ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა იანვრიდან სავალდებულო გახდება

  • pia.ge
  • 1 იანვარი 20:09, 2018 წელი

წელს ფორმა N3 რეცეპტის ქაღალდის მატარებელი ელექტრონული ფორმით შეიცვლება.
 

რეფორმა პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით განხორციელდება, ეტაპობრივად კი მთელს საქართველოს მოიცავს.


პროექტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კლინიკების წარმომადგენლებს გააცნო. მინისტრის განცხადებით ეს იქნება სელექციური კონტრაქტირების კიდევ ერთი კრიტერიუმი. "სამინისტრო ხელშეკრულებას გააფორმებს მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვებიან".


ჯანდაცვის სამინისტროს ამ რეფორმას უკვე შეუერთდა სამედიცინო კორპორაცია ევექსი.


პროექტის ფარგლებში ყველა მსხვილი ქსელური ფარმაცევტული კომპანიისა და 15-მდე კერძო აფთიაქის წარმომადგენლები გაეცნენ ელ-რეცეპტების სისტემას. ტრენინგი თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტ ექიმს ჩაუტარდა. შეიქმნა სახელმწიფო ელ-რეცეპტების სისტემის გამოყენების ელექტრონული და ვიდეოინსტრუქციებიც.


დაიხვეწა ელ-რეცეპტების ელექტრონული სისტემა და გახდა მეტად მორგებული მომხმარებელზე. ექიმებისთვის ტრენინგის ჩატარება დაგეგმილია რეგიონებშიც.


დღეისათვის ელექტრონული რეცეპტების სახელმწიფო სისტემაში თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტი ექიმი და 500-მდე სააფთიაქო დაწესებულებაა რეგისტრირებული.


ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ელექტრონული ჯანდაცვის დანერგვის მიმართულებით. ბავშვზე ზრუნვის პროგრამები, რომლებსაც სოციალური მომსახურები სააგენტო ახორციელებს ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო ჩანაწერების ელექტრონულ მოდულზე, რაც ამ ასაკობრივი ჯგუფის ზრდისა და განვითარების მიმართულებით მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge