პოლიტიკური კამფეტები საქართველოსთვის რუსეთიდან

  • რეზონანსი
  • 20 იანვარი 12:10, 2018 წელი

თავად ვლადიმირ პუტინი არა, მაგრამ შესაძლოა, საქართველოში დიდ და მცირე სუპერმარკეტებში გასაყიდვად შემოვიდეს შოკოლადები მისი გამოსახულებით.

როგორც "რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირის" თავმჯდომარე ირაკლი ყიფიანი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, შოკოლადების პარტია საქართველოში უახლოეს დღეებში შემოვა და გარდა რეალიზაციისა, მათი გამოყენება საქველმოქმედო მიზნებითაც მოხდება. ამ აქტივობას კი პუტინის წინასაარჩევნო კამპანია მიებმება.


პოლიტოლოგების ნაწილის აზრით, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ რუსეთმა მოქმედების ტაქტიკა შეცვალა და საკუთარი გავლენის ქვეშ საქართველოს მოქცევას პრორუსული კამპანიის გაძლიერებით ცდილობს.


ირაკლი ყიფიანი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ტკბილეულს, რომელზეც ოკუპანტი სახელმწიფოს ლიდერია გამოსახული, საზღვარზე დაბრკოლებას არ შეუქმნის, როგორც ეს რუსი ბაიკერების, "ღამის მგლების", შემთხვევაში მოხდა".


"ეს თემა დაახლოებით 1 თვის წინ დავიწყეთ. უკვე ველოდებით, რომ ხვალ-ზეგ შემოვა. რა რაოდენობით შემოვა, ეს ჩემი მეგობრების პრეროგატივაა, ამიტომ არავის გადავახტები თავზე. საუბარი მაქვს იმ ბიზნესმენებზე, ვისაც ვურჩიე ამის შემოტანა.


"მოლაპარაკებაა ჰიპარმეკეტებთან, პატარა მაღაზიებშიც შევა. ასევე ბავშვთა სახლებში და მოხუცთა თავშესაფრებშიც შევიტანთ და დავარიგებთ. როგორც სხვა შოკოლადები შემოაქვთ, ისე შემოვიტანთ ამასაც. ძალიან მაგარი ხარისხისაა და საკმაოდ ძვირი პრდუქტია", - ამბობს ყიფიანი.


მისი თქმით, ამ აქტივობას რუსეთში 18 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ვლადიმირ პუტინის წინასაარჩევნო კამპანიაც მიებმება


"მე საქართველოს მოქალაქე ვარ, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტობაზე პუტინის კანდიდატურას ვუჭერ მხარს და ყველა იქ მცხოვრებ ქართველსაც მისი მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ", - აცხადებს ირაკლი ყიფიანი.


კითხვაზე, ვინ არიან ამ პროცესში მთავარი მონაწილეები და რომელია ის ჰიპერმარკეტები, რომლებიც პუტინის გამოსახულებიან შოკოლადებს საკუთარ დახლებზე მოათავსებენ, ყიფიანი პასუხობს, რომ ამას ჯერჯერობით ანონიმურად დატოვებს.


"ჩემმა მეგობრებმა მთხოვეს, რომ მათი ვინაობა ანონიმურად დავტოვო. მე ეს შოკოლადი მოსკოვში გავსინჯე და ძალიან მომეწონა. შეფუთვიდან დაწყებული, გემოთი დამთავრებული ძალიან მაღალი ხარისხისაა. შემოტანის იდეა მომეწონა და შევთავზე ჩემს მეგობრებს, რომლებიც დაინტერესდნენ, გააფორმეს ბიზნეს ხელშეკრულებები და დანარჩენი უკვე მათი საქმეა", - ამბობს ირაკლი ყიფიანი.


კითხვაზე, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ამ თემაზე ჰქონდათ თუ არა საუბარი, ან იციან თუ არა მათ ამ იდეის შესახებ, ყიფიანი პასუხობს, რომ არავის შეხვედრია.


"არა, ამ თემაზე არავისთან მისაუბრია. სხვათა შორის მკითხეს, რომ აკრძალონ მისი შემოტანაო? და თუ სახელმწიფო იმ დონეზე დაეცემა, რადგან პუტინის გამოსახულებაა შოკოლადზე, ამიტომ აკრძალავენ, როგორც ბაიკერების შემთხვევაში მოხდა (მათ ხომ შსს-მ დაუკეტა საზღვარი), მაშინ დავემორჩილებით, აბა, კონტრაბანდულად ხომ არ შემოვიტანთ?! ეს ისევ სახელმწიფოს პრესტიჟს და იმიჯს დააზარალებს", - აცხადებს ირაკლი ყიფიანი.


პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლება საქართველოს თავისი გავლენის ქვეშ მოსაქცევად დიდ ძალისხმევას ხარჯავს, ტაქტიკა კი შეცვალა.


"რაც რუსეთმა საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის სრული ოკუპაცია მოახდინა, მას შემდეგ ცდილობს, რბილი ძალის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფოებრიობა შეასუსტოს. სხვათა შორის, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ, 2017 წლის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს ნომერ მეორე სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია, იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით კი, საქართველოს საგარო ვაჭრობის 806 მილიონი დოლარი რუსეთზე მოდიოდა. რა თქმა უნდა, ესეც პრობლემაა, რომ საქართველო რუსეთის ეკონომიკაზე გარკვეულწილად დამოკიდებული ხდება.


"ამას ემატება ისიც, რომ საქართველოს არაქართულენოვანი მოსახლეობა რუსული არხებიდან იღებს ინფორმაციას და დიდწილად დეზინფორმაციას. ასევე გააქტიურებულია სხვადასხვა პრორუსული არასამთავრობო ო


რგანიზაცია. "ენ-დი-აი"-ს კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის 30% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა და, ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი იძლევა შეშფოთების საფუძველს.


"რაც შეეხება კონკრეტულად პუტინის გამოსახულებიანი შოკოლადების შემოტანას, ეს არის საქართველოსა და მისი მოსახლეობის შეურაცხყოფა და დაცინვა. ყველა კარგად ვხედავთ, რომ აგორებულია პრორუსული კამპანია და ხელისუფლებამ სწორედ ამის წინააღმდეგ უნდა მიმართოს ძალისხმევა იმიტომ, რომ ეს პრორუსული ორგანიზაციები ავრცელებენ დეზინფორმაციას და შეცდომაში შეჰყავთ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი", - ამბობს ნიკა ჩიტაძე.

წყარო: რეზონანსი