"სახელმწიფოს არ შეუძლია ონლაინ გამსესხებლების გაკონტროლება"

  • resonancedaily.com
  • 19 იანვარი 11:01, 2018 წელი

საფინანსო სფეროს დერეგულირება და მოქალაქეების ამ სფეროში ნაკლები განათლება არაერთ მომხმარებელს მნიშვნელოვნად აზარალებს.

ადამიანები ხშირად ერთადერთ საცხოვრებელსაც კი კარგავენ სესხის გადაუხდელობის გამო. ქვეყანაში მხოლოდ საკრედიტო დაწესებულებების უფლებებს იცავენ და მომხმარებელი აბსოლუტურად დაუცველია.

არის შემთხვევები, როცა კლიენტი არ კითხულობს ხელშეკრულებას გულდასმით და შემდგომში დიდი თანხის გადახდა უწევს. ბანკის თანამშრომელიც არ იღებს ვალდებულებას, დეტალურად გააცნოს მომხმარებელს შესაძლო რისკი და თავიდან ააცილოს დეფოლტი ან ზედმეტი ფინანსური ვალდებულება.

საქართველოში ძალიან მომრავლდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც სწრაფ სესხებს გასცემენ. კრედიტის აღება ინტერნეტითაც შეიძლება, თანაც სულ რამდენიმე წუთში. ასეთი სესხის აღებისას მომხმარებელი არ აფორმებს ხელშეკრულებას, მაგრამ თუკი ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია, მომხმარებლის საცხოვრებელ მისამართზე ნებისმიერი ნივთი დააყადაღოს. უცნობია, რის საფუძველეზე ჩივის სესხების გამცემი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, როცა არ არსებობს არც ონლაინ და არც წერილობით გაფორმებული ხელშეკრულება.

ფინანსისტი ლია ელიავა "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ონლაინ სესხები სრულად დერეგულირებულია და სახელმწიფოს არ გააჩნია მექანიზმი არათუ მომხმარებლის დასაცავად, არამედ იმისთვისაც კი, რომ აკონტროლოს, მალავენ თუ არა გადასახადებს კომპანიები.

"თვითონ ფაქტი, რომ სესხი არის გაცემული, შეიძლება ონლაინ გამსესხებელმა დაადასტუროს ერთი რამით, რომ მან გადარიცხა თანხა მსესხებლის საბანკო ანგარიშზე. სხვა არანაირი მექანიზმი მას არ გააჩნია. ამიტომ თუ პიროვნება განაცხადებს, რომ კომპანიამ არასწორად გადმოურიცხა თანხა და მას არ მოუთხოვია, უკვე შეიძლება დავა იმაზე, რომ ეს შეცდომა იყო. აქ საუბარი შეიძლება მხოლოდ გადარიცხული თანხის დაბრუნებასა და პროცენტის გადახდაზე.

ფაქტობრივად, ონლაინ გამსესხებლები არიან კანონს მიღმა. ხელშეკრულებები არ არის დადებული არც ელექტრონულად და არც ნივთიერად. შესაბამისად, დადასტურება იმისა, რომ მსესხებელი არის მათი მოვალე, ძალიან რთულია. ამიტომ ასეთი კომპანიები, ყოველთვის ცდილობენ, იმუშაონ კერძო კომპანიებთან, რომლებიც დაშინებით, მუქარით და ტყუილით ცდილობენ თანხის ამოღებას. ამ კერძო კომპანიებსაც არავითარი უფლება არ აქვთ, დააშინონ მსესხებელი ან მოსთხოვონ მას რამე", - ამბობს ლია ელიავა.

"რეზონანსი": ანუ ონლაინ გამსესხებლები მთლიანად სახელმწიფოს რეგულირების მიღმა არიან დარჩენილნი?

ლ.ე: კანონს მიღმა ყოფნა ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიცით, რას იხდიან ინლაინ კომპანიები სახელმწიფო ბიუჯეტში მოგების გადასახადის სახით ან საერთოდ იხდიან თუ არა რამეს. არავინ იცის მათი კონტროლის მექანიზმის შესახებ. ფინანსთა სამინისტროში კი არაფერს ამბობენ და ყველაფერი ბუნდოვანია. როცა საუბარია პრეტენზიებზე, რომლებიც ონლაინ გამსესხებლებს აქვთ, ჯერ უნდა გამოიკვლიონ მათი საქმიანობა. საინტერესოა, მალავენ თუ არა ისინი გადასახადებს.

მინდა, ყველა ონლაინ სესხის ამღებ პოტენციურ კლიენტს მოვუწოდო, რომ კრედიტი არ აიღონ 1 თვეზე მეტი ვადით, რადგან მაღალია საპროცენტო განაკვეთი და სესხის გადაუხდელობის დიდი შანსია. დღესდღეობით ონლაინ გამსესხებლები არიან აბსოლუტურად მიშვებული. მათ არ გააჩნიათ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო მათ საქმიანობას გააკონტროლებს (მაგალითად, რამდენი და რა საპროცენტო განაკვეთით აქვთ გაცემული კრედიტები). თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა და არ შეიქმნა საკანონმდებლო და პროგრამული კონტროლის მექანიზმი, ეს სფერო ისევ დარჩება პარაზიტად ეკონომიკის სხეულზე. ისინი იღებენ მოგებას, ეკონომიკა კი ამით ვერ ხეირობს.

"რეზონანსი": როგორც ვიცით, ეროვნული ბანკის მოვალეობაში შედის ონლაინ სესხების კონტროლი. რა ხდება ამ მხრივ და რამდენად ასრულებს ქვეყნის ცენტრალური ბანკი დაკისრებულ მოვალეობას?

ლ.ე: ეროვნულმა ბანკმა თითქოს შემოიღო გარკვეული რეგულაციები სესხების საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით და სესხის მოცულობაზეც. ამ დროს ცენტრალურ ბანკს არ აქვს მექანიზმი, რითიც გააკონტროლებს, რეალურად რა თანხას და რა პროცენტით გასცემს ონლაინ კომპანია. დიდი ალბათობით, შეიძლება ონლაინ გამსესხებლები არღვევდნენ როგორც ეროვნული ბანკის იმპერატიულ მოთხოვნებს, ასევე სამოქალაქო კოდექსით გაწერილ შეზღუდვებს. პირდაპირ უნდა ითქვას, დღესდღეობით სახელმწიფოს არ შეუძლია ონლაინ გამსესხებლების გაკონტროლება".

"რეზონანსი": ხშირია შემთხვევები, როცა ერთ ბანკში გადაუხდელი ვალდებულების გამო სხვა კომერციულ ბანკში მოქალაქეებს უყადაღდებათ ანგარიში. ეს რამდენად კანონიერია?

ლ.ე: რა თქმა უნდა, შეიძლება ანგარიში დაყადაღდეს, თუ სასამართლო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ანგარიშის დაყადაღება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამის უფლება არ აქვს არავის. არათუ სხვა ბანკში, კომერციულ ბანკს საკუთარ ორგანიზაციაში არსებული ანგარიშის დაყადაღებაც კი არ შეუძლია შესაბამისი სასამართლო დადგენილების გარეშე

წყარო: resonancedaily.com