რატომ აარიდეს თავი პოსტმაკედონიურმა იმპერიებმა ქართველურ სამყაროსთან დაპირისპირებას

  • რეზონანსი
  • 29 იანვარი 19:38, 2018 წელი

ქრისტეშობამდე მეოთხე საუკუნის 30-იანი წლების კავკასია მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

ერთი მხრივ, ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შედეგად მსოფლიო გადანაწილება და, მეორე მხრივ, აბრეშუმის გზის მარშრუტის განსაზღვრისა და ჩამოყალიბების პროცესი მთავარი მოტივაცია გახდა აქ მცხოვრები ქართველური ტომებისთვის. არჩევანი უნდა შეჩერებულიყო როგორც სახელმწიფოებრივი, ისე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.


ქართველური ტომების პოლიტიკური მდგომარეობა განსხვავებული იყო - დასავლურ ქართულ ტომებს ბერძნულ-მაკედონიურ სახელმწიფოსთან ჰქონდათ ინტენსიური ურთიერთობა და ურთიერთგავლენაც თვალსაჩინო იყო. მსგავსი ტენდენციები შეინიშნება აღმოსავლურ ქართულ ტომებთან მიმართებით. რაც შეეხეება სამხრეთ და სამხრეთდასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ქართველ ტომებს, ისინი აქემენიდთა იმპერიის შემადგენლობაში იყვნენ. ერთ დროს მსოფლიო რანგის იმპერია თანამედროვე ტაო-კლარჯეთსა და მესხეთში მცხოვრებ ქართველებზე სრულ კონტროლს ფლობდა.


როგორ აუღო ალღო არიან-ქართლმა ახალ პოლიტიკურ რეალობას


ალექსანდრე მაკედონელის გამოჩენამ მნიშვნელოვნად შეცვალა იმდროინდელი მსოფლიო. ჯერ მთელი ბერძნული სამყარო გააერთიანა, შემდეგ კი დიდი ტერიტორიები შეიერთა. საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა აღმოსავლური ლაშქრობები, რისი წყალობითაც მაკედონელთა იმპერიამ ეგეოსის ზღვიდან ინდოეთამდე უწია.


გავგამელას ბრძოლის შემდეგ აქემენიდების იმპერია წარსულს ჩაბარდა, ამ იმპერიის შემადგენლობაში მყოფმა ქართველურმა ტომებმა მაკედონელთა გავლენა აღიარეს. ამ მხრივ განსაკუთრებულად იაქტიურა არიან-ქართლის, ანუ სპარსეთის ქართლის, იგივე მესხთა არქონტების ოჯახმა, რომელმაც კარგად განჭვრიტა პოლიტიკური ცვლილებები და შეეცადა მაკედონიის იმპერიისა და საკუთარ ინტერესთა თანხვედრა მომგებიანად გამოეყენებინა.


მაკედონელებიც ცდილობენ, არიან-ქართლის არქონტთა ოჯახს ამ თამაშში აჰყვნენ და კავკასიაში დასაყრდენი შეიქმნან. მთლიანი კავკასიის კონტროლი მაკედონიისა და პოსტმაკედონიის სახელმწიფოების მთავარი მიზანი იყო. მაგრამ ერთია მიზანი და მეორე - ამ მიზნის აღსრულება.


აქემენიდური პოლიტიკური გაკვეთილები მაკედონიელთათვის


ეს არ იყო იოლი საქმე, თავის დროზე უძლიერესმა აქემენიდების იმპერიამ სცადა დასავლურ ქართულ ტომებთან ურთიერთობის გარკვევა და მხოლოდ იმას მიაღწია, რომ უპრეცედენტო რეალობის წინაშე აღმოჩნდა - ვიწრობებსა და უღელტეხილებს ვერაფრით მოერია - მეომართა ურიცხვი რაოდენობა აქ არაფერს წყვეტდა, ამიტომაც კომპრომისზე წავიდა და, სამხედრო ვალდებულების გარდა, კოლხურ ტომებს ხარკად ხუთ წელიწადში ერთხელ 100 კაცისა და 100 ქალის გაგზავნა დააკისრა. იმდროინდელი საზომებით, ეს საკმაოდ მიზერული ვალდებულება იყო.


ბუნებრივია, ერთი მხრივ, კოლხთა უძლეველობის ამბავი და, მეორე მხრივ, აღმოსავლურ ქართველურ ტომთა ვალდებულებები აქემენიდებისადმი დაწვრილებით არ იციან მაკედონიელებმა, მაგრამ აშკარაა, რომ მათი უდიდესი, გრანდიოზული გეგმები გვერდს ვერ აუქცევს კავკასიას.


მათ ინფორმაცია აქვთ კავკასიის გეოსტრატეგიული ანატომიის შესახებ, იციან, რომ აქ მასშტაბური დაპირისპირება და სამხედრო ოპერაცია არაფრის მომტანია, ამიტომაც ცდილობენ, საქმე სხვაგვარად მოაგვარონ, დიპლომატიური თუ პოლიტიკური მანიპულაციები გამოიყენონ და საკუთარ მიზნებს ქართველთა საშუალებით, შიდა ინტრიგებით მიაღწიონ. და ხდება ის, რაც მსოფლიო ისტორიის განუყოფელი ნაწილია ყველა დროსა და სივრცეში - შიდა დაპირისპირების ინსპირაცია.


ამბავი არიან-ქართლის არქონტების გამორჩეული ამბიციებისა


არიან-ქართლის მესვეურთ სურთ, ქართველურ სამყაროში გამორჩეული როლი ითამაშონ, პირველობის სურვილი და ამბიციები ერთმანეთს ეჯაჭვება მკვიდრად. ამიტომაც ისინი მზად არიან, ჩრდილოეთისკენ წამოვიდნენ და უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიჭირონ. მათი მთავარი სამიზნე მცხეთელი მამასახლისების სახლეულობაა. გეოსტრატეგიული მდებარეობის წყალობით სწორედ მცხეთელი მამასახლისები აკონტროლებენ უმნიშვნელოვანეს გზებს და მათი პირველობაც ამ ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით თითქოს გარანტირებულია. თუმცა სხვაგვარად ფიქრობს არიან-ქართლიდან დაძრული ქართველთა ნაკადი. ისინი ვა-ბანკზე უნდა წავიდნენ, ამისთვის ფსიქოლოგიურადაც მზად არიან.


ამ განწყობას თვალს ადევნებენ პოსტმაკედონიური სახელმწიფოები, რომელნიც მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისას მოგებულნი რჩებიან. თუ აზომ იმარჯვა, მას ბერძენ-მაკედონიელთა მიმართ პოლიტიკური ვალდებულება აქვს და მათ თამაშს ითამაშებს. თუკი სამარა სძლევს აზოს, არც ეს ბრძოლა ჩაივლის უკვალოდ. დასუსტებული სამარა, მცხეთელ არქონტთა სახლეული, იოლად დასაძლევი ბარიერი იქნება მაკედონიელებისთვის.


ერთი სიტყვით, დიდი ალბათობით, აზო-სამარას დაპირისპირების იდეა, რომელიც, რეალურად, მესხეთისა და მცხეთის დაპირისპირებაა, შესაძლოა, მაკედონიელებიდან ნაკლებად მოდის, თუმცა შიდა ქართული არეულობა და ქაოსი სწორედაც რომ მაკედონიელთა წისქვილზე ასხამს წყალს. ამას კარგად გრძობენ ბერძნები და ამიტომაც სრულიადაც არაა გასაკვირი, რომ ხელს არ უშლიან არიან-ქართლის სამეფო წარმომადგენლებს შიდა ინტრიგების გაღვივებასა და პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებაში.


რატომ ჰქონდა მორალური ვალდებულებები აზოს მაკედონიელთა მიმართ


ეს ერთადერთი გზაა კავკასიის კონტროლისათვის, მაკედონიის იმპერია უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ადგილის, კავკასიის, გარეშე თავისი განვითარების სრულფასოვან პერსპექტივას ვერ დასახავს, ამიტომაც ზემოთქმული სპეციფიკიდან გამომდინარე, არ გაეკარა ახლოს ამ რეგიონს და შიდა დაპირისპირებების ფონზე შეეცადა გავლენის მოპოვებას.


მეტოქისადმი დამოკიდებულება, ნდობა და პატივისცემა მაღალ ხარისხში აქვს გასისხლხორცებული მაკედონელს, სწორედ ეს სინდრომი მუშაობს არიან-ქართლის არქონტთა ოჯახის მიმართ. ბუნებრივია, ადამიანური მომენტი, რომელიც მნიშვნელოვანი ნოვაციაა იმდროინდელი პოლიტიკისა, ჰუმანური განწყობა, პოლიტიკურ მოკავშირეებს განსაკუთრებულ ადამიანურ ვალდებულებებს აკისრებს.


