სისხლიანი გარჩევები ყოფილ ცოლებთან

  • რეზონანსი
  • 15 იანვარი 10:19, 2018 წელი

14 ჭრილობა, აქედან 4 საზარდულის, 10 კი მუცლის არეში - ერთ კვირაში ეს უკვე მეორე ქალია, რომელიც ყოფილი ქმრის აგრესიის მსხვერპლი გახდა.

კითხვაზე, რა იწვევს მამაკაცებში ყოფილი ცოლების მიმართ აგრესიას, სპეციალისტები პასუხობენ, რომ საკუთრების, სხვაზე კოტროლისა და ძალაუფლების გამოვლინების საშუალების დაკარგვა მათზე ნეგატურად მოქმედებს, რაც შემდგომ აიძულებთ, რომ იყვნენ მოძალადეები. თუმცა, აღზრდის პროცესში დაშვებულ შეცდომებზეც ამახვილებენ ყურადღებას.


ბოლო ასეთი შემთხვევა 11 იანვარს ბარბარეს უბანში მოხდა, რა დროსაც ყოფილმა ქმარმა 32 წლის ქალი და მისი მეგობარი მამაკაცი დაჭრა. ორივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში მოათავსეს.


ბრალდებული სამართალდამცველებმა იმავე დღეს შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავეს. შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ოჯახში ძალადობის საფუძველზე ორი პირის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებული ბრალს აღიარებს.


როგორც ირკვევა, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა. ახალგაზრდა ქალს, რომელიც 2 მცირეწლოვანთან ერთად ქირით ცხოვრობდა, ყოფილი მეუღლე სისტემატურად აკითხავდა და ძალადობდა. ბინის მეპატრონის თქმით, აღნიშნულის გამო დაზარალებულმა პოლიციას რამდენჯერმე მიმართა.


რამდენიმე დღის წინ ყოფილი ქმრისგან დაცვას ითხოვდა 22 წლის დეა გოშხეთელიანიც. როგორც ახალგაზრდა ქალი აცხადებს, ყოფილმა მეუღლემ მას მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, შემდეგ კი სიმამრსაც გაუსწორდა.


როგორც გაირკვა, მსგავსი ქმედების გამო გოშხეთელიანის ყოფილი ქმარი პოლიციას ერთხელ უკვე დაკავებული ჰყავდა, თუმცა, ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისულეს. მომხდარის შემდეგ მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.


გასული წლის 14 ნოებერს ყოფილი ცოლი და მისი მშობლები გახდნენ მამაკაცის თავდასმის ობიექტებიც. მან ყოფილ მეუღლეს 5 ჭრილობა მიაყენა.


30 ნოემბერს ასევე ყოფილმა ქმარმა ქალს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით სახის არეში მიაყენა.


როგორც გასული წლის მონაცამებით ირკვევა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ყოველი მე-11 ქალია.


"მთელი კვირა" დაინტერესდა, რა იწვევს მამაკაცებში ყოფილი ცოლების მიმართ აგრესიას, რაზეც სპეციალისტები ერთხმად პასუხობენ, რომ საკუთრებისა და ძალაუფლების გამოვლინების საშუალების დაკარგვა მამაკაცებში ნეგატიურად აისახება, რაც შემდგომ მოძალადეს ხდის.


"მამაკაცები ქალებს აღქვამენ, როგორც მათ საკუთრებას. შესაბამისად, მათ აგრესიას იწვევს საკუთრებისა და ძალაუფლების გამოვლინების საშუალების დაკარგვა. ასევე, იმ დამოკიდებულების გაწყვეტის შიში, რომელიც მოძალადეს მსხვერპლის მიმართ გააჩნია, აიძულებს მას, რომ იყოს მოძალადე და მუდივად აკონტროლოს", - აცხადებს "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" ხელმძღვანელი ნატო შავლაყაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას.


მისი თქმით, ვერანაირი კანონი ვერ დაგვიცავს სათანდოდ, თუკი საზოგადოებაში არ იქნება თანადგომისა და საკუთარი პასუხისმგებლობის აღების მზაობა.


"თითოეული ჩვენგანი ვაგებთ პასუხს იმაზე, რაც ჩვენს ირგვლივ და ქვეყანაში ხდება. ამიტომ, ეს ერთი კონკრეტული ოჯახის კი არა, საზოგადოების პრობლემაა. მათ მობილიზებას, ინფორმაციულობასა და მოტივაციის გაზდას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იმედია, ოდესმე მივალთ იქამდე.


"თუმცა, ფატალურ შემთხვევებს ვერავინ გამორიცხავს, მათ შორის, ვერც ჩვენზე ბევრად უფრო განვითრებული ქვეყნები, სადაც კანონიც გაცილებით ზუსტადაა გაწერილი და საზოგადოებაც საკმაოდ აქტიურია. სამწუხაროდ, ამის 100%-ანი გარანტია უბრალოდ არ არსებეობს. ჩვენ რაც ყველაზე მეტად გვაღელვებს, არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მობილიზაცია, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია მედიის ჩართულობა", - აცხადებს ნატო შავლაყაშვილი.


ფსიქოლოგი ნანა მამაულაშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას იმ ძირითად მიზეზებს ხსნის, რომლებიც მამაკაცში აგრესიის გამომწვევია.


"ზოგადად აგრესია უამრავმა რამემ შეიძლება გამოიწვიოს. დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენთან ცოლი ჯერ კიდევ საკუთრებად აღიქმება. შესაბამისად, როდესაც ვკარგავ ადამიანს, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანს (ან თუნდაც არასაყვარელს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემია), მისი დაკარგვა იწვევს აგრესიას.


"ადამიანს თუ არ შეუძლია საკუთარი ემოციის მართვა და იმ რეალობის მიღება, რაც აქვს, თუნდაც სხვა ადამინთან განშორებით მიღებული, უჩნდება აგრესია. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანში ერთი და იმავე ხარისხით არ არის", - აცხადებს ნანა მამაულაშვილი.


კითხვაზე, ძირითადად რა კატეგორიის მამაკაცები არიან ყოფილი ცოლების მიმართ აგრესულები, ფსიქოლოგი ამბობს, რომ საქმეში შეუმდგარი მამაკაცები ერთ-ერთი რისკფაქტორია, რაც მათში წარუმატებლობის განცდას ამძაფრებს, თუმცა მხოლოდ ეს არ არის, რაც შემდგომში იწვევს ამხელა აგრესიას და ამით გამოწვეული კონკრეტული ქმედების განხორციელებას.


"ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ ასეთი ადამიანები იქცევიან აგრესიულად. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანში არსებეობს რაღაცის მიმართ პროტესტი, მიუღებლობა, რომლის წარმოჩინებაც სხვადასხვა ფორმით ხდება და არ მინდა ამაში მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე იყოს ხაზი გასმული.


"მამაკაციც და ქალიც ცოტა უფრო ტოლერანტობის განცდით უნდა იზრდებოდეს. ეს ყველაფერი ისევ და ისევ აღზრდიდან და ოჯახიდან მომდინარეობს. მშობელმა უნდა აღზარდოს მასში ქალის მიმართ პატივისცემა, სიცოცხლის ხელშეუხებლობა, აგრესიის აკრძალვა, რომ ეს არის გამოხატვის ძალიან ცუდი ფორმა, ისევე როგორც ეჭვიანობა, რომლის ნიადაგზეც ძალიან ხშირად ხდება ძალადობის ფაქტები. ეს შეიძლება დაავადების ხრისხიც იყოს, მაგრამ, პირველ რიგში, საკუთარ შესაძლეობლობებში ეჭვის ფონზე ვითარდება და დაბალი თვითშეფასებიდან განვითრებული მდგომარეობაა.


"ამით იმის თქმა მინდა, რომ სამყარო ნაირფერია, ია-ვარდით მოფენილი არავისთვისაა, ისევე როგორც სტერილური არ არის და ვერ დაგიცავს. უამრავი განსაცდელი შეიძლება შეგხვდეს და ამაზე სწორი რეაგირება უნდა იცოდე, ეს კი მეტწილად აღზრდისგან მოდის.


"თუმცა, აქაც მნიშვნელოვანია მისი ხასიათი. როდესაც ფსიქოპათიური ხაზები, ეჭვნეულობა და აგრესია ერთმანეთს ედება, შემდეგ ხდება ასეთი ფაქტები", - აცხადებს ნანა მამულაშვილი.

წყარო: რეზონანსი