"გადავწყვიტე, რომ ყველაფერი წარსულში დავტოვო" - ნატო გელაშვილი

  • სარკე
  • 9 თებერვალი 10:57, 2018 წელი

პოპულარული სიმღერების ავტორი და შემსრულებელი, ნატო გელაშვილი, თავიდან ეჩვევა სცენაზე დგომას და სიმღერასაც. უფრო მეტიც, თავიდან სწავლობს, როგორ უნდა იცხოვროს.

– ქალბატონო ნატო, საცხოვრებლის შეცვლა თქვენთვის აუცილებელი იყო?


– ხანდახან ადამიანი რაღაცებს ემშვიდობები და გინდა, რომ ახალი ეტაპი დაიწყო, ამ სახლში გადმოსვლა კი ახალი ეტაპია. იმ სახლთან ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებდა, მინდოდა, რომ ის ცუდი დამეტოვებინა და იქიდან გამოვსულიყავი. ეს იყო პირველი, რაც ჩემმა სულიერმა სამყარომ მოითხოვა. გარემოს შეცვლა თითქოს ახლის დასაწყისია.


ამ სახლზე იმიტომ გავაკეთე არჩევანი, რომ ძალიან მგავდა. ნათელი ფერები ჩემთვის ძალიან საჭიროა. ეს არის სრულიად თეთრი სახლი, გამავალი სინათლე აქვს.


– მიიღეთ ის დადებითი შეგრძნება, რაც გჭირდებოდათ?


– კი, აბსოლუტური სიმშვიდე მივიღე. საერთოდ სახლისტი ვარ. სახლში ყოფნა მიყვარს. ნივთებიც კი, რომლებიც მკაფიოდ ეხებოდა რაღაც მომენტებს, ფაქტობრივად ხელუხლებლად დავტოვე იმ მოგონებებთან ერთად. ძალიან ცოტა ნივთით და ამ სისადავით დავიწყე ახალი ცხოვრება. ცოტა ნივთი და ბევრი ჰაერი მინდა. ამ სახლში კი თითქოს ბევრი ჟანგბადი, სინათლე, სიმშვიდე მაქვს.


– ის, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადი თითქმის არსად ჩანდით, პირად მდგომარეობას უკავშირდებოდა?


– მესმის, რომ მარტო არ ვარ, ძალიან ბევრი ადამიანია ჩემს დღეში – დაობლებული, მარტოსულად დარჩენილი, მაგრამ, იცით, ცუდი რა იყო? ზედიზედ სამ წელიწადში სამი ადამიანი დავკარგე. იმდენად მიყოლებით მოხდა ეს ყველაფერი, რომ.. ვერ ვიაზრებდი პირველს, რომ მეორე ტრაგედია მოდიოდა, მერე მესამე. რაღაც აუხსნელი პერიოდი იყო. ვერ გეტყვით, უფალმა ამისთვის როგორ მომამზადა.


ვცდილობ, ღრმად არ ჩავუფიქრდე იმას, რაც ჩემს თავს მოხდა. მაქვს მომენტები, როცა ფიქრი გამიტყუებს და ძალიან ღრმად მივდივარ. მერე ვხვდები, რომ ცუდად ვარ, მათთან ძალიან მინდება. ვხვდები, სამივე როგორ მაკლია.


ჩემი შვილები მეხმარებიან და ნამდვილად ვიცი, რომ ჩემს ბიჭებს ვჭირდები. არც ადამიანური და არც მორალური უფლება მაქვს, რომ ახლა ჩემს თავს არ მივხედო, რადგან ბიჭები აბსოლუტურად მარტონი არიან. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ყველაფერი წარსულში დავტოვო. ალბათ პირველი ნაბიჯი ეს იყო, რომ ის მძიმე მოგონება იქ დავტოვე და ახალ სახლში გადმოვედი. ამით თითქოს რაღაცას დავემშვიდობე.


– თქვენი ტრაგედია ერთადერთი დედმამიშვილის, ძმის, გარდაცვალებით დაიწყო, მერე კი მშობლები დაასაფლავეთ. ამიტომაც არ მიკვირს თქვენი ასეთი სულიერი მდგომარეობა.


– ყველაზე დიდი დარტყმით დაიწყო. ჩემთვის ძმაც იყო, მეგობარიც და ყველაზე დიდი გულშემატკივარიც. ის იყო ერთადერთი, რომელშიც ნატო თავიდან ბოლომდე იყო ასახული.


