“შვილიშვილი გამითხოვდა, საქართველოში დავბრუნდი” - მანანა თოდაძე

  • სარკე
  • 2 თებერვალი 12:37, 2018 წელი

მომღერალი მანანა თოდაძე ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში თავის ცხოვრებაზე საუბრობს.

მანანა თოდაძე:


 


– პირადი ცხოვრება კარგა ხანია დახურულია… ჩემი შვილიშვილი, ლეილას ქალიშვილი, გათხოვდა. კარგი სიძე გვყავს. გასულ წელს კარგი ასევე ის იყო, რომ ჩემმა მეორე ქალიშვილმა გაარემონტა ბინა თბილისში, ახალ წელს ახალ ბინაში შეხვდა და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული. დიდი ხანი ელოდნენ გადასვლას და, როგორც იქნა, მოაბეს თავი.


– წელს საახალწლო კონცერტზე იმღერეთ. მადლიერი ხართ, რომ სამთავრობო კონცერტებზე დაგიძახეს?
– კახა კალაძემ სასიამოვნოდ გამაოცა თავისი ძალიან ჭკვიანური ნაბიჯებით, იმით, როგორც ხელოვან ხალხს მოექცა. გამოაცხადა, კონცერტში ყველა მომღერალმა უნდა მიიღოს მონაწილეობაო. ეს ძალიან მაგარი იყო ყველასთვის. გამიხარდა, რომ კონცერტზე ჩემი კოლეგები ვნახე, მათ შორის ისინიც, ვინც წლები არ მყავდა ნანახი. ხელოვანს რა სჭირდება? გამოჩენა და დაფასება. წელს ეს ყველაფერი გაკეთდა და აღფრთოვანებული ვარ.


– წლებია მოსკოვში ცხოვრობთ და იქ მღერით. საახალწლოდ იქიდან არ გქონდათ შემოთავაზება?


– ბოლო პერიოდში იქით წასვლა აღარ მინდა. ვგიჟდები აქაურობაზე, აქეთ მაქვს გული, აქ მიხარია კონცერტებზე გამოსვლა. ჩემს ქვეყანაში ერთი გამოსვლა მირჩევნია სხვაგან ათჯერ გამოსვლას. არ ვიცი, რა მჭირს, მაგრამ ასეა.


– ფინანსები არ არის პრიორიტეტული თქვენთვის? მოსკოვში ხომ გაცილებით მაღალი ანაზღაურება გაქვთ.


– ფინანსებს რომ გაჰყვე… ცხოვრება გადის. მოსკოვში 20 წელი გავატარე და ისე გაფრინდა ეს წლები, უკან მოხედვაც ვერ მოვასწარი. ასე რომ ვსდიო ფინანსებს, საქართველოში ვერასდროს დავბრუნდები. იცით, რამდენი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ? ვინც ამერიკაშია, ჰგონიათ, რომ ჩამოვლენ, მაგრამ 20-25 წელია იქ არიან, ჯერაც ვერ ბრუნდებიან. ძალიან რთულია ემიგრაციაში ცხოვრება.


– ანუ თქვენ დაბრუნდით სამშობლოში?


– შემოქმედებითად – კი. აქეთ უფრო მაინტერესებს შემოქმედებითი ცხოვრება, ვიდრე იქ. სამსახურიდან წამოვედი. თუ იქ ხარ, ბოლომდე იქ უნდა იყო. თუ დაიწყე აქეთ-იქით სირბილი, არაფერი გამოვა. ბოლო პერიოდში თავისუფლება მომწონს, როცა მინდა, წავალ და წამოვალ. იქ სახლი მაქვს, ჩემი ერთი ქალიშვილი იქ არის, მეგობრები იქ მყავს. მიყვარს მოსკოვში წასვლა, გავჩერდები 1 კვირით და მერე ვბრუნდები. ასე რომ, იქაურობა არ მიმიტოვებია, მაგრამ ჩემი შემოქმედება საქართველოში გადმოვიტანე. როცა არის მოწვევა, ბანკეტი, კორპორატიული საღამო, მივდივარ და ვმღერი.


 


 

წყარო: სარკე