ანრი ოხანაშვილი: სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გატარებას აბრალებენ

  • pia.ge
  • 25 იანვარი 19:19, 2018 წელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილის აზრით,  სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას, რომლის მმართველობის პერიოდში ნარკოტიკის მხოლოდ მოხმარებისთვის პატიმარი არ არსებობს, ეუბნებიან, რომ ახორციელებს რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას.

"ადამიანურად მესმის მსჯავრდებულის გულშემატკივრების, მაგრამ, მისი პოზიციის დაცვა არ უნდა მოხდეს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის ხარჯზე. არ შეიძლება საქმის მასალების ცოდნის გარეშე სასამართლო დაადანაშაულო უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში და შეურაცხყო მიუღებელი ფორმით. ძალიან ცუდია, როდესაც პოლიციელს აბრალებ ნარკოტიკების ჩადებას მხოლოდ იმიტომ, რომ გაამართლო შენი პოზიცია.



საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა კარგად ხვდება, რომ არ შეიძლება რამდენიმე წლის წინანდელი პოლიცია, სასამართლო და პროკურატურა და დღევანდელი შევადაროთ ერთმანეთს. საზოგადოება ხედავს იმ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებს, რაც ამ უწყებებში 2012 წლიდან ხორციელდება. ყოველთვის დავუშვებთ შეცდომას, როდესაც ცალმხრივად განვიხილავთ რომელიმე კონკრეტულ საქმეს. ჰუმანური სისხლის სამართლის პოლიტიკა, რაც ჯერ კიდევ რეფორმის პროცესშია, სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა. ამიტომ, ჩემი თხოვნაა, ემოციების გარეშე მივუდგეთ ასეთ საკითხებს და ერთად ვიმუშავოთ შემდგომ რეფორმებზე", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge