როგორ გადაეყარა ალაზნის ტყეში ილია "კაკო ყაჩაღს"

  • რეზონანსი
  • 26 იანვარი 13:53, 2018 წელი

როგორ გადაეყარა ალაზნის ტყეში ილია "კაკო ყაჩაღს":

"ილია და მე ერთად შევიზარდენით, რაც ჩემი თავი მახსოვს, იმ დღიდან მახსოვს ილიაც. ილია ერთი წლით ჩემზედ უფროსი იყო, გიმნაზიაშიც ერთად ვიყავით და სტუდენტობის დროს ერთ ოთახში ვცხოვრობდით. როგორც მახსოვს, ილია პატარაობიდანვე ლექსებს წერდა" - ასე იხსენებდა თავის მოგონებებში ცნობილი საზოგადო მოღვაწე და ეროვნულ-განმათავსუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ილიას ახლო ნათესავი კოტე აფხაზი ილია ჭავჭავაძეს. დღევანდელ სტატიაში, ჩვენც გვინდა, გავიხსენოთ კოტე აფხაზის მოგონებებში შემონახული რამდენიმე ამბავი ილიას ცხოვრებიდან.


კოტე აფხაზი: "მახსოვს ასეთი შემთხვევა. ილია იქნებოდა ესე 11 წლისა. ჩვენს სოფელში - კარდანახში ვიყავით. კვირა დღე იყო და ერთი ოცი თუ თხუთმეტი ვერსის მანძილზე მამაჩემს მამითადი ჰქონდა. ჩვენც იქ წავედით. მთელი დღე ვუცქეროდით გახურებულ მამითადს. საღამოთი შინასაკენ დავბრუნდით და კარდანახიდან რომ ასე 7 ვერსის სავალი დაგვრჩა, კოკისპირული წვიმა დაუშვა და მთელი ნიაღვარი მოვარდა. მეტი გზა არ იყო, შევბრუნდით ახლო მდებარე სოფელში - ჩალაუბანში და ღამეც იქ გავატარეთ, მაგრამ მთელი ღამე არ მოგვითვლემია.


ერთს გლეხკაცის სახლში ვიწექით და ღამე იმოდენა მკბენარი დაგვეხვია, რომ გამთენიისას გამოვვარდით გარეთ ლოგინითურთ და ერთს დიდს კაკლის ქვეშ გავშალეთ და ცოტა გამოვიძინეთ. აი, სწორედ აქ დაწერა ილიამ თავისი პირველი ლექსი "რწყილები". საუბედუროდ, ეს ლექსი არ შემონახულა და არ ვიცი, რა უყო ილიამ. მახსოვს მარტო, რომ ამ ლექსში დიდის ოხუნჯობით და მეტად კომიკურად იყო აღწერილი ჩვენი რწყილებთან ბრძოლა და ლექსმა ბევრი გვაცინა...


მამულისადმი უანგარო სიყვარული პატარაობიდანვე შეჰყვა ილიას, მეტის მეტად უყვარდა ბაასი გლეხებთან, მეტადრე მოხუცებულებთან. ჰკრეფდა და აგროვებდა ზღაპრებს, ანდაზებს, გამოცანებს. უყვარდა მესტვირეები და სიამოვნებით უგდებდა ყურს. საზოგადოდ კი, მუსიკას არ სწყალობდა და არც ესმოდა. მე მისი მარტოდ მარტო ერთი სიმღერა მახსოვს. ხშირად ოთახში ბოლთასა სცემდა და უცნაურის კილოთი ღიღინებდა "ანგლისკი ლორდ, სვაბოდენ ი გორდ"...


დიდი თაყვანისმცემელი იყო ილია ინგლისის სახელმწიფო წესწყობილებისა, აღმერთებდა გარიბალდის და პატივსა სცემდა გლასტონს. არ ვიცი, ვინ იყო ისეთი პირი, რომელსაც გავლენა ჰქონდა პატარა ილიაზედ, რომელმაც შთაჰბერა მას გულში სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ხალხური ხელოვნებისადმი სიყვარული. მე მგონია, რომ ეს შემდეგში შეიგნო ილიამ, მეტადრე როდესაც მომრიგებელ შუამავლად და მოსამართლედ იყო, სადაც ხშირად ხვდებოდა და ახლოს ეცნობოდა ჩვენს ხალხს".


პეტერბურგში ილიასთან გატარებულ წლებს კი კოტე აფხაზი ასე იხსენებს: "უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა... ჩვენ, სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო საკითხებზე, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზე. ვკითხულობდით ხშირად ქართულ წიგნებს. ილია მღელვარედ ადევნებდა თვალყურს ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას ევროპაში და როდესაც 1860 წლის გაზაფხულზე გარიბალდიმ აიღო მესინა, ხოლო შემდეგ იტალიის ნახევარკუნძულზე გადავიდა, ილია ამას აღფრთოვანებული მიესალმა ლექსით "მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა".


http://www.resonancedaily.com/rubrics/rubs5/artc43412/a1516905742.jpg


კოტე აფხაზის მოგონებებით გახდა ცნობილი ილია ჭავჭავაძისა და გენერალ ჩაიკოვსკის ასულ ალექსანდრას სიყვარულის ამბავიც. პეტერბურგში, გენერალ ჩაიკოვსკის ოჯახში, ილია და კოტე აფხაზი სასურველი სტუმრები იყვნენ. სწორედ მაშინ მოიხიბლა ახალგაზრდა ილია ალექსანდრას სილამაზით და საქართველოში თავისი დისთვის ასეთი წერილი მოუწერია:


"ერთი რამა მაქვს შენთვის სათხოვარი და თუ გიყვარდე, თუ ჩემი მცირედი სიყვარული გაქვს, ამისრულე. ერთმა ქალმა ვერცხლის ქამარი მთხოვა ხანჯლითა და დავპირდი. შენი ჭირიმე, ნინუცი, ნუ გამიმტყუნებ იმ ქალთან. მერე უნდა იცოდე, რა ქალია! იმათ ოჯახში როგორც შვილი, ისე ვარ მიღებული. ასეთი დედ-მამა ჰყავს, რომ თავი შემაყვარეს. თუ შეიძლება, შენი სულის ჭირიმე, ნინო, სააღდგომოდ გამომიგზავნე. ვიცი, რომ გიყვარვარ..."


ილიას გატაცება იმით დასრულდა, რომ ალექსანდრა ცოლად გაჰყვა ლევ დავიდოვს, თუმცა სატრფოსადმი მიძღვნილი ლექსი "ჩაიკოვსკაია" ილიას შემოქმედებაში მაინც დარჩა.


"კაკო ყაჩაღის" ისტორიას კი კოტე აფხაზი ასე იგონებს:


"რაც შეეხება ილიას შემოქმედებას და მისი ნაწარმოებების ისტორიას, მე მხოლოდ "კაკო ყაჩაღის" შესახებ მახსოვს კარგად, რომ კაკო პირდაპირ ცხოვრებიდან არის აღებული. კაკო გახლდათ ერთი კარდანახელი გლეხი, ვინმე გაუხარაშვილი, რომელმაც მართლა ესროლა თავის ბატონს (რომელიღაც ვაჩნაძეს) და ყაჩაღად გავარდა. იმალებოდა ალაზნის (კარდანახის) ტყეში...


ერთხელ ილია სწორედ ამ გზით მოდიოდა ჩვენსა, კარდანახში, თან ახლდა მოსამსახურე ბიჭი. უცბათ ერთ ალაგას წინ გადასდგომია შეიარაღებული გაუხარაშვილი და შეუჩერებია. გამოუკითხავს ვინაობა და მოგზაურობის მიზანი. რომ გაუგია ჭავჭავაძის გვარი, უკითხავს, ჭავჭავაძეს კარდანახში რა უნდაო. ბიჭს აუხსნია, რომ კარდანახში თავის ნათესავ აფხაზთან მიდისო. მაშინ ყაჩაღს თოფი დაუშვია და ილია მიუწვევია ბინაზე. კარგად გამასპინძლებია და დაუთვრია კიდეც. ასე რომ, ილია როდესაც ჩვენსა მოვიდა, ბარბაცებდა და მარტო იმას გაიძახოდა ენის ბორძიკით, დამაძინეთ, დამაძინეთო! მეორე დღეს კი გვიამბო თავის თავგადასავალი, ხოლო დაუმატა, რომ გაუხარაშვილი სულ ბატონებს წყევლის და აგინებსო".


"რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან" ილიამ 1860 წელს დაწერა. პირველად პოემა გამოქვეყნდა 1863 წელს ჟურნალ "საქართველოს მოამბეში", ხოლო სრული სახით - 1873 წელს ჟურნალ "ივერიის" ფურცლებზე.

წყარო: რეზონანსი