ჩრდილოეთ ოსეთი "საქართველოდან ლტოლვილ" ოსებს 2 ათასზე მეტ ბინას გადასცემს

  • რეზონანსი
  • 24 იანვარი 10:40, 2018 წელი

ჩრდილოეთ ოსეთში საქართველოდან 1990-იან წლებში ლტოლვილებად წასული ოსი ოჯახების ბინებით დაკმაყოფილება იწყება, რისთვისაც რუსეთმა 1 მილიარდზე მეტი რუბლი (დაახლოებით 44 მილიონი ლარი) უკვე გამოყო.

საცხოვრებლის მოთხოვნის რიგში 2 100-ზე მეტი ოსური ოჯახია და იგეგმება, რომ 2018-2019 წლებისთვის მათგან 512 ოჯახს საცხოვრებლებს გადასცემენ. ინფორმაციას ოსური და რუსული მედია ავრცელებენ.


ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიის ადმინისტრაციის ცნობით, საცხოვრებლების მოწყობა იგეგმება იმ ოჯახებისთვის, რომლებიც "საქართველოდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადასახლდნენ" და 2018 წლის ბიუჯეტიდან 1 მილიარდზე მეტი რუბლი ჩრდილოეთ ოსეთს ამისთვის უკვე გადაერიცხა. ორი წლის განმავლობაში ბინა 512 ოჯახს გადაეცემა, რიგში კიდევ 1 672 ოჯახი დგას და ვარაუდია, რომ ყველა მათგანის საცხოვრებლით დაკმაყოფილება 2020 წლის ბოლომდე მოხდება.


რუსული მედია წერს, რომ ჩრდილო ოსეთში საცხოვრებლებს ის ოჯახები ითხოვენ, ვინც 1991-1992 წლებში, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ საქართველოს რეგიონები. რამდენი ოსური ოჯახია კონფლიქტის დროს წასული საქართველოდან და რა იყო ძირითადი მიზეზი?


ორგანიზაცია "მომავლის ცხინვალის" თავმჯდომარე მარინა მეშვილდიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ 1990-იან წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე თბილისიდან ოსი ეროვნების მოქალაქეების წასვლა მასობრივად ხდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი სტატისტიკა ცნობილი არ არის, ფიქრობს, რომ მიგრირებული ოჯახები შესაძლებელია 2000-მდეც იყოს.


"ძალიან ბევრი ოსი ეროვნების მოქალაქე წავიდა, კახეთის რეგიონიდანაც არიან წასულები, ბორჯომის ხეობიდანაც, ქარელიდანაც, თბილისიდანაც, სხვადასხვა რეგიონიდან. ზოგი რეგიონიდან - მეტი, ზოგი რეგიონიდან - ნაკლები. მიზეზი სხვადასხვა იყო, 1991 წელს, ზვიად გამსახურდიას დროს, იყო სამოქალაქო ომი და მაშინ ზოგიერთი ოსი ეროვნების მოქალაქის დევნაც მოხდა, შიშისგან გაიქცნენ. მაშინ ბევრმა დატოვა საქართველო. სიდუხჭირეც იყო, დევნაც იყო - სხვადასხვა მიზეზი იყო, მაგრამ დევნა და შიში იყო მაინც წასვლის ძირითადი მიზეზი. ეს ოჯახები დასახლდნენ ცხინვალში, თუმცა ძირითადად მაინც - ვლადიკავკაზში. იქ კოლექტიურ ცენტრებში ცხოვრობდნენ. ზოგი რუსეთშიც წავიდა," - ამბობს მეშვილდიშვილი.


მისი თქმით, საქართველოდან წასული ოსი ოჯახები ძირითადად მაინც ჩრდილოეთ ოსეთში წავიდნენ, რადგანაც ის ცხინვალზე მეტად განვითარებულია, მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალიდან ქართველების გამოდევნის შემდეგ არცთუ ცოტა გამოკეტილი სახლი დარჩა. იგი ამბობს, რომ ცხინვალში მოსახლეობის 30% ქართველები იყვნენ და, შესაბამისად, მათი სახლები დაცარიელდა, რომელთა დიდ ნაწილი თავად ადგილობრივმა ოსებმა გადაინაწილეს სამხედრო ალაფად, ამიტომაც საქართველოს სხვა რეგიონებიდან წასული ოჯახებისთვის ბინები ცხინვალში არავის მიუცია.


"მე ცხინვალიდან ვარ. ჩემი სახლი თავიდან ცხინვალელმა ოსმა დაიკავა, შემდეგ ისინი ვლადიკავკაზში გადავიდნენ საცხოვრებლად და ამჟამად გამოკეტილია. თვითონ დევნილები ცხინვალში ტურბაზის შენობაში იყვნენ. ეს შენობა არ არის დიდი. როგორც ვიცი, მაგალითად, ვლადიკავკაზში კახეთიდან მიგრირებული ოჯახები ცხოვრებენ. მათ, რასაკვირველია, ცხინვალზე მეტად ვლადიკავკაზში ცხოვრება ურჩევნიათ," - ამბობს მეშვილდიშვილი.


ის ამბობს, რომ ოსური ოჯახების მიმართ რაიმე პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლებას არ გაუტარებია. ერთადერთი, 2006 წელს მიიღეს კანონი "რესტიტუციის შესახებ", რომელიც საქართველოდან დევნილი ადამიანების აღრიცხვასა და მათ კომპენსაციას ითვალისწინებდა, თუმცა ეს კანონი არ მოქმედებს - არც აღრიცხვა და არც კომპენსაცია არ მომხდარა.


"რესტიტუციის კანონი ნიშნავს, რომ ის ქონება, რაც დატოვეს ოსი ეროვნების მოქალაქეებმა საქართველოში, რაც დაკარგეს, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აუნაზღაუროს. ალბათ საკმარისი თანხაც არ არის, რომ ეს კანონი ამოქმედდეს. ამ კანონის შემუშავება-განხილვაში მეც ვმონაწილეობდი და მაშინაც ერთეულები იყვნენ, ვინც მოგვმართეს კომპენსაციისთვის," - აღნიშნავს მეშვილდიშვილი.


საქართველოდან მიგრირებული ეთნიკური ოსებისათვის საცხოვრებლების გამოძებნა რატომ ხდება ჩრდილოეთ ოსეთში და არა, მაგალითად, სამხრეთ ოსეთში, ამ კითხვაზე მარინა მეშვილდიშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ შესაძლოა, რუსების გეგმაა, ცხინვალის რეგიონი ძირითადად რუსული ბაზებისთვის გამოიყენოს, მოსახლეობა კი ჩრდილოეთ ოსეთში დაასახლოს.


"შესაძლებელია, რომ ურჩევნიათ, სამხრეთ ოსეთში ნაკლები მოსახლეობა ჰყავდეთ და რუსული ბაზები იყოს უფრო მეტი. იმიტომ, რომ სხვები არ იხედებიან, რა ხდება ცხინვალში, მარტო წითელ ჯვარს შეუძლია შესვლა, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები მანდ არ არიან," - ვარაუდობს მეშვილდიშვილი.

წყარო: რეზონანსი