დედას ინსულტი დაემართა და ლოგინად ჩავარდა. უფალმა დედის სახით საზრუნავი მომცა. მას რომ ჩვეულებრივად განეგრძო ცხოვრება, შეიძლებოდა უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავი. საერთოდ ყველაფერზე ავიღე ხელი. აუცილებლად რაღაც უნდა მომსვლოდა, კიდევ უარესი, რომ მეგრძნო, საჭირო ვიყავი და ფიქრისთვის დრო არ დამრჩენოდა. ზუსტად ასე გააკეთა უფალმაც.


– იმ დროს მამათქვენი ცოცხალი იყო, ალბათ ისიც გეხმარებოდათ.


– მე და მამა ერთმანეთს ძალიან ვგავდით, მისი ასლი ვარ. ხასიათით გაწონასწორებული იყო და ვერასდროს შეატყობდით, რომ ამხელა დარდს ატარებდა. მეც თუ ცუდად ვარ, მირჩევნია, სახლში ვიჯდე და სხვამ არ შეამჩნიოს, რა მდგომარეობაში ვარ.


ძმის შემდეგ ოჯახი განახევრებული იყო და ფაქტიც სახეზეა. ერთ წელიწადში დედაც და მამაც თავიანთი შვილის გვერდით აღმოჩნდნენ. მამას არასდროს არაფერი სტკენია. დილით ბაღში ვარჯიშობდა, აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი იყო…


მახსოვს, ექიმი რომ გამოვიდა, პირდაპირ მითხრა, ნატო, ვერაფერს იზამ, მეოთხე სტადიააო. რამდენიმე წამში მამა შემოვიდა. იმ დღიდან კიდევ ახალი თამაშის დაწყება მომიწია. იმდენად ბუნებრივად ვუთხარი, რომ მსუბუქ რაღაცაზე იყო საუბარი და ოპერაციის შედეგად ამოისუნთქებდა, ეს ბოლომდე სჯეროდა.


ტაბლეტური ქიმიოთერაპია დაუნიშნეს, რადგან გადასხმებით დიაგნოზს მიხვდებოდა. თავისი მდგომარეობა რომ გაეგო, ალბათ უფრო ადრე დაემართებოდა ის, რაც დაემართა. მისი გარდაცვალებიდან ჯერ წელიწადიც არ არის გასული.


– ამ ყველაფრის შემდეგ რამდენ ხანში შეძელით პირველად სცენაზე დადგომა?


– ჩემი ძმა დაახლოებით 6 თვის გარდაცვლილი იყო, როცა მეგობრებმა მითხრეს, ვიღაცას დახმარება სჭირდება, ისეთი კონცერტია, აუცილებლად უნდა იყოო. ზუსტად იცოდნენ, ვიღაცას თუ უჭირდა, აუცილებლად მივიდოდი. სცენაზე დავდექი, მაგრამ გამიჭირდა. მეორე სიმღერაზე ვიტირე და მივხვდი, რომ არ შემეძლო.


სიმღერის ბოლო აკორდს როგორც კი დავწერდი, ჩემი ძმისთვის, მამუკასთვის, უნდა დამერეკა, ამოდი, ახალი სიმღერა მაქვს-მეთქი. ვიცოდი, მისთვის ჩემი თითოეული სიმღერა რა იყო. როცა პირველად სცენაზე ავედი, ვიმღერე, მაგრამ ვტიროდი. მერე ისევ ვცადე, მაგრამ იგივე მომივიდა და თავი დავანებე.


მამა როცა მიხვდა, რა მდგომარეობაშიც იყო, მითხრა, ხომ იცი, მამა, რომ ყველაფერი შენს კისერზეა, ბიჭებს მიხედე. შენი ვალდებულებაა ის, რასაც აკეთებ, ამიტომ იმღერეო.


– ახლა როგორ გრძნობთ თავს სიმღერისას?


– პირველი კონცერტი გამიჭირდა, მაგრამ ვხვდები, რომ ის ნატო ვხდები, რომელიც ერთი ამოსუნთქვით ატარებდა კონცერტს. მიხარია, რომ ეს შევძელი. აუარებელი კონცერტი მაქვს.


– იმ რთულ პერიოდში მათგან იგრძენით ის თანადგომა, ვისგანაც ელოდით?


