ყოველწლიურად მსოფლიოში 170 ტონა ხიზილალას მიირთმევენ

  • imedinews.ge
  • 14 იანვარი 16:07, 2018 წელი

არცერთი პროდუქტი არ ასოცირდება ფუფუნებასთან ისე, როგორც ზუთხის ხიზილალა. დღეს მსოფლიოში საუკეთესო ხიზილალის მიმწოდებელი არა რუსეთი, არამედ ჩინეთია.

მას ქვეყნის აღმოსავლეთში, ქალაქ სიჩჟოუში აწარმოებენ. კომპანია Kaluga Queen მსოფლიოში ხიზილალის ყველაზე მსხვლი მწარმოებელი კომპანიაა. სტატიას ამის შესახებ გერმანული გამოცემა WirtschaftsWoche Heute აქვეყნებს. 


ტრადიციულად, ბუნებრივი პირობების გამო, ხიზილალის მოპოვების მთავარი ადგილი კასპიის ზღვა იყო, შესაბამისად ხიზილალის წარმოებაზე ასწლეულების განმავლობაში მონოპოლია რუს და ირანელ მეთევზეებს ჰქონდათ. შემდეგ, XIX საუკუნეში ამ დელიკატესის ღირსებები ამერიკელმა ბიზნესმენებმაც აღმოაჩინეს და ხიზილალის იმპორტი ისეთი ძალით გააჩაღეს, რომ გასული საუკუნის მიწურულს ზუთხის ბუნებრივ მარაგებს გაქრობის საფრთხე დაემუქრა.  


დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, წელიწადში 170 ტონა ხიზილალას ( მთლიანი ღირებულება 890 მილიონი დოლარი) მიირთმევენ. ექსპერტების შეფასებით, იმის გამო, რომ აზიაში შეძლებული ადამიანების მაღალი ფენა იზრდება, მომდევნო წლებში ხიზილალის მოხმარება შეიძლება კიდევ 60%-ით გაიზარდოს. მოთხოვნამ მიწოდება შეცვალა და დღეს საუკეთესო ხიზილალის მიმწოდებელი ჩინეთია. 


ძვირფასი ზუთხის გაშენების პირველი მცდელობები ამ ქვეყანაში 1998 წელს იწყება. პეკინმა, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, Chinese Academy of Fishery Sciences-ის ხიზილალის წარმოების ნაციონალური პოტენციალის გაანალიზება დაავალა. ხუთი წლის შემდეგ, ჩინელი მეწარმეების ჯგუფმა დააფუძნა კომპანია Hangzhou Qiandaohu Xunlong Sci-tech (მისი შვილობილი კომპანია გახდა Kaluga Queen-ი). ეს ახალბედა მწარმოებელი 15 წლის განმავლობაში ხარისხის მაჩვენებლებით ლიდერი და ზოგადად მსოფლიო ბაზრის ლიდერი გახდა.       


საწარმო წელიწადში 60 ტონა ხიზილალას აწარმოებს. პარიზში მიშლენის ვარსკვლავის მქონე 27 რესტორნიდან 22 ხიზილალას Kaluga Queen-სგან ყიდულობს, ხოლო 2011 წლიდანკომპანია Lufthansa პირველ კლასში თავის სტუმრებს სწორედ ამ ხიზილალით უმასპინძლდება. გაყიდვების ლიდერი ჰიბრიდის ხიზილალაა, ეგრეთ წოდებული Huso Hybrid. 30 გრამი ასეთი ხიზილალა 210 დოლარი ღირს.



სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge