მთავრობა უნივერსიტეტებში სწავლის გასაძვირებლად ემზადება?!

  • რეზონანსი
  • 24 იანვარი 10:34, 2018 წელი

განათლების სამინისტრო 2017-2021 წლების ერთიანი სტრატეგიის ფარგლებში უმაღლესში სწავლის დაფინანსების მეთოდს შეცვლის.

საზოგადოება ამ გეგმას უარყოფითად აღიქვამს, რადგან მიაჩნიათ, რომ ამით გადასახადი მოიმატებს. მომავალი სტუდენტების აზრით, თუკი სწავლა გაძვირდება, ეს იქნება კიდევ ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი საქართველოში უმაღლესი განათლების მისაღებად. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ცვლილებები გადასახადს არ შეეხება და რეფორმა მხოლოდ უმაღლესში ჩაბარების პრინციპს შეცვლის.


ცვლილებების მიზანი უმაღლესი განათლების დაფინანსების დივერსიფიცირებაა. ამჟამად, მიუხედავად საგანმანათლებლო პროგრამების განსხვავებული რეალური დანახარჯებისა, ყველა ვაუჩერი თანაბარი ღირებულებისაა. ამავდროულად, სახელმწიფო უნივერსიტეტებისათვის განსაზღვრულია სწავლების საფასურის ზედა ზღვარი.


საზოგადოებაში საგანმანათლებლო ანონსმა მითქმა-მოთქმა გამოიწვია. აბიტურიენტები და მათი ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ განათლების სამინისტრო სწავლის საფასურის გაზრდისთვის ემზადება, რაც მათთვის მიუღებელია. ლიკა თავბერიძე 35 წლისაა და ორი შვილი ჰყავს. მათგან ერთ-ერთი 2 წელიწადში აბიტურიენტი გახდება და მშობლები ახლავე იწყებენ ზრუნვას, რომ ოჯახს ფინანსურად არ გაუჭირდეს სტუდენტის შენახვა.


"საქართველოში სწავლა ისედაც საკმაოდ ძვირია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როგორი სოციალური მდგომარეობაცაა დღესდღეობით ქვეყანაში. თუ გავითვალისწინებთ საშუალო ხელფასის ოდენობას საქართველოში, შვილისთვის უმაღლესი განათლების მიცემა მშობლებისთვის დიდი თავსატეხია. ყველა ბავშვი ვერ იქნება იმდენად ჭკვიანი, რომ სრული დაფინანსება მიიღოს, შესაბამისად, სწავლის საფასური ისეთი უნდა იყოს, რომ საშუალო ცოდნის ბავშვებსაც შეეძლოთ თავიანთი სახსრებით ცოდნის მიღება. ამ ქვეყანაში ისედაც რთულია სამსახურის შოვნა და განსაკუთრებით რთული იქნება მათთვის, ვისაც უმაღლესი განათლება არ აქვს.


მთავრობა ყველა ადამიანს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას, განათლება მიიღოს. თუკი ეს ნაბიჯი ფინანსების გამო ვერ გადადგა მომავალმა თაობამ, ნამდვილად დამღუპველი იქნება ქვეყნისთვის. შეიძლება სხვა ფორმით ამბობენ ახლა და ნელ-ნელა შეაპარებენ ხალხს გაძვირებას. დავუშვათ, გაიზარდა გადასახადი და ჩემმა შვილმა 50%-იანი დაფინანსება მიიღო. მაშინ გამოვა, რომ იმდროინდელი 50%-იანი გრანტი ახლანდელი უგრანტობის ტოლი იქნება თანხის მოცულობის თვალსაზრისით.


აყველა ახალი წესი თუ კანონი მხოლოდ მთავრობაზეა მორგებული და მომავალზე, ახალ თაობაზე არავინ ფიქრობს. თუკი გაიზრდება გადასახადი, ვფიქრობ, კარგი და მაღალანაზღაურებადი სამსახურებიც უნდა გამოჩნდეს, სადაც სტუდენტებს მომავალში განათლებაში დაბანდებული ინვესტიციის ამოღების შესაძლებლობა მიეცემათ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ლიკა თავბერიძემ.


