ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში, შესაძლოა, ახალი ეჭვმიტანილები დაასახელონ

  • რეზონანსი
  • 20 იანვარი 10:54, 2018 წელი

2 გარდაცვლილი, 1 დაჭრილი და საქმეში არსებული მხოლოდ 2 დანა - ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე გამოძიება დასრულებულია.

ორშაბათს სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა იწყება. მთავარი კითხვები - გაიზრდება თუ არა დამნაშავეთა წრე და იყო თუ არა საქმეში 2-ზე მეტი დანა - პასუხგაუცემელია. ამ კითხვებზე პასუხის გაცემას მხარეები სასამართლო პროცესზე ელოდებიან.


საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩაერთო, რომელიც ფიქრობს, რომ შეუძლებელია, მხოლოდ 2 დანა ფიგურირებდეს, კონკრეტულად კი ეს ექსპერტიზის პასუხის შემდეგ ეცოდინება.


მანამდე საქმეს, შესაძლოა, მეტ-ნაკლებად ნათელი მოჰფინოს ერთ-ერთმა დაკავებულმა. როგორც ცნობილია, გ.ჯ. დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს და მომხდარზე უფრო დეტალურად სასამართლოზე აპირებს საუბარს.


"ჯერ არსებითი განხილვა არ დაწყებულა. ბრალდებული უნდა დაიკითხოს არსებითი განხილვის სხდომაზე, რომელიც ორშაბათიდან დაიწყება. დამნაშავეთა რაოდენობის ზრდა გამორიცხული არ არის, თუმცა გამოძიება უკვე დასრულებულია და სხვა არავისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. გამოძიებას რატომღაც მიაჩნია, რომ საქმე გამოძიებულია და ჭეშმარიტება დადგენილია, რაშიც, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან საქმეში არსებული უმნიშვნელოვანესი შეკითხვები პასუხგაუცემელია, გამოძიება კი დასრულებული", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ერთ-ერთი დაკავებულის - გ.ჯ.-ს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.


მისი თქმით, ორშაბათს მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან და, სავარაუდოდ, შემდეგ პროცესზე მოწმეებს დაკითხავენ.


"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რას აღიარებს და რას - არა, ამაზე იგი სასამართლოზე ძალიან დეტალურად და სრულყოფილად ისაუბრებს", - გვითხრა ადვოკატმა.


"რეზონანსის" კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, გ.ჯ.-მ დაასახელოს საქმეში მონაწილე სხვა პირებიც, იგი გვპასუხობს:


"რა არის მოსალოდნელი და რა - არა, ამაზე ვერ ვილაპარაკებ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენებაზე წინასწარ საუბრის უფლება არ მაქვს. ვისაუბრებ მას შემდეგ, რა როცა იგი სასამართლოს ჩვენებას მისცემს. ის აუცილებლად მისცემს სასამართლოს ჩვენებას", - განუცხადა "რეზონანსს" კაკაბაძემ.


კითხვები აქვს ერთ-ერთი გარდაცვლილის მამას - ზაზა სარალიძესაც. ისიც ფიქრობს, რომ შესაძლოა, საქმეში 2-ზე მეტი დანა ფიგურირებდეს. მისივე თქმით, დამნაშავეთა წრე იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ მოწმეები სასამართლოსთან ისე ითანამშრომლებენ, როგორც საჭიროა. თავად მას კი ჯერჯერობით ეჭვი ვერავისზე აქვს.


"ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი. არსებითი განხილვა რომ დაიწყება, იმედია, რაღაც გამოჩნდება. ჩემს შვილს 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 2 დანით, მეორეს - 2 ჭრილობა ერთი დანით. მესამე დაჭრილზე არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია.


"ჩემი შვილი ფიზიკურად ძლიერი იყო, სიმაღლეში მეტრი და 97 სმ და 135 კილო. ასე რომ, მას ერთი და ორი ადამიანი ვერ მოერეოდა. სასამართლო პროცესის დროს, შესაძლებელია, დამნაშავეთა წრე გამოიკვეთოს, თუ, რა თქმა უნდა, მოწმეები ითანამშრომლებენ ისე, როგორც საჭიროა", - გვითხრა გარდაცვლილის მამამ.


"რეზონანსის" კითხვაზე, აქვს თუ არა მას ვინმეზე ეჭვი, იგი გვპასუხობს: "ჯერჯერობით არაფერი არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი." მისივე თქმით, ყველა ჩუმად არის და ამ საკითხზე მასთანაც ერიდებიან საუბარს.


"სამწუხაროდ, ყველა ჩუმად არის პირად საუბარშიც. ამიტომ ვერავისზე მაქვს ეჭვი", - უთხრა "რეზონანსს" ზაზა სარალიძემ.


აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი დაკავებულის - გ.ბ.-ს ოჯახის მოთხოვნით საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჩაერთო, რომელიც ფიქრობს, რომ, ლოგიკურად, უფრო მეტი დანა უნდა ფიგურებდეს, ვიდრე გამოძიება ამბობს.


"ჯერ არაფრის თქმა არ შეიძლება, ექსპერტიზა არ დასრულებულა. დანით მიყენებული დაზიანება აქვს სამ ადამიანს. აქედან ორი დაღუპულია, ერთი კი დაჭრილი - ბრალდებულების მეგობარი. აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივი ლოგიკაა, რომ საქმეში უფრო მეტი დანა უნდა მონაწილეობდეს, მაგრამ სანამ ექსპერტიზის და ტანსაცმლის დასკვნები არ იქნება, ვერაფერს ვიტყვი. ვარაუდის დონეზე არ მინდა ვისაუბრო", - გვითხრა ნიკოლეიშვილმა.


შეგახსენებთ, რომ 51-ე სკოლასთან მოსწავლეებს შორის 1-ლ დეკემბრის სისხლიანი გარჩევის შემდეგ დაკავებულია 5 ადამიანი. მათგან ორი მე-11 კლასელი - მკვლელობის ბრალდებით, ერთი დააკავეს 2 დეკემბერს, მეორე კი პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა. საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. დაკავებული გ.ბ. და გ.ჯ. პირველი ექსპერიმენტული სკოლის 11-ე კლასის მოსწავლეები არიან.

წყარო: რეზონანსი