რა უნდათ ჩრდილოეთ კორეელებს აფხაზეთში

  • რეზონანსი
  • 29 იანვარი 10:23, 2018 წელი

აშშ-ის მხრიდან ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების "შავ სიაში" მოხვდა რუსეთში ჩრდილოეთ კორეის ვიცე-კონსულის წარმომადგენლობა ოკუპირებულ აფხაზეთში.

აფხაზური მედია წერს, დაახლოებით 2 წელია, სოხუმში ფხენიანიდან ჩასული დიპლომატი იმყოფება და ჩრდილოეთ კორეიდან მუშების ჩამოყვანასა და მშენებლობაზე დასაქმებას კურირებს.


ცნობისათვის, აშშ-მა ბირთვულ საფრთხესთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა. სანქციები დაუწესდა 9 ორგანიზაციას, 16 პირსა და 6 ხომალდს.


როგორც რუსული და აფხაზური მედია წერენ, სანქციების სიაში შევიდნენ ჩრდილოეთ კორეის მმართველი - "კორეის შრომის პარტიის" წარმომადგენლები, მათ შორის რომლებიც მუშაობენ რუსეთშიც. მაგალითად, საკონსულოების წარმომადგენლები მსხვილ რუსულ საზღვაო ქალაქებში - ვლადივოსტოკში, ტიუმენსა და ნახოდკაში. ასევე, ნახოდკის ვიცე-კონსულთან ერთად, სიაში აღმოჩნდა მისი წარმომადგენელი აფხაზეთში პაკ ტონგ სოკი.


საგულისხმოა, რომ სოხუმში დიპლომატიური სტატუსით მყოფი პირი ჩრდილოეთკორეული "რიონბონის" კორპორაციის წარმომადგენელია აფხაზეთში და იქ მუშების ჩაყვანას კურირებს. "2017 წლის აგვისტოში პაკ ტონგ სოკმა ხელი შეუწყო ჩრდილოეთ კორეელი მუშების ოკუპირებულ აფხაზეთში ჩაყვანას", - ნათქვამია აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


როგორც ცნობილია, თავად კორპორაცია "რიონბონი" დაკავებულია ჩრდილოეთ კორეისთვის თავდაცვითი აღჭურვილობის შეძენით და ამიტომაც მოხვდნენ კორპორაციის წარმომადგენლები "შავ სიაში". აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელ სტივენ მნაჩინის განცხადებით, "აშშ სისტემატურად აკვირდება იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც კიმ ჩენ ინის რეჟიმს და ჩრდილოეთ კორეის შეიარაღების პროგრამებს აფინანსებენ".


სანქციები ითვალისწინებს იმ აქტივების დაბლოკვას, რასაც ეს ადამიანები თუ ფირმები აშშ-ში ფლობენ. ასევე, აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ ამ პირებთან რაიმე ურთიერთობა.


აფხაზი ჟურნალისტი წერს, რომ ბოლო ორი წელია, აფხაზეთში ჩრდილოეთ კორეიდან მუშების შრომითი მიგრაცია ხდება. ახლაც სოხუმში, ტურბაზის რაიონში, წითელი ხიდის მახლობლად რამდენიმესართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე 44 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი მუშაობს. მათ ყველა დოკუმენტი წესრიგში აქვთ - ყველა მათგანს აქვს ე.წ. ვიზა, "აფხაზეთში მუშაობის ნებართვა" და სამედიცინო ბარათებიც კი.


ქალაქში, განსაკუთრებით საღამოობით, აფხაზეთისთვის უჩვეულო ადამიანების ჯგუფიც შეიძლება ნახოთ, რომლებსაც ერთნაირი ხაკისფერი ტანსაცმელი აცვიათ და კეპები ახურავთ. ეს ადამიანები ჩრდილოეთ კორეიდან არიან.


აფხაზი ჟურნალისტის თქმით, მათ კეთილსინდისიერი მუშის, თავიანთი საქმის სპეციალისტის რეპუტაცია აქვთ. ამ ჯგუფს კოორდინატორი ჰყავს, რომელიც აფხაზეთში ჩრდილოეთ კორეელების სამუშაოდ ჩამოყვანის ყველა საორგანიზაციო საკითხს აგვარებს. იგი ვიცე-კონსულის წარმომადგენელია, რომელსაც აშშ-მ სანქცია დაუწესა.


"ექსპერტთა კლუბის" წევრ ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, აფხაზეთში მყოფი ჩრდილოეთ კორეელის ამ "შავ სიაში" შეყვანა მისთვისაც სიახლე იყო, რადგან ჩრდილოკორეელების სოხუმში ყოფნის შესახებ მან არ იცოდა.


ცქიტიშვილის აზრით, საეჭვოა, რომ თავად ჩრდილოეთ კორეა დაინტერესდა აფხაზეთით და თუნდაც დიპლომატიური სტატუსის მქონე პირის სოხუმში ყოფნა მოასწავებდეს, რომ ფხენიანში აფხაზეთის "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" აღიარებაზე ფიქრობენ.


"რაში დასჭირდათ რუსეთში, რომ ჩრდილოეთ კორეის ვიცე-კონსულს წარმომადგენლობა ჰქონდეს აფხაზეთში? ალბათ რაღაც კერძო ბიზნეს ინტერესებია. ეტყობა, რუსეთში სამუშაოდ ჩასული ჩრდილოკორეელების რაღაც მცირე ნაწილი გადაისროლეს სოხუმში გარკვეულ სამუშაოებზე. სოხუმში მომუშავე ნებისმიერ ჩრდილოკორეელს რომ ჰკითხოთ, სად მუშაობს, ყველა იტყვის, რომ რუსეთში. პოლიტიკურ დონეზე რაიმე ურთიერთობა რომ ჰქონდეს ფხენიანს აფხაზეთთან, ამას აფხაზებიც იტყოდნენ და გააპიარებდნენ.


"არ მგონია, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება იყოს დაინტერესებული აფხაზეთით. დღეს არც სცალიათ, აფხაზეთის საკითხი განიხილონ. გამორიცხული არაფერია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ სირიასაც ჯერჯერობით არ უღიარებია აფხაზეთი, მით უფრო, რომ იქ მთლიანად რუსეთი დომინირებს, უახლოესი წლების განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ამ კუთხით რაიმე მოქმედებას არ ველოდები.


"ვიცით, რომ ფხენიანი პოლიტიკურად მიბმულია მოსკოვზე და გვესმის, რომ თუ ეს საკითხი რუსეთს ძალიან დააინტერესებს, რაღაც საფასურის ნაცვლად შეიძლება მიიღოს ჩრდილოეთ კორეისგან "აღიარება", მაგრამ თავად კრემლსაც არ აღელვებს ეს საკითხი. ეს საკითხი არც რუსეთისთვისაა აქტუალური და არც ჩრდილოეთ კორეისთვის", - მიიჩნევს ცქიტიშვილი.

წყარო: რეზონანსი