აფხაზეთს "ენგურჰესის" დენი დეკემბერშივე აღარ ეყო

  • რეზონანსი
  • 18 იანვარი 10:33, 2018 წელი

საქართველოს მთავარი ელექტროსადგური მხოლოდ სეპარატისებისთვის მუშაობს.

"ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული დენი აფხაზებს უკვე მთლიანად მიაქვთ და ზამთრის დასაწყისშივე არ ჰყოფნით, საქართველო კი საჭირო ელექტროენერგიის ნახევარს ძვირი იმპორტისა და ასევე ძვირი თბოსადგურების ხარჯზე ივსებს. ამ მხრივ ენერგოსისტემაში უმძიმესი ვითარებაა.


ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, 2017 წლის დეკემბერში "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 227 მლნ კვტ/სთ შეადგინა, ხოლო აფხაზეთმა ამ პერიოდში მიიღო 241 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც ყველანაირ ზომა-წონას ბევრად აღემატება. ოკუპირებულმა რეგიონმა დამატებითი ელექტროენერგია "ვარდნილჰესისგან" (დეკემბრის გამომუშავება - 26 მლნ კვტ/სთ) წაიღო. იმის გამო, რომ "ენგურჰესის" დენის გამოყენების საშუალება არ გვაქვს, იზრდება ძვირი ელექტროენერგიის წილი.


"რეზონანსის" ინფორმაციით, ადგილობრივი თბოსადგურების მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ დეკემბერში 393 მლნ კვტ/სთ შეადგინა, ხოლო იმპორტის მუცულობამ - 134 მლნ კვტ/სთ, რაც საერთო გამომუშავების 50%-ია. გამოდის, რომ აფხაზეთს მიაქვს იაფი დენის ლამის მთელი მარაგი უფასოდ და ჩვენ მოვიხმართ ძვირ ელექტროენერგიას, რომლის წილიც მომდევნო პერიოდის განმავლობაში კიდევ გაიზრდება.


აშკარაა, რომ სახელმწიფომ აფხაზეთის ელექტრომომარაგების საკითხთან დაკავშირებით მიდგომა უნდა შეცვალოს. რა ზომებს მიიღებს ქვეყანა, ჯერჯერობით უცნობია. ჩვენი მცდელობის მიუხედავად, აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროსგან ინფორმაცია ვერ მივიღეთ. როგორც ყოველთვის, უწყების წარმომადგენლები კომენტარს თავს არიდებენ და მედია მათთვის იგნორირებულია.


სპეციალისტები კი ამბობენ, რომ მთავრობას გაცნობიერებული აქვს პრობლემის სიმწვავე და ეძებს გამოსავალს. ერთ-ერთი ვერსიით, აფხაზეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყება იგეგმება, თუმცა სეპარატისტულ რეჟიმს ეს საკითხი ნაკლებად აღელვებს, შესაბამისად, იგი ახლო მომავალში არ დაიწყება.


ქართველი ენერგეტიკოსები ემხრობიან აზრს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთისთვის მოხდეს ყოველდღიური მოხმარების გაანგარიშებით. ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, დეპუტატი, ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე ამბობს, რომ იგეგმება სამთავრობო დონის შეხვედრები, რათა ერთხელ და საბოლოოდ გადაწყდეს აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი.


"ენგურჰესის" სადისპეტჩერო სადგური განლაგებულია საბერიოში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ჩვენ მასზე წვდომა არ გვაქვს. რამდენიც სჭირდებათ, იმდენი ელექტროენერგია მიაქვთ. გვინდა თუ არა, აფხაზეთის ელექტრომომარაგების საქმეს ვემსახურებით. ზამთარში "ენგურჰესი", ფაქტობრივად, ოკუპირებული რეგიონისთვის მუშაობს, ეს არის რეალობა.


აქამდე ამ პროცესებზე პასუხისმგებლობას იღებდა ენერგეტიკის სამინისტრო, ახლა ეს ეკონომიკის სამინისტროს ფუნქციებში გადავა. ალბათ, დეპარტამენტის ფუნქციით აღიჭურვება, მაგრამ გააკეთებს იმავეს, რასაც თავის დროზე კახა კალაძე ემსახურებოდა. ამ შემთხვევაში, ენერგეტიკის მიმართულებას ეკონომიკის სამინისტროში მინისტრი თუ არა, მოადგილე გაუწევს კურატორობას.


