სოზარ სუბარი: საპრეზიდენტო არჩევნებზე მარგველაშვილი ჩვენთვის კონკურენტი არ არის

  • pia.ge
  • 31 იანვარი 22:43, 2018 წელი

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს კონკურენტად არ მიიჩნევს „ქართული ოცნება“. ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა თოქშოუ „პოლიტმეტრში“ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი 2013 წელს პრეზიდენტი იმიტომ გახდა, რომ ის მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო.


„მარგველაშვილი ჩვენი კანდიდატურა იყო და იმიტომ გახდა პრეზიდენტი.  2018 წლის არჩევნებზეც იქნება ის კანდიდატურა, რომელსაც ქართველი ხალხი დაუჭერს მხარს,  დარწმუნებული ვარ ეს იქნება ის  კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ აირჩევს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.


მისივე განმარტებით, „ქართული ოცნება“ მოქმედ პრეზიდენტს პრობლემებს არ უქმნის და ამის გამო დარჩა ქვეყნის კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომელიც პრეზიდენტის არჩევას, საყოველთაო წესით, არჩევნებით ითვალისწინებს და ეს მისია, 2018 წელსაც ამომრჩეველმა უნდა იკისროს.


„გადავწყვიტეთ, რომ იმ ლოგიკიდან  გამომდინარე, რასაც ახალი კონსტიტუცია ითვალისწინებს და არა ჩვენს მიერ მიღებული შესწორებებით, არამედ, ის შესწორებები, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წელს მიიღო სააკაშვილმა, რომ უფრო სწორი იქნებოდა, თუკი პრეზიდენტი იქნებოდა არჩეული პარლამენტის მიერ ან ვთქვათ, მეორე ვარიანტი არის ხნოსანთა მიერ. თუმცა, მხოლოდ იმისთვის, რომ  ვინმეს არ ეფიქრა რომ მარგველაშვილს პრობლემებს უქმნიან შეგნებულად, სწორედ ამიტომ დარჩა კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომლის მიხედვით, პრეზიდენტს აირჩევს, პირდაპირი, საყოველთაო წესით საქართველოს მოსახლეობა, ყველა ხმის მიცემის მქონე ადამიანი“, - განაცხადა მინისტრმა.


სოზარ სუბარის თქმით, მმართველი გუნდისთვის არათუ მარგველაშვილი არ არის კონკურენტი, არამედ, „ქართული ოცნება" ვერც სხვა რეალურ კანდიდატს ხედავს 2018 წლის არჩევნებზე.


„მარგველაშვილი ჩვენთვის კონკურენტი არ არის ისევე როგორც ჩვენ რეალურ კონკურენტს ვერ ვხედავთ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში და იმედია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც ამ ნიშნით ჩაივლის", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


საქართველო რიგით მეხუთე პრეზიდენტს 2018 წელს აირჩევს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge