"საქართველო საბანკო ქვეყნად იქცა!"

  • რეზონანსი
  • 20 იანვარი 10:36, 2018 წელი

სავალუტო რყევებით კომერციულმა ბანკებმა არნახული მოგება მიიღეს. დანამდვილებით არავინ საუბრობს, რომ ლარის გაუფასურებას ბანკები უწყობდნენ ხელს, მაგრამ ცხადია, რომ ამ ნეგატიური პროცესით ძალიან იხეირეს.

სებ-ის მონაცემით, ბანკების მიერ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 202,954 მილიონი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 219,332 მილიონი იყო, თუმცა მაშინ სავალუტო ბაზარზე გაცილებით დიდი რყევა შეინიშნებოდა.


ზოგადად, შარშან კომერციულმა ბანკება გაუგონარი მოგება მიითვალეს. მთელი წლის განმავლობაში მათი წმინდა მოგება 869 798 000 ლარი იყო, რაც 190,6 მილიონი ლარით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს (679 101 000 მილიონი ლარი).


რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციულმა ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში 21,7 მილიონი ლარი გადაიხადეს.


სპეციალისტებს ბანკების სავალუტო მანიპულაციების შესახებ კონკრეტული ფაქტები არ აქვთ, თუმცა კონტროლის გაძლიერებას ემხრობიან და სებ-ს გარკვეული ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.


საბირჟო საქმის სპეციალისტ ვახტანგ ხომიზურაშვილის განმარტებით, ბანკების ძირითადი მოგება საკომისიოებიდან და ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს ემყარება, ამიტომ კურსთა სხვაობამ ბანკებს დიდი მოგება მოუტანა.


"სპეკულაციური ელემენტებია, როდესაც ბანკი ყიდულობს ვალუტას სხვა კურსით ელექტრონული ვაჭრობის შედეგად და მერე მას უფრო მაღალი კურსით ყიდის. რა თქმა უნდა, ეს არ არის უკანონობა, ბანკი შესაძლებლობას იყენებს, რაც ჩვეული მომენტია. როგორც წესი, საბანკო სექტორის ძირითადი შემოსავლის წყარო არის საკომისიოები და კურსთა შორის სხვაობა, თუმცა ისინი ხშირად წნეხს ზრდიან და სხვადასხვა მოლოდინს აჩენენ ბაზარზე.


როგორც ვხედავთ, ეროვნული ბანკი არ აპირებს გარკვეულ ცვლილებებს, თუმცა ამ სისტემის გაუმჭვირვალობა საკმაოდ საზიანოა ყველა მიმართულებით. რეალურად როდესაც ვერ ხედავენ, რა ხდება სავალუტო ბაზარზე, თავისთავად იქ ჩნდება გარკვეული ეჭვიც. ეს სისტემა უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს; ძალიან პოზიტიური იქნება, რომ ჩვენთან შემოიღონ ვალუტის კურსის ჰეჯირების (დაზღვევის) მექანიზმი. რამდენადაც ვიცი, ეს სისტემა მომზადების პროცესშია და საბოლოოდ იძლევა საშუალებას, რომ კლიენტებმა უშუალოდ დააზღვიონ კურსის არასასურველი ცვლილებები", - განუცხადა "რეზონანსს" ხომიზურაშვილმა.


ბანკების მონოპოლიაზე საუბრობს ანალიტიკოსი გოჩა თუთბერიძე, რომელიც გამოსავალს ფინანსური ბაზრის დივერსიფიცირებაში ხედავს.


"სავალუტო რყევებზე ბანკებს გავლენა არ მოუხდენიათ, ამ პროცესს მათ მანიპულაციებს ვერ დავუკავშირებ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პრობლემით კარგად ხეირობენ. მათ დიდი ინფორმაცია აქვთ და შემოსავლის ზრდა სავალუტო რყევების საშუალებით სავსებით შესაძლებელია. ამიტომ ბანკების მოგება გაიზრდება მომავალშიც, რაც გასაკვირი არ არის. ფინანსურ ბაზარზე ერთადერთი მთავარი ინსტიტუტები დარჩნენ ბანკები, არც მოსახლეობას და არც იურიდიულ პირებს სხვა არჩევანი არ აქვთ. ისინი ფულს ვერანაირად მოიზიდავენ და ვერსად განათავსებენ, რადგან აქ მეორადი ბაზარი არ მუშაობს. სანამ ბანკები მონოპოლისტები იქნებიან ფინანსურ ბაზარზე, იქამდე მათი მოგება ზღაპრულად გაიზრდება.


საბანკო ქვეყნად იქცა საქართველო. ბოროტად სარგებლობენ ამით, საფონდო ბირჟაც მოკლეს. მათი საკონტროლო პაკეტიც ბანკების ხელშია, რისი დაშვებაც არ შეიძლებოდა. 2007 წლამდე საფონდო ბირჟა ვითარდებოდა საქართველოში და კარგი პერსპექტივა ჰქონდა, რაც გარკვეულწილად ფინანსური ბაზრების დივერსიფიცირებას მოახდენდა, მაგრამ ეს პროცესი შეიცვალა. დღეს ფასიანი ქაღალდების ბაზარი, ფაქტობრივად, არ მოქმედებს. დარჩნენ მხოლოდ ბანკები, სადაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს ფული და განათავსოს თავისი დანაზოგი", - განმარტა "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსმა.

წყარო: რეზონანსი