"ჩემი და ოთარ აბესაძის სიყვარული აუზზე დაიწყო"

  • სარკე
  • 31 იანვარი 12:09, 2018 წელი

თბილისის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა ოთარ აბესაძემ, რომელიც ქრთამის აღებისთვის დააკავეს და ციხეში რამდენიმე თვე გაატარა, საპატიმროში დეა აფციაურზე იქორწინა. დეა “სარკესთან” თავიანთი სიყვარულის ამბავს ყვება:

– მე და ოთო შეყვარებულები ვიყავით და უახლოეს მომავალში დაქორწინებას ვაპირებდით. შექმნილი მდგომარეობის გამო კი ქორწინება ისე არ მოხერხდა, როგორც ვგეგმავდით. ამიტომ ციხეში მოვაწერეთ ხელი 17 აგვისტოს და დღეს ნამდვილად ცოლ-ქმარი ვართ. ამით ძალიან ბედნიერი ვარ.


– თქვენი სიყვარულის ამბავი აუზზე დაწყებულა.


– დიახ და ძალიან მინდოდა, ჟურნალისტებთან ამ თემაზე მე და ოთოს ერთად გველაპარაკა. ვხუმრობდით ჩვენი გაცნობის ისტორიაზე და ერთმანეთს ვაბრაზებდით, რადგან ორივეს ჩვენ-ჩვენი ინტერპრეტაცია გვაქვს, თუ როგორ მოხდა ეს.


შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს და ერთ ძალიან მაგარ დღეს გავიცანით აუზზე. ვაბრაზებდი, მე კი არა, შენ მოხვედი ჩემ გასაცნობად-მეთქი და ის პირიქით ამბობდა. სინამდვილეში, ოთო წყალში იყო. მე მივედი და მივესალმე, რადგან ვიცოდით ერთმანეთის შესახებ. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. 24 საათიდან 25 საათს ერთად ვატარებდით.


– თქვენს გარეგნობაზე ბევრს საუბრობენ. რითი მოგხიბლათ ასეთი ლამაზი გოგონა ოთარ აბესაძემ?


– ოთო ყველაზე სიმპათიური ბიჭია ამქვეყნად! როგორც მას მოეწონა ჩემი ვიზუალი, ასევე მომეწონა მეც. ეს – ერთი შეხედვით, მაგრამ დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ოთო არის არაჩვეულებრივი ადამიანი. მოსიყვარულე, კეთილი, მზრუნველი, ვაჟკაცური… რაც შეიძლება ქალს სჭირდებოდეს მამაკაცისგან, ყველა ღირსება და თვისება აქვს ამ ერთ ბიჭს.


– თქვენ რას საქმიანობთ?


– ერთ-ერთ კომპანიაში მარკეტინგის დირექტორი ვარ.

წყარო: სარკე