უცხო ენის მასწავლებლების "აჯანყება"

  • რეზონანსი
  • 12 თებერვალი 10:44, 2018 წელი

საქართველოს საჯარო სკოლებში მეორე უცხო ენის სწავლება არა სავალდებულო, არამედ არჩევითი ხდება. ამას ითვალისწინებს სკოლის საათობრივ ბადესთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული სტრატეგია.

 

ეს პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ სკოლების დიდმა ნაწილმა შესაძლოა ნაწილობრივ ან მთლიანად უარი თქვას რუსული, ფრანგული და გერმანული ენების სწავლებაზე. შესაბამისად, ამ საგნის პედაგოგთა დიდ უმრავლესობას ან გაკვეთილების რაოდენობა და ანაზღაურება შეუმცირდება, ან, უბრალოდ, სამსახურიდან დაითხოვენ.


აღსანიშნავია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 6 ათასი რუსული ენის პედაგოგია, ათასამდეა გერმანული და ფრანგული ენის მასწავლებელი. მეორე უცხო ენა სკოლებში მე-5 კლასიდან ისწავლება და მოსწავლეების 90% უპირატესობას რუსულს ანიჭებდა.


სამინისტროს ეს გადაწყვეტილება რუსულის, ფრანგულისა და გერმანულის პედაგოგების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მათ უკვე შექმნეს საინიციატივო ჯგუფი და საგანგებო წერილით მიმართეს განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს. წერილს ასზე მეტი პედაგოგი აწერს ხელს.


პედადგოგთა ცნობით, სკოლებში საათობრივ ბადეში შესატანი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მინისტრმა სამინისტროს თანამშრომლებს 18 იანვარს გამართულ თათბირზე გააცნო.


"გადაწყვეტილების მიღებამდე რატომ არ გქონდათ საკითხის ფართო და ღია განხილვა მეორე უცხოური ენის სკოლის მასწავლებლებთან და უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებთან?


"საქართველოს აღებული აქვს ევროპასთან ინტეგრაციის კურსი, ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანამ კი შეიძლება, ხელი შეუშალოს ევროკავშირთან ჩვენ გაერთიანებას.


"ევროსაბჭოს დოკუმენტებში მითითებულია, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, მეორე უცხოური ენის სავალდებულო სტატუსის გაუქმება კი დააზარალებს, პირველ რიგში, ხელმოკლე ოჯახების შვილებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ბავშვების უცხო ენებში კერძოდ მომზადებას და მათთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას", - აღნიშნულია განათლების მინისტრისადმი გაგზავილ წერილში, რომლის ერთი ეგზემპლარი ასევე გამოეგზავნა გაზეთ "რეზონანსს".


პედაგოგები იმედოვნებენ, რომ განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ამ სტრატეგიას არ დაამტკიცებს.


"ეს ძალიან ცუდია. მეორე უცხო ენა აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს. ეს არ იქნება კარგი სვლა. ათობით წელიწადია, საჯარო სკოლებში ისწავლებოდა ორი უცხო ენა. არ შეიძლება ბავშვების დატოვება ერთი უცხო ენის ამარა. ეს იქნება სიბრიყვე და იმედია, განათლების უწყება ამ ნაბიჯს არ გადადგამს", - უთხრა "მთელ კვირას" 175-ე სკოლის რუსული ენის მასწავლებელმა ია ხიმშიაშვილმა.


 

წყარო: რეზონანსი