სომეხი პოლიტიკოსი ქართველი მესაზღვრეების წინააღმდეგ ჩივილს გეგმავს

  • რეზონანსი
  • 29 იანვარი 10:18, 2018 წელი

ქართველმა მესაზღვრეებმა სომხეთის ოპოზიციური პარტია "ერკირ ცირანის" ხელმძღვანელი ზარუი პოსტანჯიანი საქართველოში არ შემოუშვეს.

იგი "საერთოსომხური დაუმორჩილებლობის დღისთვის" აგიტაციის ღონისძიების გასამართად ახალქალაქში გეგმავდა ჩამოსვლას.


რას გულისხმობს ეს "საერთოსომხური დაუმორჩილებლობა", გაურკვეველია. აღსანიშნავია, რომ 2 მარტს სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს და, ერთი ვერსიით, სწორედ ამას და სომხეთის მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება. თუმცა, ზოგიერთი საინფორმაციო წყაროს ცნობით, მისი პარტიის მიერ ინიცირებული ეს კამპანია მიზნად ისახავს "სომხების აჯანყებას და ქართული ოკუპაციის ქვეშ მყოფი ჯავახეთის თვითგამორკვევას".


საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ. მათი ცნობით, პოსტანჯიანის მთავარი მიზანია საქართველოში მცხოვრები სომხების ჩართვა სომხეთში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში, რაც მიუღებელია.


აღსანიშნავია, რომ თავად პოსტანჯიანის თქმით, მან მსგავსი ღონისძიება დაახლოებით 2 თვის წინ უკვე ჩაატარა ჯავახეთში და მაშინ ქართველ მესაზღვრეებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.სომხური საინფორმაციო წყაროების ცნობით, სომეხმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სომხეთის მხრიდან საზღვარი დაუბრკოლებლად გადალახა საკონტროლო-გამშვებ პუნქტ "ბავრასთან", მაგრამ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტ "ნინოწმინდაზე" მას უთხრეს, რომ ეკრძალებოდა საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა.პოსტანჯიანის თქმით, იგი შეეცადა, მესაზღვრეებთან დაეზუსტებინა, რა მიზეზით არ უშვებდნენ საქართველოში, ხომ არ არის ეჭვმიტანილი რაიმე დანაშაულში, ან ხომ არ არის ინფიცირებული რაიმე საშიში გადამდები დაავადებით. პასუხად კი მიიღო, რომ მისი არშეშვების მიზეზი "კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა იყო.


სომხურ რადიო "აზატუტიუნთან" საუბარში პოსტანჯიანი აცხადებს, რომ იგი საქართველოში, სავარაუდოდ, სომხეთის ხელისუფლების თხოვნით არ შეუშვეს.


ცნობისათვის, იგი სომხეთის მოქმედი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის, რადიკალურ ოპონენტად მიიჩნევა. 2015 წელს მომხრეებთან ერთად თბილისში სომხური ეკლესიის გახსნის ცერემონიაზე, რომელსაც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სარგსიანი და საქართველოს მაშინდელი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ, სარგსიანის საწინააღმდეგო მცირე აქციაც მოაწყო.


"ახალქალაქში "საერთოსომხური დაუმორჩილებლობის დღისთვის" აგიტაციის ფარგლებში ღონისძიების გასამართად მივემგზავრებოდით. არანაირი პრეტენზია ჩვენი თანაპარტიელების მიმართ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე არ გამოთქმულა. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ჩვენს არშეშვებაში სომხეთის ხელისუფლების ხელი ურევია. ვაპირებთ, ქართველ მესაზღვრეებს ვუჩივლოთ. 2 დღის წინაც ვიყავით ახალქალაქში და არანაირი ინციდენტი არ ყოფილა", - აცხადებს პოსტანჯიანი.


ცნობისათვის, ზარუი პოსტანჯიანი 2007-2017 წლებში იყო სომხეთის პარლამენტის წევრი. პროფესიით იურისტი პოლიტიკაში 2002 წლიდან არის ჩართული. იგი მთელი ამ წლების განმავლობაში საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებზე გამოდიოდა პარტია "მემკვიდრეობის" სახელით, გასულ წელს კი პარტიის რიგები დატოვა და დამოუკიდებლად ჩამოაყალიბა პარტია "ერკირ ცირანი" ("გარგარის ქვეყანა"). იგი 2009 წლიდან გამოდის მთიანი ყარაბაღის აღიარების ინიციატივით, მაგრამ ხელისუფლება მას უარყოფდა და თავის გადაწყვეტილებას იმით ხსნიდა, რომ ყარაბაღის აღიარება მოლაპარაკების პროცესზე ცუდ გავლენას იქონიებდა.


პოსტანჯიანის სახელთანაა დაკავშირებული 2013 წლის სკანდალი, როდესაც იგი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სომხეთის პრეზიდენტის აზარტული თამაშებით გატაცების თემას შეეხო. მან სარგსიანს დაუსვა კითხვა - მართლაც წააგო თუ არა ევროპის კაზინოებში 70 მილიონი ევრო, რაც პრეზიდენტმა კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ის ევროპაში არც ერთ კაზინოში არ ყოფილა და არც ამდენი ფული აქვს - "მე კაზინოებში არ ვთამაშობ", - თქვა მან. ამის შემდეგ, მმართველი პარტიის ინიციატივით, პოსტანჯიანი სომხეთის საპარლამენტო დელეგაციიდან გარიცხეს.


საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენელ სანდრო ოჰანიანის თქმით, ზარუი პოსტანჯიანის ახლად ჩამოყალიბებული პარტიის პლატფორმაზე არაფერი სმენია, არც აინტერესებს და იგი ამის თაობაზე საქართველოში არ უნდა ჩამოდიოდეს.


"ამ ინციდენტის შესახებ მსმენია. ზოგადად კი, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქართველი მესაზღვრეები სომეხ მოქალაქეებს არ უშვებენ საქართველოს ტერიტორიაზე. მიზეზების შესახებ სჯობს, შესაბამის ორგანოებს ჰკითხოთ.


"რამდენადაც ვიცი, პოსტანჯიანი პოლიტიკური აქტიურობისთვის აპირებდა აქ ჩამოსვლას, რაც არ არის სწორი. საქართველოც და სომხეთიც სუვერენული სახელმწიფოები არიან, შიდა პრობლემები თავიანთ იურისდიქციაში უნდა მოაგვარონ და სხვა ქვეყანაში არ უნდა გადაიტანონ. ჩანს, რომ არ არის წამყვანი ოპოზიციონერი ძალა. მისი პლატფორმა ჩემთვის უცნობია და, ზოგადად, არც ვერევით სომხეთის შიდა საქმიანობაში.


"რამდენადაც ვიცი, საუბარი იყო საკუთარი პოლიტიკური პლატფორმის გაცნობაზე საქართველოში მცხოვრები სომეხი მოქალაქებისთვის. აჯანყებაზე ან პროპაგანდაზე საუბარი არ ყოფილა. ყოფილი დეპუტატია და ალბათ საქართველოსაც ხშირად სტუმრობდა, მაგრამ მისგან პროპაგანდა და ანტიქართული განცხადებები არასდროს ყოფილა", - განუცხადა "მთელ კვირას" ოჰანიანმა.


საქართველოს პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველ ვან ბაიბურთის თქმით, პოსტანჯიანი საქართველოში მცხოვრები სომხების ჩარევას აპირებს სომხეთის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც აქ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის მიუღებელია.


"ეს ქალბატონი სომხეთში რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენს. ამ ადამიანმა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა 2015 წელს, როდესაც სომხეთის პრეზიდენტ სარგსიანს თბილისში აქცია მოუწყო. მიგვაჩნია, რომ ასეთი რაღაცები ჩვენთვის მიუღებელია. იგი თავის პოლიტიკურ საქმიანობაზე აპირებდა საუბარს და ეს არ ეხება იმათ, ვინც სომხეთში არ ცხოვრობს.


"საქართველოს მოქალაქე ეთნიკური სომხების ჩათრევა უნდა მის პოლიტიკაში, რაც მიუღებელია. რასაკვირველია, სომხეთი არის ჩვენი ისტორიული სამშობლო და იქ თუ რამე პრობლემებია, რა თქმა უნდა, გული შეგვტკივა, მაგრამ ახლა ისეთი არაფერი ხდება, რომ საჭიროებდეს ჩვენს ჩართვას. მას რატომ უნდა ჩვენი ჩართვა, არ ვიცი.


"არ მგონია, სომხეთის ხელისუფლების მოთხოვნა ყოფლიყო. როგორც ჩანს, საქართველომ იფიქრა, რომ ამან შეიძლება ზიანი მოუტანოს სომხეთს და დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება. საქართველოს მიმართ აბსოლუტურად დადებითი დამოკიდებულება აქვს, უყვარს ქართველები და საქართველო იმიტომ, რომ აქ ყველაფერი კეთდება, რათა სომხეთის მოქალაქემ თავი კარგად იგრძნოს. ამაზე ზრუნავს საქართველოს ხელისუფლება, რაც სომხეთში კარგად იციან. შესაბამისად, მისი მხრიდან ანტიქართული განცხადებები არ მსმენია", - გვითხრა ვან ბაიბურთმა.


ქართველ მესაზღვრეებთან კამათის შემდეგ ზარუი პოსტანჯიანმა და მისმა მომხრეებმა დაგეგმილი ღონისძიება მაინც გამართეს, ოღონდ სომხეთის ქალაქ გიუმრიში.


"ყველა ინსტანციაში ვიჩივლებ, მათ შორის სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მოვითხოვ ჩემი შელახული უფლებების აღდგენას და ზარალის ანაზღაურებას. მე ჯავახკში გარკვეული მიზნით მივდიოდი და მათ ხელი შეუშალეს ჩემს გეგმებს", - განაცხადა სომეხმა ოპოზიციონერმა.

წყარო: რეზონანსი