რას წერს ირმა ინაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილზე ?

  • facebook.com
  • 5 თებერვალი 11:18, 2018 წელი

დეპუტატი ირმა ინაშილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ძშემდეგ პანკისში განვითარებულ მოვლენებს აფასებს:

"მალხაზ მაჩალიკაშვილის სატელევიზიო გამოსვლამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რაც გასაგები და ბუნებრივია, მაგრამ მე მინდა პროცესებს უფრო ღრმად, სულ სხვა კუთხით შევხედოთ.


1. ტერორიზმის წინააღმდეგ ქართული სახელმწიფო იბრძვის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და არავინ კამათობს იმაზე, რომ ნებისმიერი საღადმოაზროვნე მოქალაქე ამ ბრძოლაში სახელმწიფოს მოკავშირე უნდა იყოს. პანკისის ხეობის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ქართული სახელმწიფოს მოკავშირეა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ანტიტერორისტულ ოპერაციას ხეობაში რყევა სულ სხვა მიზეზის გამო მოჰყვა. სიმართლე უნდა ითქვას, ეს რყევა, ეს ვნებათაღელვა (კონკრეტულად) თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის ფორმას, ეპიზოდს, მომენტს უკავშირდება და არა რაიმე სხვა ფაქტორს. ქისტები არ ეწინააღმდეგებიან ანტიტერორისტულ ოპერაციას ან ზოგადად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ მკაფიო, უფრო მყარ, მეტად დამაჯერებელ პასუხს ელიან გამოძიებისგან, რა ვითარებაში მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია. ცხადია, პასუხი გამყარებული უნდა იყოს ნათელი, ვიმეორებ: უტყუარი მტკიცებულებებით! მაშინ ოჯახიც დამშვიდდება და ხეობაც. აქედან გამომდინარე, ვიტოვებ იმედს, რომ ამ ტრაგიკული ეპიზოდის გამოძიება წარიმართება სწრაფად და ობიექტურად.


2. კარგია, რომ ოჯახის მხრიდან დროული განმარტება მოჰყვა მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებას,- პანკისის დაკარგვის შესახებ და აღინიშნა, რომ საუბარია ხალხსა და ხელისუფლებას შორის ნდობის შესაძლო დაკარგვაზე და არა რაიმე სხვა სახის დანაკარგზე. თორემ არც ერთი ქართველი და, დარწმუნებული ვარ, არც ერთი ქისტი არ შეეგუება,- ვინმე გვემუქრებოდეს ჩვენი მიწის წართმევით. მითუმეტეს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. მიუღებელი და დაუშვებელია მუქარის ტონი, როცა ქვეტექსტად, შესაძლოა, ქვეყნის მთლიანობა მოიაზრებოდეს. აქვე გავიხსენებ, რომ აფხაზეთის ომში ნანახი მყავს არა ერთი ქისტი ვაჟკაცი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა.


3. ყველას მინდა მივმართო, ამ ვითარებაში გამოვიჩინოთ მეტი სიმშვიდე, მეტი გონიერება და თავი შევიკავოთ მაჩალიკაშვილის და მასთან ერთად, პანკისში მცხოვრები ქისტების ლანძღვისგან. მითუმეტეს, სეპარატიზმში მათი დადანაშაულებისგან. ზოგიერთი "მამულიშვილი" ისეთ ტერმინოლოგიას მიმართავს, ცეცხლზე ნავთს ასხამს. ეს ის შემთხვევაა, როცა ნავთი და ასანთი საჭირო არაა.


4. იქ, სადაც ჩნდება უსამართლობის განცდა, სახელმწიფოს ვალია,- ჩააქროს უსამართლობის კერა. უკვე ვთქვი, რომ ამ ვაკუუმის შევსება შეუძლია მხოლოდ ობიექტურ გამოძიებას, რომელიც დროში არ გაიჭიმება.


5. დასამალი არაა, რომ პანკისში რამდენიმე გარე ძალის ინტერესი იკვეთება. არც ქართველებმა და არც ქისტებმა ამ ძალებს არ უნდა მივცეთ ჩვენი გათიშვის საშუალება, ამიტომ, ძმებო, მოვზომოთ ყოველი სიტყვა.

სრული ვერსიის ნახვა facebook.com