ქართული აფიშების ისტორია შუა საუკუნეებიდან საბჭოთა პერიოდამდე

  • რეზონანსი
  • 20 იანვარი 11:35, 2018 წელი

როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, აფიშების გაკვრა საქართველოში ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში დაუწყიათ, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის შეტყობინებას, თუ სად და როდის გაიმართებოდა თეატრალური წარმოდგენა.

დღევანდელი თეატრალური აფიშის წინამორბედს კი პანკრატი ერქვა. ეს იყო მცირე ზომის ქაღალდი, რომელსაც იმ ადგილას აკრავდნენ, სადაც წარმოდგენა უნდა გამართულიყო, ძირითადად ბაზრის მოედანზე.


დღევანდელ სტატიაში მკითხველს სწორედ ქართული აფიშის ისტორიიდან შევთავაზებთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ამბავს.


როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, ქართული აფიშის განვითარების ისტორია მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან იწყება. მაშინ გაჩნდა სხვადასხვა ღონისძიების სარეკლამო ტექსტებით შედგენილი აფიშები, მცირე ზომის, ძირითადად თეთრ ქაღალდზე ნაბეჭდი ინფორმაციის შემცველი წარწერებით, მსხვილი, მარტივი მოხაზულობის, ადვილად წასაკითხი შრიფტით შესრულებული.


პირველი სურათოვანი ქართული აფიშა ცირკის წარმოდგენისთვის 1863 წელს შექმნა მხატვარ-გრავიორმა გრიგოლ ტატიშვილმა. იგი ქსეროგრაფიის რთული ტექნიკით ყოფილა შესრულებული და ქართული აფიშის პირველი ილუსტრირებული ნიმუშია.


მე-20 საუკუნის დასაწყისში უკვე გაჩნდა ფუტურისტ ხელოვანთა მიერ მოწყობილი ღონისძიებების სამაუწყებლო აფიშები, სხვადასხვა ფორმისა და ზომის შრიფტისაგან შედგენილი ტექსტებით. ამავე პერიოდს მიეკუთვნება კირილ ზდანევიჩის მიერ შესრულებული რამდენიმე ფერადოვანი მხატვრული აფიშა.


პირველი თეატრალური აფიშა კი 1851 წლის 2 იანვრითაა დათარიღებული, რომელიც ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე იყო შედგენილი და თავად გიორგი ერისთავი მოუწოდებდა ქართულ საზოგადოებას, მოსულიყო პირველი ქართული სპექტაკლის - "გაყრის" სანახავად. აფიშაზე ეწერა ქართველ წარჩინებულთა გვარები, რომლებიც მონაწილეობდნენ სპექტაკლში.


ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თეატრალური აფიშა კი იყო სპექტაკლ "სამშობლოს" აბრეშუმზე ნაბეჭდი აფიშა, რომელიც 1882 წელს შეიქმნა. ეს აფიშა მიართვეს გიორგი ერისთავის ვაჟს, თავად დავით ერისთავს, რომლის შესახებაც დიმიტრი გუნია წერდა: "ავტორს, დავით ერისთავს, დაფნის გვირგვინში ჩასმული "სამშობლოს" აფიშა მიართვეს".


როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, ეს აფიშა უნიკალურია როგორც სიძველით, ასევე მასალითა და მნიშვნელობით, რადგან განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გამოვლინება მაშინ სწორედ "სამშობლოს" დადგმა იყო ქართულ სცენაზე. დღეს ეს უნიკალური აფიშა დაცულია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის აფიშების ფონდში.


მუზეუმში ინახება სახაზინო თეატრში, ზუბალაშვილების სახალხო თეატრში, ნიკიტინის ცირკსა და სხვა სცენებზე გამართული წარმოდგენების ათასობით აფიშა. ასევე თეატრალურ მოღვაწეთა - ვანო სარაჯიშვილის, ვასო აბაშიძის, მაკო საფაროვა-აბაშიძის, ლადო ალექსი-მესხიშვილის, გიორგი ფრონისპირელის, ვალერიან გუნიას, კოტე მესხის, თეოდორ შალიაპინის, მოსკოვის საიმპერატორო თეატრის მსახიობთა და სხვათა შემოქმედების ამსახველი აფიშები.


ქართული კინოაფთიშებიდან კი მუზეუმში დაცულია ფილმების: "გიორგი სააკაძე", "მამლუქი", "ბაში აჩუკი", "ქეთო და კოტე", "ოთარაანთ ქვრივი" აფიშები, რომლებიც გამოირჩევა ფერთა სიხასხასითა და შესრულების მანერით.


აყველა აფიშაზე დატანებული ტექსტი თუ გამოსახულება ამომწურავ ინფორმაციას იძლევა სპექტაკლისა თუ ფილმის შესახებ.


რაც შეეხება საბჭოთა პერიოდის აფიშებს, როგორც ხელოვნებათმცოდნე ქეთევან უზნაძე წერს, საბჭოთა პერიოდის მოდერნისტული აფიშების ფასი თანამედროვე ხელოვნების ბაზარზე რამდენიმე ათეულ ათას დოლარს აჭარბებს. ეს აფიშები ძირითადად 1917-1920-იან წლებშია შექმნილი, სანამ ხელოვნებაზე საბჭოთა ხელისუფლება საბოლოოდ მოიპოვებდა ძალაუფლებას და მხატვრები ახერხებდნენ შეექმნათ ისეთი აფიშები, რომელებიც არ ჯდებოდა სოცრეალიზმის ჩარჩოებში. ასეთი აფიშები მხოლოდ რამდენიმე ათეულია მთელ მსოფლიოში, მათ შორის ძმების - გიორგი და ვლადიმერ სტენბერგების მიერ შექმნილი აფიშები, რომლებიც სულ რამდენიმე ეგზემპლარად დაიბეჭდა.


1920 წლებიდან კი ჩნდება პოლიტიკური პლაკატის პირველი ნიმუშები - აგიტაციურ-პროპაგანდისტული აფიშა-პლაკატები, რომლებზეც, როგორც ხელოვნებათმცოდნე მაკა გაჩეჩილაძე ამბობს, ნახატის სტილი და შინაარსი ბოლშევიკური რიტორიკით გამოირჩეოდა და მხოლოდ ლოზუნგებს შეიცავდა. ადამიანებს მოუწოდებდა კოლექტივიზაციისკენ, ბურჟუებისა თუ კულაკების წინააღმდეგ ბრძოლისკენ, ესერთა დამხობისკენ და ეს პლაკატები მხატვრული შესრულების დონითაც ძალიან დაბალი იყო.


მეორე მსოფლიო ომის დროს პოლიტიკური პლაკატის მხატვრული დონე ამაღლდა. ამ წლებში პლაკატებს ქმნიდნენ ცნობილი ქართველი მხატვრები ლადო გუდიაშვილი, სამსონ ნადარეიშვილი, ვლადიმერ ვადბოლსკი, იოსებ და დავით გაბაშვილები. ირაკლი თოიძის მიერ შესრულებულმა პლაკატმა "დედა სამშობლო გვიხმობს" მთელი მსოფლიო მოიარა და ერთ-ერთ საუკეთესო პლაკატად იქნა აღიარებული.


1950-იანი წლებიდან პლაკატის თემატიკა კვლავ აგიტაციურ-პროპაგანდისტული ხასიათისაა - მარადიული ცეცხლი, მტრედი, საბჭოთა ადამიანი, საბჭოთა ხალხთა ძმობა და მეგობრობა; კვლავ ლოზუნგები და მოწოდებები - ახალი, ინდუსტრიული მშენებლობისკენ.

წყარო: რეზონანსი