ტრამპი ირანში აქციების მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებს

  • pia.ge
  • 1 იანვარი 19:14, 2018 წელი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში მიმდინარე აქციების მონაწილეებს მხარს უჭერს. ამის აშშ-ის ლიდერმა Twitter-ზე დაწერა.

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანის ხელისუფლებამ წარმატებას ვერ მიაღწია, ხალხმა კი უკეთესი ცხოვრება დაიმსახურა.


"ირანელი ხალხი მრავალი წლის განმავლობაში განიცდის რეპრესიებს, ირანელებს საკვები და თავისუფლება სურთ. მიმდინარეობს ირანის სიმდიდრის მიტაცება, ირღვევა ადამიანის უფლებები", – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.


აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ირანში ცვლილებების დროა.


ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 12 ადამიანი დაიღუპა. აქციის მონაწილეები ირანში ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობენ, ასევე ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან.


საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეებიც პროდუქტებზე გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ, ოთხი დღის წინ ქალაქ მაშჰადში დაიწყო და შემდეგ რამდენიმე დიდი ქალაქი მოიცვა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge