მალე ყოველი მეორე იმპორტირებული მანქანა ჰიბრიდი იქნება

  • რეზონანსი
  • 20 იანვარი 10:39, 2018 წელი

ჰიბრიდული მანქანების რაოდენობა დიდი სისწრაფით მატულობს. 2017 წელს განბაჟებული მანქანების სტატისტიკამ აჩვენა, რომ ყოველი მეოთხე ავტომობილი ჰიბრიდია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემით, შარშან 16 615 ჰიბრიდი განაბაჟეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ წელიწადში მანქანების რაოდენობა, საშუალოდ, 70-75 ათასი ერთეულით იმატებს, ე.ი. შარშან შემოყვანილი მანქანებიდან ყოველ მეოთხე ჰიბრიდული ავტომობილია. ტენდენცია თუ შენარჩუნდა, უახლოეს 2-3 წელიწადში ყოველი მეორე მანქანა სწორედ ჰიბრიდი იქნება, რასაც იმპორტიორებიც ვარაუდობენ.


სტატისტიკიდან ჩანს, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული "ტოიოტას" ჰიბრიდული ავტომობილებია, რადგან განბაჟებული ავტომობილებიდან 13 296 სწორედ აღნიშნული მარკის ჰიბრიდი იყო.


შსს-ს ინფორმაციით, პოპულარობით მეორე ადგილს "ლექსუსი" იკავებს 889 ავტომობილით (თუმცა "ლექსუსიც" "ტოიოტას" ბრენდია). ამ მონაცემებს რაოდენობრივად მკვეთრად ჩამორჩება, მაგრამ მესამე ადგილზე "მიცუბიშის" მარკის მანქანებია. ამ ფირმის 90 ავტომობილიც საქართველოში სწორედ შარშან ჩამოიყვანეს.


ჰიბრიდული მანქანების იმპორტი მნიშვნელოვნად წაახალისა აქციზის გადასახადში ცვლილებამ, რომელიც 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. ცვლილების მიხედვით, 0-დან 6 წლამდე ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზი 60%-ით შემცირდა, ხოლო 6 წელს ზემოთ - 50%-ით. სხვა ტიპის ავტომობილების განბაჟება კი, გამოშვების წლისა და ძრავის მოცულობის მიხედვით, საკმაოდ გაძვირდა.


 

წყარო: რეზონანსი