ლორა თორნტონი თავის კომენტართან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

  • pia.ge
  • 30 იანვარი 11:46, 2018 წელი

"ჩემი კომენტარი შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს, როგორც უსამართლო, საქართველოს ან აშშ-საქართველოს ურთიერთობების მიმართ. ვწუხვარ ამის გამო", - ამის შესახებ NDI-საქართველოს დირექტორი ლორა თორნტონი სოციალურ ქსელში წერს. 

ლორა თორნტონი განმარტებას აკეთებს მის წინა კომენტარზე, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობის კრიტიკა გამოიწვია. 

"სოციალურ მედიაში, ჩემ პირად გვერდზე გავაკეთე კომენტარი, რომელიც შეიძლება ინტერპრეტირებულ იქნას, როგორც უსამართლო, საქართველოს ან აშშ-საქართველოს ურთიერთობების მიმართ. ამის გამო ვწუხვარ, ვინაიდან ეს არ ყოფილა ჩემი განზრახვა. მე მჯერა საერთო ღირებულებებზე და ინტერესებზე დაფუძნებული მჭიდრო ურთიერთოებების და NDI ერთგულია თავისი საქმიანობის საქართველოში", - წერს NDI-ის საქართველსო ოფისის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა გუშინ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. ლორა თორნტონის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას მეზურნიშვილი პრესკონფერენციით გამოეხმაურა. საუბარია ლორა თორნტონის მიერ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსზე: 



"გასულ ღამეს, "იმედის" ჟურნალისტმა სიტყვასიტყვით მკითხა, ხომ არ გეგმავდა NDI-ი აშშ-ის და რუსეთის სამხედრო ძალებზე კითხვის ფორმულირებით ამერიკის პრეზიდენტის რუსეთთან დაპირისპირების ლობირებას. ხმამაღლა გამეცინა. ტრამპი რუკაზე საქართველოს დიდი ალბათობით ვერც იპოვის, არათუ თვალს ადევნებს აქ ჩატარებული კვლევის შედეგებს! მაგრამ მე მომწონს ვარაუდი, თითქოს ამხელა გავლენა გვაქვს!", - დაწერა ლორა თორნტონმა Facebook-ის პირად გვერდზე.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge