დავით მათიკაშვილი: ობიექტური კითხვები სასამართლოს მიმართ იკლებს

  • pia.ge
  • 25 იანვარი 19:43, 2018 წელი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საბედნიეროდ ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია იმას, რომ დღეს ობიექტური კითხვები სასამართლოსა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ დღითიდღე იკლებს.

"როდესაც ამ კონკრეტულ საქმეზე ვსაუბრობთ, შეცდომაში არ უნდა შევიდეს საზოგადოება და აუცილებლად უნდა ითქვას, რომ გიორგანაშვილი არა მოხმარებაზე, არამედ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაზე იქნა მსჯავრდებული სასამართლოს მიერ და შესაბამისი განაჩენის მიხედვით მას ჩხრეკისას 45 აბზე მეტი სუბუტექსი ამოუღეს. ეს დაახლოებით 200 ადამიანზე გაცილებით მეტის მოხმარებისთვის საკმარისი დოზაა და არა მგონია, რომ ჩვენ ისეთ ნარკოპოლიტიკაზე უნდა ვისაუბროთ, რომ ამ რაოდენობის ნარკოტიკის შენახვაზე ადამიანი არ დაისაჯოს მიუხედავად იმისა, მას გასაღება უმტკიცდება თუ არა. ჩვენ, მხოლოდ ვსაუბროთ ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებულ ლიბერალიზაციაზე და არა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვის მიმართ ლიბერალიზაციაზე.


ნამდვილად მგონია, რომ ასეთი საქმეები არ უნდა იქნას გამოყენებული თავისუფალი სასამართლოს, პოლიციის და პროკურატურის წინააღმდეგ.


რა თქმა უნდა ჩვენ, ვფიქრობთ, რომ ნარკომომხმარებლებს უნდა ვუმკურნალოთ და გამოსავალი მათი დასჯა არ არის, მაგრამ ამავე დროს მკაცრები უნდა ვიყოთ ნარკოგამსაღებლების და იმ პირების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ოდენობა ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში იმხილებიან.
ვფიქრობ, რომ განსხვავებულ პოზიციებს შორის ჩვენ შევძლებთ მათ დაახლოებას და სწორი ნარკოპოლიტიკის შექმნას", - განაცხადა მათიკაშვილმა.

გიორგი გიორგანაშვილს 8 წელი მიუსაჯეს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge