დამალული სიმართლე, რომელიც ლამის, ტრაგედიად იქცა…

  • media.adams.ge
  • 14 იანვარი 20:32, 2018 წელი

არასოდეს დაბრუნდებოდა საქართველოში, რომ არა ცალმხრივი სიყვარული და ფეხმძიმობა.

ქართველებს უამრავი რამის გასაიდუმლოება რომ გვჩვევია, არავისთვისაა უცხო და ზოგ შემთხვევაში შეიძლება, გამართლებაც ჰქონდეს ტყუილს, მაგრამ ზღვარი ხომ ყველაფერს სჭირდება!..



დათო ოცდაათი წლისაა. ის მარტოხელა დედამ გაზარდა, რომელმაც ბიჭს სიმართლე დაუმალა და როგორც კი მან მამის შესახებ დასვა შეკითხვა, დაუფიქრებლად უპასუხა, რომ მამამისი ჯერ კიდევ მის დაბადებამდე გარდაიცვალა. ბიჭს გვარიც კი არ გაუმხილა იმისი, ვინც სულაც არ იყო უნამუსო და უღირსი კაცი…



წლების წინ, დათოს დედა რუსეთში ცხოვრობდა. იქ მიიღო უმაღლესი განათლება და მუშაობაც დაიწყო. ალბათ, არასოდეს დაბრუნდებოდა საქართველოში, რომ არა ცალმხრივი სიყვარული და ფეხმძიმობა, რომელიც საყვარელი მამაკაცის ხელში ჩასაგდებად დაგეგმა, მაგრამ ბესომ ქორწინებაზე მაინც უარი უთხრა: მყავს საცოლე, რომელიც მიყვარს და მის გარდა, ვერავინ გახდება ჩემი ცოლი. ვნანობ, რომ ცდუნებას ვერ გავუძელი და მას შენთან ვუღალატე. აუცილებლად ვეტყვი სიმართლეს და ვიცი, მაპატიებს, არც ამ ბავშვის მოვლა-პატრონობას დამიშლის და თუ მისი გაჩენა პრობლემებს შეგიქმნის, მე მომეცი, თავად გავზრდი და არც შენ დაგიშლი მასთან ურთიერთობასო.


მანანამ არაფრის გაგონება არ ისურვა. ბესოს უთხრა, რომ აბორტი გაიკეთა და საქართველოში დაბრუნდა, სადაც ახლობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ბავშვი გააჩინა, გათხოვება აღარც უფიქრია და ყველაფერს დათოსთვის აკეთებდა: ბინაც უყიდა, მანქანაც, კარგი განათლებაც მისცა და როცა ძალიან გაჭირდა ცხოვრება, სხვა უამრავი ქართველი ქალივით, საბერძნეთს მიაშურა, რომ ისტორიკოსი შვილისთვის, რომლის ხელფასი საკმაოდ მწირი იყო, ოჯახის შექმნის შიში გაექარწყლებინა. ძალიან უნდოდა რძალი და შვილიშვილები ჰყოლოდა.



დათომ მალე შეატყობინა, რომ კარგი გოგო გაიცნო და შეყვარებული იყო. იმასაც დაჰპირდა დედას, რომ მის შვებულებას დაელოდებოდა და მხოლოდ მაშინ გადაწყვეტდა დაოჯახებას, როცა ლიკას პირადად შეახვედრებდა, გააცნობდა და მისგან თანხმობას მიიღებდა, მაგრამ ბედმა სხვაგვარად გადაწყვიტა – ახალგაზრდებმა ცდუნებას ვერ გაუძლეს და როცა მანანამ საქართველოში ჩამოსვლა მოახერხა, ლიკა უკვე ხუთი თვის ფეხმძიმე იყო. რას იზამდა, ფაქტის წინაშე მდგომი? თანაც, სარძლოს არც გარეგნობა დაეწუნებოდა და არც ზრდილობა. მისი გვარი რომ გაიგო, არ ესიამოვნა, მაგრამ ცუდი ფიქრი გულიდან ამოიგდო: ქვეყანაზე უამრავი ამ გვარის ადამიანი დადის და რაღა “იმისი” სისხლით ნათესავი იქნებაო? ენას კბილი დააჭირა, მაგრამ… როცა დათომ საცოლის მშობლების სახლში მიიყვანა და კარი შვილის მამამ – ბესომ გაუღო, ცუდად გახდა.



– ლიკა შენი შვილია?! – დაუსვა შეკითხვა, მაგრამ პასუხი აღარ გაუგონია, რადგან “მინახვედრმა” გონება დაუბინდა და გაითიშა.



გონს რომ მოვიდა, თავს “სასწრაფო დახმარების” ექიმები ადგნენ და იქვე თვალცრემლიანი ბესოც ჩამომჯდარიყო, რომელიც არც თავად იყო უკეთეს დღეში, მაგრამ მაინც მოიკრიბა ძალა და მანანას უთხრა:
– ნუ გეშინია. ბოლომდე არ გაგვწირა ღმერთმა და გადავრჩით უდიდეს ტრაგედიას – ჩემმა ცოლმა მძიმე მშობიარობის შემდეგ ბავშვი დაკარგა და ექიმებმა გვითხრეს, რომ ვეღარასოდეს დაორსულდებოდა. ამიტომ, ბევრიც არ გვიფიქრია და პატარა ვიშვილეთ. ასე რომ არ მოვქცეულიყავით, დარდით დავიხოცებოდით. დღემდე, ეს სიმართლე ჩვენ ორის გარდა, არავინ იცოდა, ბებია-ბაბუებმაც კი…



როგორც ჩანს, მართლა არ არსებობს ტყუილი, რომელიც ადრე თუ გვიან არ გაცხადდება…
ეს სიმართლეც ყველამ გაიგო. დათოს ძალიან გაუჭირდა დედის გაგება: შენი ტყუილის გამო საკუთარ დასთან რომ დამეჭირა კავშირი, თავი ხომ უნდა მომეკლა და მერე რას აპირებდიო?!
არც ის დაუმალავს: რომ მცოდნოდა, ლიკა ჩემი მშობელი მამის გაზრდილი იყო, სხვანაირად არასოდეს შევხედავდი და დასავით შევიყვარებდიო…



საბოლოოდ, ახალგაზრდები მაინც დაქორწინდნენ და პატარა საბასაც ზრდიან, მაგრამ მათ ბედნიერებას ჩრდილავს მომხდარი: არ უყვართ იმ სიმართლეზე ლაპარაკი, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა სცოდნოდათ და მანანას შეცდომის გამო, ლამის უპატიებელი ცოდვის მსხვერპლებად იქცნენ…

სრული ვერსიის ნახვა media.adams.ge