ამ რეალობით უნდა იყოს გაჯერებული მაკედონიურ ელიტასთან დაახლოებული აზოს დამოკიდებულება ახალი იმპერიისადმი. ეს არაა ძალადობა, ეს ერთგვარი გლობალიზაციის ფორმაა, სადაც ყველა თავისი კულტურითა და გამორჩეული ნიშნით შედის, თუმცა ამ გლობალიზაციის მექანიზმში საჭიროა იმ ნიშის მოძებნა, ერის სიცოცხლისუნარიანობის გარანტი რომ იქნება.


სწორედ ამ პოლიტიკურ ფონზე აქემენიდებისგან თავდახსნილ არიან-ქართლს სხვა კონცეფტუალური ფუნქცია დაეკისრა. ის თავისუფალია არჩევანში, პოლიტიკური დიქტატი აღარ აწუხებს, ახალი იმპერიებიც აღარ ითხოვენ მისგან მონურ მორჩილებას. ამიტომაც იწყება იდეური ძიების პროცესი - რა გზას ეწიონ, რა გზას დაადგნენ.


რა პრივილეგიები ჰქონდა არიან-ქართლს აქემენიდთა იმპერიაში


აქემენიდების შემადგენლობაში არიან-ქართლი მჭიდროდაა ინტეგრირებული. არიან-ქართლს ინტენსიური კონტაქტი ჰქონდა სპარსულ კულტურულ გარემოსთან, რასაც მოწმობს თუნდაც ის მცირე დეტალი, რომ სახელი აზო არაა ბერძნული, ის აქემენიდური წარმომავლობისაა.


კარგად მოერგო არიან-ქართლი აქემენიდურ სახელმწიფოებრიობას, მის ბიუროკრატიას. ის ერთგვარად პრივილეგირებულია. მას მიზერული ხარკის - 300 ტალანტის გადახდა უწევს. როგორც წესი, სხვა სატრაპიები 1500 ტალანტს იხდიან, ქართველებზე ნაკლები გადასახადი აქვთ სპარსელთა მონათესავე მიდიელებს - 200 ტალანტი, ამიტომაც პრივილეგიებს გაშინაურებულები ვერ ელევიან პირველობის განცდას.


სწორედ ამ ფონზე ჩნდება ამბიცია, ქართველურ სამყაროში არიან-ქართლი გახდეს პრივილეგირებული და მთავარი ძალა, რაც სხვა არაფერია, თუ არა ფსიქოლოგიური განწყობა, შეადუღაბოს ქართველური სამყარო. არადა, ამისთვის საჭიროა მცხეთელ არქონტთა წინააღმდეგობის დაძლევა, რაც სრულიადაც არაა იოლი საქმე, მცხეთელ მამასახლისებს დიდი კოზირები აქვთ ხელთ. სწორედ ამ ფონზე იკვეთება მაკედონიელთა მხარდაჭერის საჭიროება.


ამბავი არიან-ქართლის უნიკალური კოზირისა


ისიც სათქმელია, რომ არც აზოა უშანსოდ, მასაც აქვს საკმაოდ დიდი უპირატესობა მცხეთელ მამასახლისებთან მიმართებით. ირანის ქართლს აქემენიდური სახელმწიფოს შემადგენლობაში მოუწია არსებობა, რაც საკმაოდ დიდი გამოცდილებაა სახელმწიფოებრივი მართვის თვალსაზრისით.


დარიოს პირველის მიერ გატარებულმა რეფორმებმა მცირე კორექტივებით თითქმის უცვლელად გაძლო ორი საუკუნის განმავლობაში, რაც ძველი მსოფლიოს ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა. იგი ეფექტური მექანიზმი აღმოჩნდა უზარმაზარი ქვეყნის მართვისას. არიან-ქართლის არქონტი ამ ბიუროკრატიულ მექანიზმში თავადაც მონაწილეობს და იცის ბევრი დეტალი, იცნობს მართვის ფორმებს, მეთოდებს, იმ კულუარებს, რაც თან სდევს ასეთი მექანიზმის გამართულობასა თუ გაუმართაობას.


ბუნებრივია, ეს არიან-ქართლის დიდ უპირატესობას ცხადყოფს. პოსტმაკედონიურ სივრცეში ელინისტური გლობალიზაციის პირობებში ქართველთა თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის უპირველესია სწორედ სახელმწიფოს ჩამოყალიბება და ამ მხრივ უდიდესი მნიშვნლობა აქვს აზოს სახელმწიფოებრივი საქმიანობის გამოცდილებას, ამ მხრივ კი უკეთესი, ვიდრე აქემენიდების იმპერიის მექანიზმების დეტალურად ცოდნა, მართლაც არაფერი იყო.


ერთი სიტყვით, ქრისტეშობამდე მეოთხე საუკუნის 20-იან წლებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ აზო და სამარა, ერთი მხრივ, სახელმწიფოებრივი ცხოვრების გამოცდილება და, მეორე მხრივ, გეოსტრატეგიული კოზირი.


საცნაური კი ისაა, რომ სულ მალე ორივე კოზირი უმნიშვნელოვანეს ფუნქციას შეიძენს სახელმწიფოებრივი ერთიანობის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ერთი შეხედვით, არიან-ქართლის პოლიტიკური ნაკადი ამ დაპირისპირებისას თითქოს უარყოფით როლს თამაშობს, თუმცა მოვლენათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ ეს სრულიადაც არ არის უსარგებლო.


რატომ მოუგო აზომ ბრძოლა მცხეთელ არქონტებს


დაპირისპირება აზოს გამარჯვებით დასრულდა. იმ დროისათვის ბრძოლის უახლოეს მეთოდებს უკეთესად უნდა ფლობდნენ არიან-ქართლიდან მოსულნი. მათ ხომ მაკედონიური და პოსტმაკედონიური სახელმწიფოები უმაგრებენ ზურგს.


რაც ხდება, საკმაოდ ლოგიკურია, ასეთი უპირატესობის ფონზე, განწირული იყო მცხეთელ არქონტთა სახლეულობა. სწორედ ამიტომაც აზომ, ფაქტობრივად, ხელისუფლების სრული უზურპაცია შეძლო, განადგურდა მცხეთელი მამასახლისის ოჯახის წევრთა უმრავლესობა. ვინც გადაურჩა ამგვარ სისასტიკეს, მათ შორის სამარას ძმისშვილი ფარნავაზი, გადამალეს.


სწორედ მცირეწლოვანი ფარნავაზი გახდება ახლო მომავალში უმნიშვნელოვანესი ფიგურა საქართველოს ისტორიისა. სწორედ ის მოახერხებს მცხეთელი მამასახლისების ტახტის აღდგენას, თუმცა ეს არ იქნება ძველი ხელისუფლების რესტავრაცია - ეს თვისებრივად ახალი მექანიზმია ქვეყნის მართვისა, გვარტომობრივი ჩარჩოებიდან მნიშვნელოვნად გასული.


მაგრამ მანამდე უმძიმესი მდგომარეობაა - სამარას დიქტატი სხვა არა არის რა, თუ არა მაკედონიური სახელმწიფოს ინტერესების გატარება. ბუნებრივია, ეს პოლიტიკა ხორციელდება ქართული ეროვნული ინტერესების შეზღუდვის ხარჯზე, აზოს პოლიტიკური ვალდებულებები აქვს პოსტმაკედონიური სამყაროსადმი. აქ ელინისტური გლობალიზაციაა მთავარი.


ეს ის დროა, როცა საჭიროა ახალ პოლიტიკურ რეალობაში საკუთარი თავის პოვნა, ეს სინდრომი განსაზღვრავს, რამდენად სიცოცხლისუნარიანია ერი.


სწორედ ეს მექანიზმი, ეს ფუნქცია ვერ იპოვეს ისეთმა გავლენიანმა სახელმწიფოებმა, როგორებიც იყვნენ ლიდია, ფრიგია, ლიკია და იმდროინდელი პოლიტიკის სხვა არაერთმა უმნიშვნელოვანესმა ცენტრმა. ამ მიზეზით გაქრნენ ისინი მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან.


ჟამი ასპარეზზე ქუჯის გამოსვლისა


ამიტომაც იყო საჭირო უმნიშვნელოვანესი სტრატეგიის განსაზღვრა. ჩანს, რომ ქრისტეშობამდე მეოთხე საუკუნის 20-იანი წლებისას ქართულ რეალობაში მთელი სიცხადით აქვთ გაცნობიერებული მოსალოდნელი საფრთხე, რაც ერთიანი ეროვნული თვითშეგნების ნიშანია და სწორედ ამ რეალობაში ასპარეზზე გამოდის ეგრისის ერისმთავარი ქუჯი, კაცი, რომელმაც ხონჩით მიართვა საკუთარი მამული მომავალ მეფეს, მსოფლიო ისტორიაში უნიკალური პერსონა, რომელიც სურამის ციხის ზურაბივით მკვიდრად ჩაეკირა ერთიან საქართველოს.


ქრისტეშობამდე მეოთხე საუკუნე ამ ულამაზესი განწყობითა და სურათით გაიჯახუნებს კარს.

წყარო: რეზონანსი