის შესახებ მინიშნება ცოტა ხნის წინ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფაისალ მიკადმაც გააკეთა, როდესაც განაცხადა, რომ სირიის ჯარი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში შესვლას გეგმავს.სირიაში ვითარება ძალიან დაძაბულია და ბევრი ქვეყნის ინტერესი კვეთს ერთმანეთს. მაგალითად, ანკარამ სირიის ჩრდილოეთით, თურქეთ-სირიის საზღვართან ქალაქ აფრინში სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით "ზეთისხილის რტო" 20 იანვარს დაიწყო იქ განლაგებული ქურთების წინააღმდეგ. თურქეთი ქურთებს ტერორისტებად მიიჩნევს. ოფიციალური დამასკო თურქეთის ამ ქმედებებს სამხედრო აგრესიას უწოდებს, რის გამოც დამასკომ საჩივრით გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და ორგანიზაციის გენერალურ მდივანსაც მიმართა.


სირიის მთავრობას მხარს რუსეთი და ირანი უჭერენ. თურქეთის მიერ ტერორისტებად გამოცხადებული ქურთების მოკავშირე კი აშშ-ია, რის გამოც ანკარასა და ვაშინგტონს შორის ბოლო დროს ურთიერთობები დაძაბულია. ამ საკითხის მოსაგვარებლად გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა.


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ტილერსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაძაბული პერიოდის შემდეგ, ანკარამ და ვაშინგტონმა ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.


ჩავუშოღლუს თქმით, ქურთულმა "სახალხო თავდაცვის ძალებმა" პირველებმა უნდა დატოვონ მემბიჯის რაიონი, რათა თურქეთმა აშშ-თან ერთად ნდობაზე დაყრდნობით გადადგას ნაბიჯი.


თავის მხრივ, ტილერსონმა დაამატა, რომ აშშ იმუშავებს თურქეთისთვის მემბიჯთან დაკავშირებით მიცემული პირობების შესრულებაზე.


აღსანიშნავია, რომ თურქეთი, აფრინის შემდეგ, სამხედრო ოპერაცია "ზეთისხილის ტოტის" გაგრძელებას მემბიჯის ტერიტორიაზეც გეგმავს.


ვახტანგ მაისაიას თქმით, სირიაში საინტერესო და ძალიან სახიფათო ვითარება იქმნება და კონფლიქტი რეგიონულ ომში გადადის, რადგან უკვე სირიის სამთავრობო ძალები ერთვებიან ქურთების მხარდამხარ თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლაში.


მისი თქმით, სირიის ხელისუფლების განაცხადი გასაგებია - ისინი იცავენ იმ ტერიტორიას, რომელიც მათი სუვერენიტეტის ქვეშაა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ქურთების პოზიცია და აშშ-ის გეგმები.


"თავის დროზე ქურთებისა და ამერიკელების გარიგება მოხდა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის გამო. ამერიკელებს ასევე უნდოდათ საკუთრი ინტერესების გატარება, რომ სირიელი ქურთები ასადის არაჰუმანური და ტერორისტული რეჟიმის ჩამოსაგდებად გამოეყენებინათ და ახლა, ფაქტობრივად, გამოდის, რომ აშშ და სირიის მთავრობა ქურთების მეშვეობით უკავშირდებიან ერთმანეთს", - ამბობს მაისაია.


ექსპერტი აღნიშნავს, რომ ქურთების მხარეს სირიის სამთავრობო ძალების ჩართვა ვაშინგტონს ჩიხში აქცევს.


"ახლა ვაშინგტონს ანკარასთან ურთიერთობები გართულებული აქვს, რის გამოც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ანკარაშიც იყო ჩასული და ითქვა, რომ სირიის თემაზე მხარეებმა შეთანხმებასაც მიაღწიეს. თუმცა, ზუსტად რა იქნება, ეს მომავალში გამოჩნდება.


"თუ ანკარა-ვაშინგტონს შორის შეთანხმება მოხდა, ეს ნიშნავს, რომ აშშ-მა ქურთებს უკან დახევა მოსთხოვა თურქეთის გამო და შეიძლება, სწორედ ამიტომაც მოხდა, რომ ქურთებმა დასახმარებლად დაუძახეს სირიის სამთავრობო ჯარებს და ერთობლივად შეუტევენ თურქეთის შეიარაღებულ ძალებს.


"ეს უკვე ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ეს კონფლიქტი რეგიონული დონის კონფლიქტში გადავა. სირიის სამთავრობო ძალები და თურქეთის შეიარაღებული ძალები დაეტაკებიან ერთმანეთს. სირიის უკან დგას ირანი და რუსეთი, თურქეთის მხარეს პრინციპში აშშ უნდა გამოვიდეს, სხვა გამოსავალი არ აქვს. თუ აშშ მხარს დაუჭერს ქურთებს და შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტს, გამოდის, რომ ამერიკელები მხარს უჭერენ ქურთებს თურქების წინააღმდეგ და ასევე გამოვა, რომ აშშ-ის მთავრობა ასადის რეჟიმის ლეგიტიმურობას ცნობს. ასეთ ჩიხში მოექცა ამერიკა," - მიიჩნევს მაისაია.


ექსპერტის თვალსაზრით, აშშ-ის ამ ჩიხში მომწყვდევით რუსეთიც ითბობს ხელს და ერთგვარად სამაგიეროსაც უხდის ამერიკელების მიერ რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ჯარისკაცების დაბომბვის გამო.


"სირიის სამთავრობო ჯარებისა და ქურთების შეთანხმების უკან შესაძლოა, რუსების დგანან, რომ ამით აშშ-ის გადაუხადონ სამაგიერო. სირიის არმიას ზურგს რუსეთის ჯარები უმაგრებს და რუსების გარეშე ასადი ამ ოპერაციას არ დათანხმდებოდა.


"რუსების გეგმაა, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის დიდი უთანხმოება ჩამოაგდონ და დაუპირისპიროს ერთმანეთს. აშშ-ის ჩიხში შეყვანით შესაძლოა, ისინი სირიის კონფლიქტიდან საერთოდ ამოვარდნენ.


"ამერიკელებს რეალური სამხედრო პლაცდარმი გააჩნიათ აფრინისა და მემბიჯის რაიონებში, მათი კონტინგენტი, ოფიციალურად 300-400 ჯარისკაცი, აქაა. რუსეთის მთავარი იდეაა, ამერიკელებმა დაკარგონ კონტროლის უნარი ამ რაიონებზე, რითაც აშშ კონტროლს მთლიან სირიაზე დაკარგავს.


"ამერიკელები დილემის წინაშე არიან. შესაძლოა, თურქებს მოელაპარაკონ, რომ ერთად იმოქმედონ და ასე შეინარჩუნონ პლაცდარმი აფრინსა და მემბიჯში და სანაცვლოდ ქურთების დახმარებაზე უარი თქვან ან თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ", - დასძენს მაისაია.

წყარო: რეზონანსი