– კანტიკუნტად. ვიგრძენი იმ ადამიანებისგან, რომელთაც ალბათ 2 ლარიც არ ედოთ ჯიბეში, მაგრამ ყველაფრით ჩემთან იყვნენ. საერთოდ, საუბარი არ ვიცი, მით უმეტეს, იმ დროს თუ რაღაც მჭირდება. იმ მდგომარეობას ვინც უყურებდა, ვთვლი, რომ ლაპარაკი არც უნდა დასჭირვებოდა. თუ მუხლებზე დაგიდექი, ასჯერ დაგირეკე, მიშველე-მეთქი, ალბათ ასეთ შველასაც ფასი არ აქვს. ძალიან საახლობლოს, მეგობრებს ვგულისხმობ.


ჩემი დახმარება ბუნებრივად ხდებოდა. საავადმყოფოში რომ მივდიოდი, მეკითხებოდნენ: “დედათქვენია? მამათქვენია?” და რა გაეკეთებინათ, არ იცოდნენ.


ჩემდა სამწუხაროდ, ამ წლებმა ბევრი ადამიანი გამაცნო, თუმცა რას ვიზამ, ეს რეალობაა. ბევრი ადამიანი, ახლობელი, მეგობარი უფრო კარგად გავიცანი, ვიდრე ვიცნობდი. ალბათ ცხოვრებაში ტყუილად არაფერი ხდება.


– საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდით, არა?


– ასეთი თვისება მაქვს, თუ საჭირო ვარ, კარგად ვარ. ბევრად ცუდად და ზედმეტად ვგრძნობ თავს, როცა საჭირო არ ვარ. უფალი სულ მაძლევს იმის შეგრძნებას, რომ საჭირო ვარ. აქამდე ოჯახს ვჭირდებოდი, ახლა უკვე შვილებს.


გიორგი 20 წლისაა, ლუკა – 18-ის, შესაბამისად, ის ასაკი ჰქონდათ, წასვლა-წამოსვლა რომ უხაროდათ. ჩვენ კი საავადმყოფოსა და სახლში ვიყავით. ყველაზე ლამაზი წლები, როცა სტუდენტები გახდნენ, ამ ამბებში გაატარეს. თუმცა სულ ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მძიმე პერიოდი ჰქონდათ, კაცურად გააკეთეს თავიანთი საქმეები.


– ალბათ ამ დროს თქვენს პირადსაც მოაკლდა ბევრი რამ...


– ალბათ მოაკლდა. ბოლო პერიოდი პირადისთვის მშრალი და ცარიელი ვიყავი.


– ქმართან გაშორებაც იმ ცუდ ამბებს მიჰყვა?


– ჰო, იმ ამბებს მიჰყვა. პრინციპში, დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ მთლიანად მამაჩემს ვეკუთვნოდი. მამაჩემის ამბავმა საერთოდ გამანადგურა.


– გაშორება თქვენ გადაწყვიტეთ?


– კი, ეს გადაწყვეტილება მე მივიღე.


– ცუდმა პერიოდმა უკვე ჩაიარა. ახლა როგორ არის ნატო, როგორც ქალი?


– ის ქალი არ ვარ, რომელიც პირადის გარეშე ვერ იცხოვრებს. ნატომ, როგორც ქალმა, უკვე იცხოვრა. იმის გამო, რომ მარტო არ ვიყო და მქონდეს პირადი, ჩემს მორალში არ შედის. თუ სასწაული მოხდა, უფლის ნება იყო და რაღაც სასწაული მეწვია, რას ვიზამ, არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. ამ წუთას, როგორც ქალს, ეს ჩემი ორი შვილი მავსებს და ბედნიერი ვარ.


ჩემი ოცნებაა, შვილიშვილი მყავდეს. მზად ვარ იმისთვის, რომ რძალი კი არა, შვილი მივიღო. ალბათ ადამიანობის ნატამალი არ უნდა გააჩნდეს იმას, რომელსაც ვერ მივიღებ, მაგრამ მეეჭვება, ჩემმა შვილმა ასეთს გაუგოს. გიოს შეყვარებული არ ჰყავს, მაგრამ ვეუბნები, პირველი შვილიშვილი მე მაჩუქეთ, მე გავზრდი-მეთქი. მძიმე მდგომარეობიდან ოჯახი ალბათ ყველაზე მეტად ბავშვს გამოჰყავს. მოკლედ, ბებია სიამოვნებით გავხდები.

წყარო: სარკე