რას პოულობენ მანდატურები მოსწავლეების ჩხრეკისას

  • რეზონანსი
  • 24 იანვარი 11:27, 2018 წელი

დანა, კასტეტი, ელექტროშოკი, ბანქო, ალკოჰოლი, თამბაქო, სანთებელა, ელექტროსიგარეტი, ასევე, მჩხვლეტავი და ბლაგვი საგნები, - ეს ნივთებიხოლოდ 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში  მანდატურებმა სკოლის მოსწავლეებს აღმოუჩინეს.

ცნობილია, რომ 1242 სხვადასხვა დასახელების სკოლაში სულ 94 მაღალი რისკის აკრძალული ნივთია ამოღებული.


რაც შეეხება გასულ სასწავლო წელს, სამინისტროს ინფორმაციით, მანდატურების მიერ პირადი გასინჯვისას 2016-2017 სასწავლო წელს საჯარო სკოლებში ამოღებულია: 177 მაღალი რისკის (დანა, კასტეტი, მჩხვლეტავი და ბლაგვი საგნები) და 1966 სხვადასხვა დასახელების სკოლაში აკრძალული ნივთები (საახალწო პიტარდა, ბანქო,ალკოჰოლი, თამბაქო, სანთებელა, ელექტროშოკი, ელექტრო სიგარეტი).


როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, სულ 2016-2017 სასწავლო წლის სექტემბრიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფერირებულია 4943 შემთხვევა.


"საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უპირველესი ამოცანაა სკოლებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, უსაფრთხო, ჯანსაღი და პოზიტიური გარემოს უზრუნველყოფა, დარღვევებისა და ძალადობის ფაქტების პრევენცია. მანდატური უფლებამოსილია, ჩაატაროს პირადი გასინჯვა სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით/ზედამხედველობით და თანდასწრებით საფუძვლიანი ან/და დადასტურებული ეჭვის შემთხვევაში.


გამოვლენილი სავარაუდო ძალადობის, კონფლიქტური სიტუაციების, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და/ან სამართალდარღვევის ფაქტის შემთხვევაში ატყობინებს მშობელს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს შემდგომი შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. სულ 2016 -2017 სასწავლო წლის სექტემბრიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფერირებულია 4943 შემთხვევა," - აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.


როგორც განათლების ექსპერტები აღნიშნავენ, სკოლის მოსწავლის ქცევის კოდექსი, 6 წელია, არ განახლებულა და შიდაგანაწესიც დღემდე 2010 წლის კოდექსზე დაყრდნობით მზადდება.


ძველი კოდექსის მიხედვით კი, მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას ზოგადი განათლების შესახებ კანონისა და სკოლის შიდაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში.


ექსპერტი განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ არასწორია სისტემა, სადაც კონტროლია წარმმართველი და არა ღირებულებებისა და ურთიერთობის განვითარება.


"არასწორი პოლიტიკის ნიმუშია, რომ, მაგალითად, მანდატურების სისტემაზე ბოლო 6 წლის განმავლობაში 60 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ბავშვებში ღირებულებების დამკვიდრებაზე, კონფლიქტების მართვის სწავლებაზე, ჩაგვრის საწინააღმდეგო კამპანიებზე კი სრულიად უმნიშვნელო ძალისხმევაა გაწეული.


"არასწორია სისტემა, რომელიც არა მხოლოდ დასაშვებად მიიჩნევს, რომ სკოლაში 7-8 პარალელური კლასი იყოს, არამედ ახალისებს კიდეც ამას. არ არსებობს შეზღუდვა, რამდენ მოსწავლეს მიიღებს სკოლა. რაც უფრო მეტი ეყოლება, მით უფრო გაიზრდება მისი შემოსავალი. პოპულარობა და შემოსავალი კი სკოლების წარმატების საზომი გახდა განათლების სისტემაში მომუშავეებისა და პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილის წარმოდგენაში.


"ხელოვნურად შექმნილი ჯგუფის შიგნით, საკლასო ოთახში, ბავშვებისთვის ღირსეულად ცხოვრების სწავლება რთულია. ბავშვები რაც შეიძლება ხშირად უნდა ხვდებოდნენ ერთმანეთს იმისთვის, რომ ნორმალური ურთიერთობა ისწავლონ, რომ ერთმანეთს საერთო საზოგადოების წევრებად განიხილავდნენ და არა როგორც მე-11დ კლასის მოსწავლედ. სკოლაში, სადაც მოსწავლეები, მასწავლებლები ერთმანეთს კარგად არ იცნობენ, სადაც ერთმანეთს არ უფრთხილდებიან, ებუტებიან და რიგდებიან, ერთმანეთს არ ეხმარებიან, სადაც ერთად არ ერთობიან, ერთად არ ისვენებენ, უფრო მაღალია კონფლიქტების ალბათობა," - ამბობს სიმონ ჯანაშია.

წყარო: რეზონანსი