შეჭირვებული სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით სოციალური პროგრამები 2013 წლიდან სამჯერ გაიზარდა და 2017 წლისთვის 4.5 მლნ ლარი შეადგინა; 2.5-ჯერ გაიზარდა და 4 მლნ ლარს გადააჭარბა სახელმწიფო სტიპენდიების პროგრამამ, რომელიც მაღალი აკადემიური მიღწევების მქონე სტუდენტების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ბოლო 5 წელია, სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, აგრარული, საინჟინრო მეცნიერებების მიმართულებით.


სტუდენტები ფიქრობენ, რომ დღესდღეობით საკმაოდ კარგი სტრუქტურაა ჩამოყალიბებული დაფინანსების კუთხით. თუ სწორად გათვლის აბიტურიენტი, შეუძლია, თავისთვის ხელსაყრელი პირობებიც კი შეიქმნას სწავლისათვის. 22 წლის ანა მატუა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. მან უნივერსიტეტი სწორედ დაფინანსების გამო აირჩია, რადგან იცოდა, რომ 100%-იანი გრანტის შემთხვევაში სახელმწიფო უნივერსიტეტის გადასახადს სრულად დაუფარავდა. ანას კიდევ ორი პატარა ძმა ჰყავს, რომლებიც მომავალი სტუდენტები არიან და დაფინანსების პირობების შეცვლა მის ოჯახს საკმაოდ დააზარალებს.


"არც ახლანდელი პირობებია გადასარევი და კიდევ უფრო გართულება განათლების სამინისტროს მხრიდან ნეგატიური ნაბიჯი იქნება. ჯერჯერობით რა ინფორმაციაც მაქვს, აშკარად გეგმავენ სწავლის საფასურის გაზრდას, ყოველ შემთხვევაში, მოთხოვნად პროფესიებზე მაინც. თუნდაც 3000 ლარამდე რომ გაზარდონ სახელმწიფო უნივერსიტეტებში წლიური გადასახადი, ისეთი ოჯახებისთვის, როგორიც ჩემია, საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება. ორი მომავალი სტუდენტი გვყავს სახლში და წლიურად 6000 ლარის გადახდა ნამდვილად არ არის მარტივი საქმე.


თუკი ისეთი პროფესიები გააიაფეს ამის ხარჯზე, რომელზე სწავლაც არავის უნდა, ვფიქრობ, ეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილება იქნება. სახელმწიფოს არანაირი უფლება არ აქვს, ახალგაზრდა, რომელიც ქვეყნის მომავალია, აიძულოს, ესა თუ ის პროფესია შეისწავლოს მხოლოდ იმიტომ, რომ სწავლა იაფია. ჩემი აზრით, ახალი გადაწყვეტილება უნდა შეეხოს მხოლოდ ცოდნის დონეს. თუკი ბარიერის ზღვარი აიწევს, ამას წარმატებულ და სწორ ნაბიჯად მივიჩნევ. მოსწავლეები უფრო მეტად მოემზადებიან და იმუშავებენ თავიანთ თავზე, განათლებულ და ერუდირებულ მომავალ თაობას კი არაფერი სჯობს. ყველა იმ ადამიანს უნდა ჰქონდეს ფინანსური შესაძლებლობა, ისწავლოს, ვისაც ნამდვილად სურს კარგი განათლების მიღება ქვეყნიდან გაუსვლელად", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ანა მატუამ.


ექსპერტებს კი მიაჩნიათ, რომ წინასწარ საფუძვლიანი დასკვნების გამოტანა შეუძლებელია. მათი აზრით, ზღვრის გაზრდაში მხოლოდ სწავლის ხარისხი იგულისხმება. აკადემიკოსი ზურაბ ვახანია "რეზონანსთან" საუბრისას არ ადასტურებს გადასახადების გაზრდის ფაქტს.


"წინასწარი დასკვნების გამოსატანად არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია. ვფიქრობ, ეს რეფორმა უნივერსიტეტში ჩასაბარებელი გამოცდების გამკაცრებას უფრო შეეხება, ვიდრე სწავლის ღირებულების გაზრდას", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ვახანიამ.

წყარო: რეზონანსი