ისლამისტურ დაჯგუფებებში საქართველოდან 40-მდე კაცი იბრძვის

  • რეზონანსი
  • 24 იანვარი 10:43, 2018 წელი

ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთი ადამიანი დააკავა. ანატოლი ბერძენიშვილი მეექვსე პირია, რომელიც ახმედ ჩატაევის ჯგუფისათვის დახმარების ბრალდებით დააკავეს.

თავად ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება "ისლამურ სახელმწიფოში" მებრძოლ ქართველებს, ამასთან დაკავშირებით ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა როგორც "რეზონანსთან" მამუკა არეშიძე ამბობს, მათი რაოდენობა "დაახლოებით 40-ია".


"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი საველე მეთაური ახმედ ჩატაევი და მისი ჯგუფის წევრები, რომლებიც, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას გეგმავდნენ, 2017 წლის 22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს გაანადგურეს. ჯგუფის ერთი წევრი 21 ნოემბერს დააკავეს.


ანატოლი ბერძენიშვილს ბრალი გუშინ ოფიციალურად წარედგინა. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების დასახმარებლად თურქეთში იმყოფებოდა და ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად ჩატაევსა და მისი დაჯგუფების წევრებს საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის გადაკვეთაში დაეხმარა.


ბერძენიშვილის ადვოკატ ელდარ გვალიას თქმით, თურქეთში საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ჩადის და ეს მყარი არგუმენტი არაა. მას ნაცნობობა აკავშირებდა დაღუპულ თემირლან მაჩალიკაშვილთან, ახმედ ჩატაევს კი არ იცნობდა. მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ეკლესიის აშენებით იყო დაკავებული და ტერორიზმთან შეხება არ აქვს.


"ახმედ ჩატაევის ნაცნობობასთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცი. ასეთი ინფორმაცია არავის მოუწოდებია. მაჩალიკაშვილთან კი ნაცნობობა აკავშირებდა, თუმცა რა სახის, ვერ დავკონკრეტდები. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. თურქეთში ნახევარი საქართველო დადის და ამის გამო არავის იჭერენ. იგი საქართველოში ეკლესიის აშენებით იყო დაკავებული. ბოლოს სუფსაში ააშენა ტაძარი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას გვალია.


კავკასიოლოგ მამუკა არეშიძის თქმით, სირიასა და ერაყში ამჟამად 40-მდე საქართველოს წარმომადგენელი იბრძვის.


"პანკისში ამჟამად სიმშვიდეა, ელოდებიან გამოძიების დასრულებას და არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემას. ვითარების შესაძლო დაძაბვაზე რატომ საუბრობენ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, არ მესმის. ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს 5 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ მაშინ არ დაძაბულა ვითარება. თუმცა ვფიქრობ, მათთან დაკავშირებით ხელისუფლებამ მძიმე შეცდომა დაუშვა, ისინი არ გრძნობენ თავს თანასწორად.


"ახლო აღმოსავლეთში პანკისიდან დაახლოებით 40 ადამიანი იბრძვის, ოღონდ სხვადასხვა დაჯგუფებაში, მათ შორის "ისლამურ სახელმწიფოშიც". ძირითადად თურქეთში გადადიან ვითომ სამუშაოდ და მერე აღმოჩნდებიან მათ რიგებში", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას არეშიძე.


დაკავებულ ბერძენიშვილს არ იცნობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია. რაც შეეხება "ისლამურ სახელმწიფოს", მისი თქმით, შეზღუდულად, თუმცა მაინც აგრძელებს საქმიანობას.


"საქართველოდან "ისლამურ სახელმწიფოში" რამდენი ადამიანია წასული, ამას ვერავინ ვერ გეტყვით, ამის სტასტიკა არ არსებობს. ზოგადად კი, სადღაც 300-400 კაცია, საუბარია მთელი საქართველოს მასშტაბით და არა მხოლოდ პანკისის ხეობიდან. ძირითადად გადადიან თურქეთიდან. თურქეთ-საქართველოს საზღვარი ძალიან ღია და გამჭვირვალეა. ნებისმიერს შეუძლია, გადავიდეს. ზოგი სამუშაოდ მიდის და იქიდან ხდება მერე მათი გადაბირება. თანაც აღსანიშნავია, რომ მარტო მებრძოლების რიგებში არ ერთვებიან, იქ არიან სამოქალაქო პირებიც. "ისლამური ხალიფატი" იყო სახელმწიფოებრივი გაერთიანება და იქ სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურები არსებობდა. საკმაოდ მაღალი ხელფასები გაიცემოდა", - გვითხრა მაისაიამ.


მისივე თქმით, საქართველოში ჩატაევის ვოიაჟები ადასტურებს, რომ აქ ჰქონდათ ე.წ. მიძინებული ცენტრი. რაც შეეხება ტერორიზმის საფრთხეს, დარტყმის ქვეშ საქართველო აქამდე არ აღმოჩენილა და იმედია, არც მომავალში აღმოჩნდება", - გვითხრა ექსპერტმა.

წყარო: რეზონანსი