დღესდღეობით აფხაზეთს იმაზე მეტი ელექტროენერგია მიაქვს, რაც აქამდე იყო დაწესებული, ლიმიტს საგრძნობლად გადააჭარბეს. მალე "ენგურჰესი" დიდი ხნით დაიკეტება და აფხაზეთის ელექტრომომარაგება რუსეთს მოუწევს", - აცხადებს არველაძე.


ენერგეტიკოსი ფიქრობს, რომ აფხაზეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყება იგეგმება, რაც რეგიონში დენის მოხმარების მაჩვენებელს შეამცირებს. ეს იქნება ერთადერთი საშუალება სეპარატისტების მხრიდან ელექტროენერგიის ხარბი მადის მოსათოკავად.


"გამრიცხველიანება აფხაზეთში დენის მოხმარებას შეამცირებს. ამაზე სერიოზულად მიდის საუბარი, მაგრამ როდიდან დაიწყება ეს პროცესი, ჯერჯერობით უცნობია. ამის შემდეგ დენის მოხმარება შეიძლება ჩაჯდეს 40-60%-ში, რის პირობაც მხარეებს შორის არაოფიციალურად დაიდო", - ამბობს არველაძე.


ცუპ-ის წამყვან მკვლევარ გიორგი მუხიგულაშვილის თქმით, საქართველოსა და აფხაზეთის მხარეებმა უნდა დაიწყონ მუშაობა იმის დასადგენად, თუ რა არის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ასე იზრდება მოხმარება სეპარატისტულ რეგიონში, ხოლო შემდეგ დაიწყოს მოსახლეობის გამრიცხველიანება და ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარება.


"ჩვენთან გარკვეული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ მეტია საჭირო. აფხაზეთის ე.წ. მთავრობაც თუ დაიწყებს ენერგოეფექტურობის ღონისძიებების დანერგვაზე მუშაობას, კარგი იქნება", - ამბობს მუხიგულაშვილი.


ამდენად, სპეციალისტები ერთხმად აცხადებენ, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით ენერგეტიკული პოლიტიკა გადახედვას საჭიროებს და ეს ნაბიჯი დროულად უნდა გადაიდგას.


ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტი მირონ ფირცხელანი ფიქრობს, რომ სწორი მმართველობის პირობებში პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდება.


"მუდმივად ვსაუბრობთ, რომ მიდგომა შესაცვლელია, მაგრამ ახალს ვერაფერს ვაკეთებთ. პოზიცია უნდა შეიცვალოს საქართველოს მთავრობის მხრიდან, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის მოსალოდნელი. ყოველთვის ასე იქნება, სანამ პატრონი არ გვეყოლება. ისჯება ქართველი ხალხი. არ ვიცი, რას მოგვიტანს სამთავრობო დონის შეხვედრები, კარგს არაფერს ველოდები, რადგან ყოველთვის, ყველა დიალოგსა და მოლაპარაკებაში ქართული მხარე ზარალდება, ამასაც მივეჩვიეთ", - აცხადებს ფირცხელანი.


აფხაზეთის მხრიდან ელექტროენერგიის მოხმარების მასშტაბური ზრდა მოულოდნელი არ ყოფილა აფხაზეთის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებისთვისაც. "ექსპერტთა კლუბის" წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი ამბობს, რომ აფხაზეთისთვის დენის მიწოდების საზღაურს საქართველოს მთელი მოსახლეობა იხდის და ასეთი დამოკიდებულება შესაცვლელია.


"ელექტროენერგიის მიწოდებაზე აფხაზეთს საქართველოს მთავრობა უარს ვერ ეტყვის. ამ საზღაურს, ფაქტობრივად, მთელი მოსახლეობა იხდის, აფხაზები კი ყოველთვის მალავენ, რომ ჩვენგან ეს შეღავათი აქვთ. ყველა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეხვედრაზე ისინი აფიქსირებენ, რომ ელექტროენერგიას რუსეთისგან იღებენ. გამოდის, რომ ჩვენ ვიხდით მილიონობით ლარს აფხაზეთის განათებისთვის და სანაცვლოდ შეიძლება გვაგინონ, როცა ეს მოესურვებათ. რა ლოგიკაა, ვერ ვხვდები. მიდგომა საქართველოს მთავრობის მხრიდან აშკარად შესაცვლელია", - აცხადებს ცქიტიშვილი.

წყარო: რეზონანსი