რუსკა “იმედზე” წავიდოდა თუ “ალ ჯაზირაზე”, რა მნიშვნელობა აქვს?!” - თამარ მაყაშვილი

  • სარკე
  • 11 იანვარი 09:32, 2018 წელი

მსახიობ თამარ მაყაშვილის თეატრალური ცხოვრება დატვირთული არ არის და ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზები აქვს ხოლმე.

"რუსთავი 2"-ზე დაიხურა გადაცემა "რენოვაცია", რომლის ერთ-ერთი წამყვანიც გახლდათ. ამ ყველაფერზე ქალბატონმა თამარმა "სარკესთან" ისაუბრა.


თამარ მაყაშვილი:


– პრაქტიკულად უსაქმურად დავრჩი. თეატრშიც აღარ ვარ. ერთი სპექტაკლი მაქვს დარჩენილი, “ანტიგონე”, რომელსაც ილიაუნის თეატრში ვთამაშობთ. შიგადაშიგ თუ დამიძახებენ რადიო-ტელევიზიაში. როგორც ასეთი, სამსახური არ მაქვს, ამიტომ საქმიანობას სამზარეულოში ვაგრძელებ. ჯერჯერობით კარგი არაფერი გამოჩენილა, მაგრამ ცხოვრება მაინც მშვენიერია. ბავშვებს დავდევ და ვარ არხეინად და ბედნიერად.


- გადაცემა "რენოვაციის" დახურვის შემდეგ ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან არ გისაუბრიათ?
– არავისთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. მე ჩვეულებრივი, დაქირავებული მუშაკი ვიყავი. დამიძახებენ, მივალ და ვიმუშავებ, არ დამიძახებენ, არ მივალ. ჯერ ერთი, ვმუშაობდი პროდაქშენში ხაბურძანია-ჯაფარიძესთან და უფროსობასთან შეხება არ მქონია.


- თუმცა თქვენი გაღიზიანება გამოიწვია ნიკა გვარამიას კომენტარმა თქვენს ქალიშვილ რუსკა მაყაშვილთან დაკავშირებით, როცა ის "რუსთავი 2"-დან კონკურენტ არხ "იმედზე" გადაბარგდა სხვა ცნობილ სახეებთან ერთად. წერდით, რომ ოთხი თვის ორსული რუსკა ხელფასის გარეშე მუშაობდა…


– არ გამიცია პასუხი, ჟურნალისტის ინტერპრეტაცია იყო. მხოლოდ ის ვთქვი, რომ ალბათ თვითონ უფრო კარგად იციან, რა როგორ და რანაირად იყო. არანაირ ხელფასზე ლაპარაკი არ ყოფილა. ვუთხარი, რომ ეს კომენტარი ალბათ რუსოსკენ კი არ იქნებოდა მიმართული, უფრო ზემდგომი ინსტანციებისკენ. უბრალოდ რუსოზე გადატყდა ჯოხი. მეტი არაფერი მითქვამს.


- და მაინც, აუნაზღაურეს რუსკას დავალიანება?


– არ ვიცი. ეს მაგათ უფროსობას უნდა ჰკითხოთ. საერთოდ ჩვევაში არ მაქვს, ეს კითხვა დავსვა. დღემდე არ ვიცი, ჩემს შვილებს ხელფასი რამდენი აქვთ. მე რომ ვმუშაობდი, გარკვეული თვეების განმავლობაში თან მყვებოდნენ და ხელფასი დროულად მერიცხებოდა. იქ ცოტა სხვანაირად იყო.


- რუსკამ "იმედიდან" როცა მიიღო შემოთავაზება, რჩევა არ უკითხავს თქვენთვის?
– ეს კითხვა რუსიკოს ეკუთვნის და არა – მე. არ აპირებდა წასვლას. პროდაქშენი რომ წავიდა, მასაც დაუძახეს და გადავიდა. "იმედზე" წავიდოდნენ თუ "ალ ჯაზირაზე", ამას რა მნიშვნელობა აქვს?! თუ მას გუნდის წევრად თვლიან, ყველგან წაიყვანენ, ამიტომ, რასაკვირველია, გაჰყვა. ვიზაჟისტით დაწყებული გამნათებლით დამთავრებული, ყველა ერთი გუნდია და თუ გუნდის წევრი ხარ, ყველგან მათთან ერთად უნდა იყო, რომელ არხზე იქნები, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მაგალითად, ჩემთვის სულ ერთია.

წყარო: სარკე