ანდრია გველესიანმა შეყვარებულს გადასაღებ მოედანზე ხელი სთხოვა

  • სარკე
  • 19 იანვარი 23:06, 2018 წელი

მომღერალმა, ანდრია გველესიანმა, თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლისას აღმოაჩინა, რომ გოგო, რომელთანაც მეგობრობდა, სინამდვილეში მისი სიყვარული იყო. 

მისი და მაიკო ვაწაძის ურთიერთობა ისე გადაიზარდა დიდ გრძნობაში, რომ ვერც კი გააცნობიერეს. ამის შესახებ ანდრია ჟურნალ “სარკესთან” ყვება:


– სიყვარული თითქმის ყოველთვის იყო, მაგრამ დადგა დრო, როდესაც ამოხეთქა იმ სიყვარულმა, რომელიც ალბათ იყო მეგობრობის განმავლობაში. შემდეგ ვეღარც მე გავუძელი, ვერც მაიკომ და ერთმანეთს გრძნობებში გამოვუტყდით. ყველაფერი თავისით მოხდა, ბევრი ლაპარაკი არ გვჭირდებოდა, ორივენი მსახიობები ვართ და ყოველთვის ყველაფერს იმპულსებით ვგრძნობდით. ვერ გავაანალიზეთ, როგორ გადავედით მეგობრობიდან სიყვარულში…


- მაიკომ იცოდა, რომ ცოლობა უნდა გეთხოვათ?


– რა თქმა უნდა, არ იცოდა, თორემ სიურპრიზი ხომ აღარ გამოვიდოდა. ცხოვრებაში არ მითამაშია, შესაბამისად არც იმას დავუშვებდი, რომ შეყვარებულს წინასწარ შევთანხმებოდი, კლიპის გადაღებისას ხელი უნდა გთხოვო-მეთქი. მისთვის ძალიან მოულოდნელი იყო, რადგან ამ კლიპის გადაღებისას ბევრი სირთულე გამოვიარეთ, შეიქმნა პრობლემები…


არც ჩემმა მშობლებმა და არც მაიკოს მშობლებმა იცოდნენ. სიყვარული ორ ადამიანს ეხება, ამიტომ ჩემთვის, პირველ რიგში, მთავარი მაიკოს პასუხი იყო. ჩვენ სულ ასე ვიქცევით, ჯერ ჩვენ ვწყვეტთ რაღაც საკითხებს და შემდეგ მშობლებს ვეუბნებით.

წყარო: სარკე